ბნელი მატერიის უმძლავრესი დეტექტორის პირველი ცდის შედეგები ცნობილია — რას მიაგნეს მეცნიერებმა?
ბნელი მატერია მატერიის ჰიპოთეზური ფორმაა, რომელიც სამყაროს 85 პროცენტს უნდა შეადგენდეს. ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენ გარშემო არსებული კოსმოსის შემადგენელი უდიდესი ნაწილია, თუმცა უხილავია, რადგან ელექტრომაგნიტურ ველთან არ ურთიერთქმედებს. შესაბამისად, არ გამოყოფს, შთანთქავს და ირეკლავს ელექტრომაგნიტურ რადიაციას.
აქედან გამომდინარე, ამ იდუმალ სუბსტანციაზე დაკვირვება ძალიან რთულია, თუმცა სწორედ ამას ცდილობს მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე დეტექტორი, ლუქს-ზეპლინის ექსპერიმენტი (LZ). ის რამდენიმე ავზისგან შედგება, რომელიც თხევადი ქსენონითაა სავსე და მიწისქვეშაა განლაგებული, რათა ფონურმა ხმაურმა ბნელი მატერიის ნაწილაკების დაფიქსირებას არ შეუშალოს ხელი. თუ რომელიმე მათგანი ქსენონის ატომს დაეჯახება, ეს უეცარ ანთებას გამოიწვევს, სინათლის მახასიათებლებზე დაკვირვებით კი წყაროს გამოვლენაა შესაძლებელი.
დეტექტორი პირველად ახლახან, 25 დეკემბრიდან 16 მაისამდე პერიოდში გამოცადეს, ხოლო ცოტა ხნის წინ შედეგები საზოგადოებას წარუდგინეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ლოდინს, ასევე, სასიამოვნო დამთხვევას მოითხოვს. მსგავსი ნაწილაკები ჩვეულებრივ მატერიასთან იშვიათად ურთიერთქმედებს და როცა ეს ხდება, ძალიან მგრძნობიარე მოწყობილობა უნდა გვქონდეს ხელთ, როგორიც LZ-ა.
მან 60 დღის განმავლობაში საერთო ჯამში 335 ანთება დააფიქსირა, თუმცა ბნელი მატერიით არცერთი მათგანი იყო განპირობებული. სამაგიეროდ, ეს სადებიუტო ექსპერიმენტი მეცნიერთა გუნდს ნაწილაკთა მასების დადგენაში დაეხმარება, რაც სამიზნე ობიექტთა პარამეტრებს დააზუსტებს და მათ აღმოჩენას გაამარტივებს.
დეტექტორმა 1 000 დღე უნდა იმუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 20-ჯერ მეტ მონაცემს მოვიპოვებთ და ყოველ მომდევნო ცდას წარმატების უფრო მეტი შანსი ექნება. ასე რომ, მკვლევრები სამომავლო ექსპერიმენტებს იმედით ელიან.
კომენტარები