ტვინის იმპლანტების ეპოქა სულ უფრო გვიახლოვდება — რა ვიცით და რას ველოდებით
Synchrone-მა ტვინის იმპლანტი (BCI) ამერიკის მოქალაქეს ჩაუყენა და ამით ილონ მასკის Neuralink-ს დაასწრო. რა იქნება შემდეგ?
თომას ოქსლის, ერთი მხრივ, მოსწონს სერიალი "შავი სარკე", აფასებს მის მიმზიდველობას, თუმცა, მეორე მხრივ, აკრიტიკებს იმაში, რომ ის ადამიანის დისტოპიური მომავლის სათავეშია.
ოქსლი არის Synchron-ის CEO, კომპანიის, რომელიც ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისს (BCI), სხვაგვარად — ნეირონულ ინტერფეისს ქმნის. ეს მოწყობილობა იღებს თქვენი ტვინიდან მომავალ სიგნალებს და აკონვერტირებს მათ ბრძანებებში, რომელთაც მოქმედებაში მოჰყავთ რობოტის ხელი ან ეკრანის კურსორი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტვინში ჩაშენებული ნეირონული იმპლანტი ასრულებს მნიშვნელოვანი შუამავლის როლს გონებასა და კომპიუტერს შორის. ერთ დღესაც, უამრავი ადამიანი ამ ტექნოლოგიის დახმარებით სხვადასხვა მოწყობილობის მართვას მხოლოდ გაფიქრებით შეძლებს.
6 ივლისს აშშ-ში, ნიუ-იორკის კლინიკაში, პირველ პაციენტს ჩაუნერგეს Synchron-ის იმპლანტი. აღნიშნულმა პაციენტმა, რომელმაც ამეოტროფული გვერდითი სკლეროზის (პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ნერვულ უჯრედებს აზიანებს) გამო დაკარგა მოძრაობისა და ლაპარაკის უნარი, ისურვა, რომ მისი ვინაობა იყოს ანონიმური, რაგან არ სურს, ხელსაწყოს დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენამდე, მის რეკლამაში მიიღოს მონაწილეობა.
ასევე იხილეთ: Synchron-მა აშშ-ში ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა ჩაატარა
მოწყობილობა პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი კომპიუტერის მაუსით მისწერონ ექიმს, ონლაინ იშოპინგონ ან ელ. ფოსტა გაგზავნონ. დღეს ციფრული სამყარო ადამიანის არსებობის ყველა სფეროშია და ყველა ტიპის სერვისს გვთავაზობს — "მაგრამ მათ გამოსაყენებლად, თქვენი თითები გჭირდებათ", — თქვა ოქსლიმ. ამერიკაში მცხოვრები 5.6 მილიონი ადამიანისთვის, რომელთაც სხვადასხვა ფორმის პარალიზი სჭირთ, ამ სერვისებზე წვდომა შეზღუდულია.
ადამიანთა დიდმა ნაწილმა ნეირონული ინტერფეისის ტექნოლოგიის შესახებ ილონ მასკის BCI კომპანია — Neuralink-იდან შეიტყო. თუმცა, ტვინის იმპლანტები ამ კომპანიის ინოვაცია ნაკლებადაა. ეს ტექნოლოგია უკვე ათწლეულებია არსებობს და მას სხვადასხვა კლინიკური ცდის პირობებში იყენებენ. მაგრამ Synchron-ის პროდუქტისგან განსხვავებით ყველა სხვა BCI, რომელიც კი ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა კლინიკური ცდებისთვის, ინვაზიურია და ტვინში ელექტროდების იმპლანტაციისთვის მოითხოვს თავის ქალის გაჭრას. "ეს ძალიან ინვაზიური მეთოდია; ეს არ არის რაღაც, რასაც მშვიდად, ხალისით იზამ — ნუ, თუ უცნაური რაღაცები არ გიზიდავთ", — თქვა კონრად კორდინგმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა.
Synchron-ის ხელსაწყოს ინოვაციურობა ისაა, რომ ქირურგებს არ დასჭირდება თავის ქალის გაჭრა, რაც პროცესს ნაკლებად ინვაზიურს ხდის და რისკებიც მცირდება. ხელსაწყო, რომელსაც Stentrode ჰქვია, პულტის ბატარეას ზომისაა. მისი იმპლანტაცია ენდოვასკულარულად ხდება, ანუ სისხლძარღვის მეშვეობით მას ათავსებენ ტვინში, მოტორული კორტექსის რეგიონში, რომელიც მოძრაობას აკონტროლებს. კისერში საუღლე ვენიდან კათეტერის მეშვეობით ქირურგებს ის ტვინში ააქვთ, სადაც კათეტერის მოშორების შემდეგ ხელსაწყო იშლება და ემაგრება სისხლძარღვის კედელს. დღეს ნეიროქირურგთა უმეტესებამ იცის ამ ოპერაციისთვის საჭირო ბაზისური ტექნიკა, ამიტომ გართულების რისკები დაბალია და პაციენტის სახლში გაწერა იმავე დღესაა შესაძლებელი. "და ეს მართლაც დიდი ინოვაციაა", — ამბობს კორდინგი.
Synchron-ის პროდუქტის დამტკიცების ფაზები
Synchron სწრაფად ვითარდება. 2020 წლის აგვისტოში Synchron გახდა პირველი კომპანია, რომელმაც FDA-სგან მიიღო უფლება, რომ საკუთარი ხელსაწყო (პერმანენტულად, სამუდამოდ იმპლანტირებული BCI) რეალურ კლინიკურ ცდებში გამოსცადოს. ოქსლის თქმით, ამის მისაღწევად მათ 5 წლის მანძილზე "ძალიან ბევრი შრომა გასწიეს". კლინიკური ცდებისას იმპლანტი 4 ავტრალიელს გადაუნერგეს, რომლებმაც ის 12 თვის განმავლობაში უსაფრთხოდ გამოიყენეს. ეს ტვინის იმპლანტის გამოყენების ყველაზე დიდი დროა.
კომპანიის ხელსაწყო ახლა გადის უსაფრთხოებისა და ქმედითობის შემოწმების ფაზას — მოწმდება, შეიძლება თუ არა პროცედურა სხვადასხვა ტიპის პაციენტებზე ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდეს. კლინიკური ცდა ასევე ადგენს, რამდენად დიდი და მასშტაბურია იმპლანტი, ანუ შესაძლებელია მისი ყველა ადამიანის ტვნიში ჩაყენება თუ არა. Synchron-ის გეგმის მიხედვით კი, 2022 წლის ბოლომდე კომპანიას სურს, იმპლანტი 15 პაციენტს ჩაუნერგოს.
შემდეგი ეტაპი არის საპილოტე, რომლის დროსაც ტექნოლოგია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მან მომხმარებლის ცხოვრების ხარისხი. ეს გულისხმობს ასევე კონსულტაციას პაციენტთან, რათა გაირკვეს რა მოლოდინები აქვს მას ამ მოწყობილობისგან. თუ ის ამ ეტაპსაც გაივლის, მაშინ კომპანია მიმართავს FDA-ს, რომ ხელსაწყო Medicare-ის, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში იყოს ხელმისაწვდომი. ამრიგად, თუ ყველაფერი გეგმისმიერად ჩაივლის, ხელსაწყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება იმპლანტის ფასს, როგორც ოქსლიმ თქვა, მას "მანქანის ფასი ექნება" (თუმცა რა მანქანის, ჯერ არ დაუკონკრეტებია).
ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური რისკები
ცხადია, როგორც კი ეს ტექნოლოგია ბაზარზე მოხვდება, წამოიჭრება ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური რისკები. ხელსაწყოს საკვანძო კომპონენტია ნეირონული მონაცემები, რომელიც, თავის მხრივ, საკმაოდ სენსიტიური რამაა. ბუნებრივია, იბადება კითხვები: რამდენი ხნის მანძილზე შეინახება ეს მონაცემები? გამოიყენებენ თუ არა მას მოწყობილობისგან განსხვავებული მიზნებით? ვინ ფლობს მონაცემებს?
"თუ ეს არის კერძო კომპანია, რომელსაც მონაცემებში კომერციული ინტერესი აქვს, მაშინ არსებობს რაღაც რისკები, თუ ეს მონაცემები მონოპოლიზებულია?" — ამბობს ჯენიფერ ჩენდლერი, ოტავას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, რომელიც ტვინის, მეცნიერების, სამართლისა და ეთიკის კვეთას სწავლობს. რა ხდება თუ კომპანია ბანკროტდება — ინარჩუნებენ პაციენტები ამ ხელსაწყოებს? და თუ მათ მისი ამოღება სურთ, კომპანია გადაიხდის ამის საფასურს? მიუხედავად ამ კითხვებისა, სხვადასხვა ეთიკური საკითხები არ უნდა აფერხებდნენ ტექნოლოგიის წინსვლას, ამბობს ჩენდლერი. "ჩემი აღქმა შემდეგია: გაითვალისწინეთ ყველა რისკი, გამოწვევა, ადრევე მოაგვარეთ ისინი და ამასთან ერთად მიიღეთ სარგებელიც".
BCI-ის სფეროში მზარდ კონკურენციას აქვს პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები, ამბობს იან ბურხართი, რომელსაც BCI-ის იმპლანტი რამდენიმე წლის წინ ჩაუყენეს, როდესაც ზურგის ტვინის დაიზანების შემდეგ მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა ჰქონდა დაკარგული. ის ასევე ხელმძღვანელობს BCI-ის პიონერთა კოალიციას, BCI-ის მომხმარებლების კოლექტივს, რომელშიც ისინი ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ. კომპანიებს სურთ, რომ რაც შეიძლება მალე გავიდნენ ბაზარზე და ამიტომ ყველაფერს სწრაფად აწყობენ და ამზადებენ. ისეთმა დიდმა სახელებმა, როგორიც ილონ მასკია, ამ სფეროს ყურადღება განსაკუთრებით გაზარდა. "თქვენ გინდათ, დარწმუნებულნი იყოთ, რომ ყველაფერი სწორად კეთდება", — ამბობს ბურხართი. "ამ კომპანიებს მცირედი კეთილსინდისიერება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი საქმე სწორი მიზნისთვის გააკეთონ".
შშმ თემს ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ BCI-ს გარშემო ატეხილ ამ მთელს აჟიოტაჟს რეალურად შედეგი არ მოჰყვება. კიდევ ერთი რამ, რაც ბურხართს აწუხებს, არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ იმუშავებს მოწყობილობა ადამიანის ტვნიში დიდი ხნის მანძილზე. Synchron-ის იმპლანტის ჩაყენება პერმანენტულად ხდება, რაც, ოქსლის აზრით, აუცილებელია მისი რენტაბელურობისთვის. მაგრამ ზუსტად ეს ფაქტორია, ბურხართის აზრით, ის, რაც ზოგიერთ მომხმარებელს თავს შეაკავებინებს.
ოქსლი გეგმავს, ყოველწლიურად მილიონი იმპლანტი გამოუშვას. დაახლოებით ამდენივე სტენტის და გულის სტიმულატორის იმპლანნტირება ხდება ყოველწლიურად. თუმცა, მისი აზრით, ეს გეგმა 15-20 წელიწადში განხორციელდება. ოქსლი ასევე ითვალისწინებს ამ ტექნოლოგიის გარშემო გაჩენილ შიშებსა თუ ეჭვებს. "რაც მინდა, რომ სამყარომ გაიგოს, არის ის, რომ ეს ტექნოლოგია ბევრ ადამიანს დაეხმარება", — ამბობს ის. "არის საუბრები იმ შესაძლო ნეგატიურ ასპექტებზე, რომლებიც ამ ტექნოლოგიას აქვს ან შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ხალხს ეს ხელსაწყო სჭირდება და თან სჭირდება ახლა".
საგულისხმოა, რომ Synchron მეტად ადამიანთა სამედიცინო საჭიროებების გადაჭრას ისახავს მიზნად, ილონ მასკის Neuralink-ის გეგმაში კი ნეირონული ინტერფეისის მასობრივი მოხმარების პროდუქტად ქცევაა. ეს კიდევ უფრო მეტ დილემას აჩენს, თუმცა, ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ Synchron მისი მიზნების მიღწევასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე Neuralink.
კომენტარები