გოგო, რომელიც გაიყინა, მაგრამ მაინც გადარჩა — ჯინ ჰილიარდის უჩვეულო სამედიცინო შემთხვევა
მინესოტაში 1980 წელს, ახალი წლის წინა დღეს, დილით, უოლი ნელსონი თავისი კარიდან რამდენიმე მეტრში მწოლიარე მეგობარს წააწყდა.
19 წლის ჯინ ჰილიარდი ღამით, წვეულების შემდეგ, მშობლების სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მანქანა გაუფუჭდა. თბილი პალტოს, ხელთათმანებისა და კოვბოის ჩექმების ამარა დარჩენილს მოუწია, მეგობრის დახმარებას -30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაში დალოდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ამასობაში ჰილიარდმა ფეხი რაღაცას წამოსდო, დაეცა და გონება დაკარგა. გოგო რამდენიმე საათის განმავლობაში იწვა სიცივეში, რის შედეგადაც იგი გაქვავებამდე გაიყინა.
"საყელოზე მოვქაჩე და პარმაღისკენ გადავაადგილე", — რამდენიმე წლის შემდეგ განაცხადა ნელსონმა მინესოტას საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში — "მკვდარი მეგონა. გახევებული იყო, თუმცა დავინახე, რომ ცხვირიდან რამდენიმე ბუშტულა გამოსდიოდა".
ნელსონის სწრაფი რეაგირება რომ არა, დიდი ალბათობით, ჰილიარდი იმ ათასობით ადამიანს შეუერთდებოდა, რომლებიც ჰიპოთერმიით ყოველწლიურად იხოცებიან. ნაცვლად ამისა, გოგოს გამოცდილებამ სამედიცინო ცოდნასა და მეცნიერულ ცნობისმოყვარეობას კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა შემატა.
როგორ შეიძლება გადარჩეს ადამიანი სრულად გაყინვის შემდეგ?
მართალია, ესოდენ დაბალ ტემპერატურაზე გადარჩენის შემთხვევები უჩვეულოა, თუმცა არც მთლად იშვიათად ხდება. მედიცინის მუშაკებს მსგავსი გამოთქმაც კი აქვთ: "არავინაა მკვდარი მანამ, სანამ გამთბარი არ იქნება მკვდარი".
იმის გაცნობიერება, რომ მწვავე ჰიპოთერმია სიცოცხლის დასასრულს იმთავითვე არ მოასწავებს, თავად თერაპიის საფუძველი გახდა. კონტროლირებად პირობებში სხეულის ტემპერატურის შემცირებას მეტაბოლიზმის შენელება და ჟანგბადისადმი სხეულის დაუოკებელი ლტოლვის შემსუბუქება ძალუძს.
ამასთანავე, სამედიცინო პირობებში (ანდა სადმე სხვა იშვიათ შემთხვევაში) სხეულის გაციებას სიკვდილის მთლიანი პროცესის შენელება შეუძლია თუნდაც იმდენი ხნით, რომ ორგანიზმი სუსტ პულსს გარკვეული დროით მაინც გაუმკლავდეს.
მეორე მხრივ, ჰილიარდის შემთხვევა ექიმებმა შემდეგნაირად აღწერეს: მისი სხეულის ტემპერატურა 27 გრადუს ცელსიუსს, ნორმალურ ტემპერატურაზე 10 ერთეულით ნაკლებს, ძლივს შეადგენდა; სახე გაფითრებული იყო, თვალები — გაქვავებული, კანი კი — იმდენად გამაგრებული, რომ მასში ნემსის შერჭობაც კი შეუძლებელი გახლდათ. ჯორჯ სატერმა, გოგოს მკურნალმა, მისი სხეული საყინულიდან გამოღებულ ხორცსაც კი შეადარა.
სულ რამდენიმე საათში გამათბობელი საფენების წყალობით ჰილიარდი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. შუადღისთვის მას უკვე ლაპარაკიც შეეძლო, გაბუჟებული და დახეთქილი ფეხის თითების მქონე კი მალე საავადმყოფოდანაც გაწერეს.
სამეცნიერო ახსნა
მართალია, გოგოს ოჯახმა და მეგობრებმა მოვლენა "ღვთის წყალობად" აღიქვეს, თუმცა ეს ყველაფერი ბიოლოგიურად შეიძლება აიხსნას.
ბევრი სხვა ნივთიერებისგან განსხვავებით, წყალი გაყინულ მდგომარეობაში უფრო დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე თხევადში. ეს სხეულის ქსოვილებისათვის საზიანოა, ვინაიდან შესაძლოა, თხევადი შიგთავსის გაფართოებამ თავისი "სათავსის" გარღვევა გამოიწვიოს.
არასწორ ადგილას მყოფ რამდენიმე გზააბნეულ ყინულის კრისტალსაც კი შეუძლია, ნემსისებრი წვეტით უჯრედის მემბრანები გახიოს. ამ დროს კანისა და კუნთის უჯრედების ხოცვის შედეგად შავი ლაქები ჩნდება. ზემოხსენებულ მოვლენას მოყინვას უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ ყინულის კრისტალების საფრთხის თავიდან ასაცილებლად რიგი ადაპტაციები არაერთ სახეობას განუვითარდა. მაგალითად, ზღვის სიღრმეებში მობინადრე სახეობა Chaenocephalus aceratus ბუნებრივი ანტიფრიზის სახით გლიკოპროტეინებს წარმოქმნის.
მეორე მხრივ, ხის ბაყაყი სხეულს გლუკოზით ივსებს და თავისი უჯრედების შიგნეულობას სიროფად აქცევს, რაც გაყინვასა და დეჰიდრატაციას აბრკოლებს. უჯრედებს გარეთ წყალი თავისუფლად მყარდება, ქსოვილებს ყინული ფარავს და შედეგად ერთი შეხედვით ბაყაყის ფორმის ყინულს იძლევა.
მაშინ, როცა გარეგანი დაკვირვების გარდა ხელთ ბევრი არაფერი გვაქვს, რთულია იმის თქმა, თუ რამ იხსნა ჰილიარდის სხეული გაყინვის შემდეგ. მისი ორგანიზმის ქიმიაში ხომ არ იყო რაიმე უნიკალური? იქნებ ქსოვილების რაიმე თავისებურებასთან გვქონდა საქმე?
ეს ყველაფერი გამორიცხული სულაც არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში თავად სიტყვა "გაყინულის" მნიშვნელობა უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ჰილიარდის სხეულის ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო, იგი ყინვას მაინც ბევრად აღემატებოდა.
ჰილიარდის სხეულის გამყარება, რეალურად, მწვავე ჰიპოთერმიის გავრცელებული სიმპტომია. ამ დროს კუნთები იმდენად რიგიდული ხდება, რომ შეიძლება, გვამურ გაშეშებასაც (სიკვდილის შემდგომ სხეულის გაშეშება) კი წააგავდეს.
გასაოცარი ნაკლებადაა ისიც, რომ გოგოს სხეული ცივი და თეთრი იყო, თვალები კი შუშისებრი და გაქვავებული ჩანდა — ორგანოთა ფუნქციონირების შესანარჩუნებლად სხეული კანქვეშ სისხლძარღვებს არხებს უბლოკავს, შედეგად კი სხეული ფითრდება და შეხებისას შესამჩნევად ცივი ხდება.
ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია იმისა, ჩვეულებრივი იყო ჰილიარდის გაყინული სხეული თუ უჩვეულოდ უნიკალური, რომ მდგომარეობის ესოდენ ინტენსიურ ცვლილებას გაუძლო, თუმცა უეჭველია — გოგოს მართლაც ძალიან გაუმართლა.
რაც მეტს ვიგებთ ადამიანის სხეულისა და მისი გასაოცარი შესაძლებლობების შესახებ, მით ნაკლებია შანსი იმისა, რომ სამომავლოდ მსგავს სიტუაციებში უბრალოდ გამართლებას დავეყრდნობით, მეტად კი — მედიცინის განვითარებასა და სწრაფ რეაგირებას.
კომენტარები