სიცოცხლის საწყისის ძიებაში — ჩვენი გალაქტიკის ცენტრში აღმოჩენილია რნმ-ის "საშენი" ნაერთები
მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტში მდებარე მოლეკულურ ღრუბელში ბიოლოგიური ფუნქციის მქონე რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) წარმოსაქმნელად საჭირო ორგანული ნაერთები აღმოაჩინეს. ესენი გახლავთ ნიტრილები, რომლებიც ამ მოლეკულების "საშენი მასალაა", ხოლო ირმის ნახტომში მათი მიგნება სიცოცხლის საწყისების შესახებ მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს.
ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს მრავალი ნიტრილის ფორმირება შეუძლია, რაც განამტკიცებს ჰიპოთეზას დედამიწაზე სიცოცხლის რნმ-იდან წარმოშობის შესახებ. მსგავსი სცენარის ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ პრებიოტური მოლეკულების გაჩენის საკითხია. იყო კი ისინი თავიდანვე ჩვენს პლანეტაზე, თუ აქ ასტეროიდებისა და მეტეორიტების მეშვეობით მოხვდა?
ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთ ასტრონომიულ სხეულებში მსგავსი ნაერთები მოიპოვება. ეს უკანასკნელი კი, დიდი ალბათობით, იმ მოლეკულური ღრუბლიდან მიიღეს, რომელშიც თითოეული მათგანი გაჩნდა. სწორედ ასეთმა ღრუბელმა შვა მზის სისტემა და მისი მსგავსი ჩვენი გალაქტიკის ცენტრშიც მრავლად გვხდება. ერთ-ერთი მათგანი G+0.693-0.027-ის სახელითაა ცნობილი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მომავალში იქ ვარსკვლავები წარმოიქმნება, რადგან ქიმიური შემადგენლობით ძალიან წააგავს სხვა ამგვარ რეგიონებს.
ორი ტელესკოპის დახმარებით სპეციალისტებმა G+0.693-0.027-ში არსებული სხვადასხვა ნაერთის სპექტრული კვალი შეისწავლეს და დიდი რაოდენობით ნიტრილებს მიაკვლიეს, როგორიცაა ციანური მჟავა, ციანოალენი, პროპარგილის ციანიდი, ციანოპროპინი და სხვა. ეს მიანიშნებს, რომ ირმის ნახტომი ნიტრილებით მდიდარია. მეტი სიცხადისთვის, ისინი ჩვენი თუ სხვა სისტემების წარმომქმნელ ღრუბელშიც იქნებოდა.
რა თქმა უნდა, ამ მხრივ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი, კერძოდ, აღმოსაჩენია სხვა მოლეკულებიც, რომელთა როლიც დიდია. ასეთია, მაგალითად, ლიპიდები. ამის მიუხედავად, ახალი მიგნება წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Astronomy and Space Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები