იელის მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია ღვიძლს ტვინისა და ქცევების კონტროლი
ეს ახალი კვლევა ამყარებს აზრს, რომ ტვინის გასაგებად მარტო ტვინის შესწავლა არ კმარა
იელის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თირკმელი დიდ როლს თამაშობს თაგვების კვებით ქცევაში. ეს არის აღმოჩენა, რომელიც შეიძლება პანაცეად იქცეს იმ ადამიანთათვის, რომლებსაც კვებითი აშლილობები ან მეტაბოლიზმთან დაკავშირებული დაავადებები აქვთ. კვლევა, რომელიც გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩატარდა, აჩვენებს, რომ ტვინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, ცერებრალურ კორტექსზე, სხვა ორგანოებიც ახდენენ გავლენას.
"კარგი დასკვნა, რაც ამ კვლევიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, ისაა, რომ ტვინის კლასიკური შესწავლა, რაც მხოლოდ ტვინზე დაკვირვებას გულისხმობდა, მოძველებულია და არ იძლევა მთელს სურათს", — ამბობს თამას ჰორვათი, იელის მედიცინის სკოლის შედარებითი მედიცინის პროფესორი.
ექსპერიმენტების შედეგად მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა ერთგვარი სქემა, რომლითაც ტვინი და ღვიძლი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ერთმანეთს აკონტროლებენ. ამ კავშირს უზრუნველყოფენ, ერთი მხრივ, ჰიპოთალამუსში არსებული ნეიროპეპტიდები AgRP და, მეორე მხრივ, ღვიძლის მიერ გამოყოფილი ლიპიდი LPC.
AgRP ნეირონები, რომლებიც კავშირში არიან ცერებრალურ კორტექსტთან, რომელიც თავის მხრივ ასოცირებულია კომპლექსურ ქცევებთან და შესაძლებლობებთან, მნიშვნელოვანნი არიან შიმშილის გრძნობის გამოწვევაში. ეს ნეირონები სხეულის სხვა ნაწილებთანაც, მაგალითად, ღვიძლთან და პანკრეასთანაც არიან დაკავშირებულნი; როდესაც ადამიანს შია, ეს ნეირონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის ცხიმის მარაგებიდან ლიპიდების გამოყოფაში.
როგორც კი LPC გამოიყოფა, სისხლში არსებული ფერმენტი მას მჟავად LPA-ად აქცევს, რომელიც ტვინში ნეირონულ აქტივობას ასტიმულირებს.
კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შიმშილობის შემდეგ თაგვების როგორც სისხლში, ისე თავზურგტვინის სითხეში LPA იყო საკმაოდ მაღალი. ამ უკანასკნელის მომატებამ გამოიწვია გაზრდილი ნეირონული აქტივობა კორტექსში, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შიმშილის გრძნობა. ყველა ამ აქტივობის ეფექტურობა კი AgRP ნეირონების მოქმედებაზე იყო დამოკიდებული.
ეს კვლევები ცხადყოფს იმ პატერნს, რომლის მიხედვითაც AgRP ნეირონები აკონტროლებენ ღვიძლსა და ლიპიდების გამოყოფას და ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, ასტიმულირებენ ნეირონულ აქტივობებს თავის ტვინის კორტექსში.
ჰორვათი ამბობს, რომ დამატებითი კვლევებია საჭიროა, რომ დავადგინოთ, არსებობს თუ არა მსგავსი სქემა ადამიანებშიც. თაგვები, რომლებსაც ჰქონდათ მუტაცია, რამაც LPA-ის დიდი ოდენობით გამოყოფას იწვევდა, უფრო მეტს ჭამდნენ და სხვებთან შედარებით მეტს იწონიდნენ. ადამიანებს მსგავსი მუტაციით ასევე ექნებათ შედარებით მეტი წონა და უფრო დიდი რისკი, რომ მეორე ტიპის დიაბეტი დაემართოთ.
"ჩვენ ჯერ კიდევ მეტი კვლევა გვჭირდება იმის აღმოსაჩენად, არის თუ არა მსგავსი პატერნი ადამიანებშიც და თუ იქნება, მაშინ ვეცდებით მის გამოყენებას კვებითი აშლილობებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ", — ამბობს ჰორვათი. "მაგრამ ეს კვლევაც აჩვენებს, რომ ღვიძლი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქცევებს და ამყარებს აზრს, რომ ტვინის გასაგებად მარტო ტვინის შესწავლა არ კმარა."
კომენტარები