29 ივნისს დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ყველაზე სწრაფად შემობრუნდა — რას ნიშნავს ეს
2022 წელს დედამიწამ ყველაზე მოკლე დღე-ღამის რეკორდი დაამყარა — დედამიწის ბრუნვისა და საცნობარო სისტემების საერთაშორისო სამსახურის (IERS) მონაცემებით, 2022 წლის 29 ივნისს, ოთხშაბათს, დღის ხანგრძლივობა 24 საათზე 159 მილიწამით მოკლე იყო. მას შემდეგ, რაც დედამიწის ბრუნვის ტემპის გასაზომად მეცნიერებმა ატომური საათების გამოყენება დაიწყეს, ეს ყველაზე ხანმოკლე დღეა.
როგორც წესი, თავისი ღერძის გარშემო დედამიწა 24 საათში ერთხელ ტრიალდება. მიუხედავად ამისა, დღის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, რომელთაც მისი შემოკლება ან დაგრძელება შეუძლია.
ზოგადად, მთვარესა და დედამიწას შორის არსებული მოქცევითი ძალები დღეს წელავს და მას ხანგრძლივობას მატებს. ამასთანავე, ყოველ ას წელიწადში ერთხელ დედამიწას რამდენიმე მილიწამით მეტი სჭირდება ბრუნის შესასრულებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ იცვლება პლანეტისა და ატმოსფეროს შინაგან მოძრაობის ხანგრძლივობა ისევე, როგორც ჩვენი სატელიტების.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დღის ხანგრძლივობა მცირდება — 2020 წლიდან მოყოლებული დედამიწამ სიჩქარის არაერთი რეკორდი მოხსნა. მეტიც, ამ წელს პლანეტაზე 28 უმოკლესი დღე დათვალეს 1960-იანი წლების შემდეგ.
ამის გამომწვევი მიზეზები ზუსტად არავინ იცის, თუმცა ერთ-ერთი ვარაუდი ბრუნვის ღერძის ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დიდად არ მერყეობდა.
ასევე იხილეთ: დედამიწის ბრუნვის ტემპი ჩქარდება — რას ნიშნავს ეს
შესაძლოა, პლანეტის კომპლექსური მოძრაობების გაგებამ დიდი დრო წაიღოს, მით უმეტეს, თუ ისინი ხანგრძლივ ციკლებს უკავშირდება. საბედნიეროდ, ამგვარ ცვლილებათა უმეტესობა უმნიშვნელოა. იმ შემთხვევაში, თუკი თვეებისა თუ წლების განმავლობაში ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა განსხვავება დაგროვდება, შესაძლოა, ოფიციალურ თარიღსა და დროს ნახტომი წამი დაემატოს.
მიუხედავად იმისა, რომ დროის შესანარჩუნებლად ეს მეთოდი საკმაოდ გამოსადეგია, მას ინტერნეტ გიგანტები Facebook, Google, Amazon და Microsoft აკრიტიკებენ, რადგან დამატებით წამს ზოგჯერ კომპიუტერული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ჩაშლა შეუძლია.
დროს ნახტომი წამი ბოლოს 2016 წლის 31 დეკემბერს დაემატა. ამჟამად მსგავსი არაფერი იგეგმება.
კომენტარები