"კოლექტიური ქმედება ან კოლექტიური სუიციდი" — გაეროს გენერალური მდივანი კლიმატის ცვლილების შესახებ
ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ხანძრები, გვალვა და სითბური ტალღები დაფიქსირდა, მათ შორის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ყველაფრის უკან ადამიანთა სამრეწველო საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება დგას, რომელიც სულ უფრო და უფრო შეუქცევად სახეს იღებს.
სიტუაციის სიმწვავეს ახლახან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმაც გაუსვა ხაზი და 40 ქვეყნის მინისტრს დაუყოვნებლივი ქმედებისკენ მოუწოდა.
"არჩევანი გვაქვს, კოლექტიური ქმედება ან კოლექტიური სუიციდი. ყველაფერი ჩვენს ხელთაა", — განაცხადა მან.
გუტერეშმა სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელს პიტერსბერგის კლიმატის დიალოგის სახელით ცნობილი კონფერენციის ფარგლებში მიმართა, რომელიც ბერლინში იმართება. ის ამინდზე, წიაღისეულ საწვავზე, საკვების ფასებსა და სხვა საკითხებზეა ორიენტირებული, რომლებიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება და გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ყველას გვეხება.
"კაცობრიობის ნახევარი სახიფათო ზონაშია, რაშიც წყალდიდობები, გვალვა, ექსტრემალური შტორმები და ხანძრები მოიაზრება. ამის მიმართ იმუნური არცერთი ქვეყნის მოსახლეობაა, თუმცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების გაღრმავებას კიდევ ვაგრძელებთ", — ამბობს ის.
გუტერეში აღნიშნავს იმასაც, რომ კლიმატის ცვლილებაში ყველაზე დიდი წვლილი განვითარებულ სახელმწიფოებს შეაქვს, მაგრამ კრიზისი უფრო მეტად ეკონომიკურად დაბალ დონეზე მყოფ ქვეყნებს ემუქრება, რაც, მისი აზრით, უსამართლობაა.
ზემოხსენებული ღონისძიება ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები ერთ აზრზე შეჯერდნენ, სანამ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP27 გაიმართება, რომელიც ეგვიპტეში ნოემბერშია ჩანიშნული.
კომენტარები