დაფიქსირდა უჩვეულო ელვა, რომელიც ქვემოდან ზემოთ მიემართება — რა ვიცით ამ ეტაპზე
როგორც წესი, ელვა ციდან დედამიწის ზედაპირისაკენ მოემართება, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზოგჯერ იგი ღრუბლებიდან ცის მიმართულებითაც ჩნდება ხოლმე და სტრატოსფეროში ელექტრობის უზარმაზარი ლურჯი ნაკადის სახით იჭრება. ფენომენის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი; მისი პროგნოზირება და დანახვა რთულია, რადგან ავდრის ღრუბლების ზემოთ იჩენს თავს.
ოკლაჰომაში 2018 წელს მომხდარი შტორმის დროს ერთ-ერთი ასეთი ნაკადი დაფიქსირდა, მეცნიერი მოქალაქის მიერ ჩაწერილი მკაფიო კადრებისა და სხვა ინსტრუმენტებით შეგროვილი მონაცემების საფუძველზე კი მკვლევრებმა იგი სამ განზომილებაში დეტალურად შეისწავლეს. ნაშრომი ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
შეგროვილი მონაცემების მიხედვით, ნაკადი მართლაც უზარმაზარი იყო: იგი მიწიდან დაახლოებით 8 კილომეტრზე მდებარე ღრუბლებიდან ათჯერ დიდ სიმაღლეზე გავრცელდა — თითქმის კარმანის ხაზამდე, სადაც, პირობითად, დედამიწის ატმოსფერო მთავრდება და კოსმოსი იწყება.
ასევე იხილეთ: სად მთავრდება დედამიწა და იწყება კოსმოსი — ყველაფერი, რაც კარმანის ხაზზე უნდა ვიცოდეთ
პროცესში მან ატმოსფეროს ზედა ნაწილში 300 კულონი ელექტრული მუხტი აიტანა მაშინ, როცა ღრუბლიდან ღრუბლისთვის ან ღრუბლიდან მიწისთვის გადაცემულ ელვას მხოლოდ და მხოლოდ 5 კულონი გადააქვს.
გუნდმა დაადგინა ისიც, რომ ელვის ლიდერები — იონიზებული აირის არხები, რომლებთან ერთადაც ნათების ხილვა შეგვიძლია — ძალიან ცხელი იყო, 4700 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის. მეორე მხრივ, პლაზმის შედარებით პატარა ე.წ. სტრიმერები გაცილებით ცივი გახლდათ, 200 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურისა.
ზემოხსენებული სტრიმერები ზუსტად ღრუბლის ზედა ნაწილიდან გავრცელდა და ქვედა იონოსფეროსაკენ გადაადგილდა, რომელიც მიწიდან დაახლოებით 80 კილომეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს იონოსფეროსა და ღრუბელთა ზედაპირებს შორის ელექტრულ კავშირს წარმოქმნის, უარყოფით მუხტს კი წამში ათასობით ამპერი სიჩქარით გადასცემს.
სხვადასხვა ინსტრუმენტით დადასტურდა, რომ ნაკადის ოპტიკური კომპონენტი ღრუბლის ხილვად ნაწილთან შედარებით ახლოს რჩებოდა, დაახლოებით 15-20 კილომეტრზე. მეორე მხრივ, ძალზე მაღალი სიხშირის (VHF) ემისია გაცილებით მაღლა, 22-45 კილომეტრზე, შენიშნეს.
მიუხედავად ამისა, მაინც არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. ჯერაც უცნობია, რატომ მიდის ნაკადები ზევით, როცა ელვა, როგორც წესი, ქვემოთ ან გვერდითაა ხოლმე მიმართული. მკვლევრების აზრით, მას რაღაც ბლოკავს და დაბლა ან სხვა ღრუბლებისკენ მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.
მართალია, ოკლაჰომის შტორმი იმ ტიპისა არ ყოფილა, როგორი შტორმებიც ამგვარ ნაკადებთან ასოცირდება, თუმცა იგი დიდ სიმაღლეზე, წლის უჩვეულო დროს მოხდა, ფენომენი კი შესაძლოა, სწორედ ამან ახსნას. უზარმაზარი ნაკადის წარმოშობამდე ძალიან მცირე მასშტაბის ქვემოთ მომართული ელვაც შეინიშნებოდა.
სავარაუდოდ, დამატებითი ინფორმაცია სამომავლო ნაკადებზე დაკვირვებების შედეგად გახდება ცნობილი.
კომენტარები