მეტეორიტში აქამდე სრულიად უცნობი ტიპის კრისტალები აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აქამდე სრულიად უცხო ტიპის კრისტალები აღმოაჩინეს. აღმოჩენა სრულყოფილად შემონახულ მეტეორიტის მტვრის პაწაწინა მარცვლებში გაკეთდა. ეს მტვერი რუსეთში 9 წლის წინ ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა.
2013 წლის 15 თებერვალს, ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 18 მეტრია, ხოლო წონა 12 ტონა, დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა. ის დაახლოებით 66,950 კმ/სთ-ით მოძრაობდა.
საბედნიეროდ, მეტეორი დაახლოებით 23,3 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, მისი ნარჩენები კი პლანეტის ზედაპირზე მოხვდა.
ექსპერტებმა ეს ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვეს და აღნიშნეს, რომ პლანეტა მუდმივად საფრთხის ქვეშაა. ჩელიაბინსკის მეტეორის შემოჭრა იყო ყველაზე დიდი აფეთქება დედამიწის ატმოსფეროში 1908 წლის ტუნგუსკას მოვლენის შემდეგ. NASA-ს ცნობით, ეს აფეთქდა 30-ჯერ მძლავრი იყო, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოვარდნილი ატომური ბომბი.
Live Science-ის თანახმად, მიუხედავად დიდი დაშორებისა, მოვლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან შუშების დამსხვრევა გამოიწვია და 1 200-მდე ადამიანი დაზიანდა. რაც შეეხება ახალ კვლევას, მკვლევრებმა გააანალიზეს კოსმოსური ქანების ზოგიერთი პაწაწინა ფრაგმენტი, რომელიც დარჩა მეტეორის აფეთქების შემდეგ.
ჩვეულებრივ, მეტეორები წვისას მცირე რაოდენობის მტვერს წარმოქმნიან და მეცნიერებს უჭირთ შემდგომში მათი დაფიქსირება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩელიაბინსკის მეტეორი აფეთქდა, მტვრის მასიური გროვა გაჩნდა ატმოსფეროში. საბოლოოდ, თოვლის ფენებმა, შეინარჩუნეს მტვრის ნიმუშები, ხოლო მეცნიერებმა მათი სწავლა დაიწყეს.
მკვლევრები კრისტალების ახალ ტიპებს წააწყდნენ, როდესაც ისინი მტვრის ლაქებს სტანდარტული მიკროსკოპის ქვეშ იკვლევდნენ. ერთ-ერთი ასეთი პაწაწინა სტრუქტურა, რომელიც საკმარისად დიდი იყო მიკროსკოპის ქვეშ დასანახად, შემთხვევით დააფიქსირეს.
მტვრის უფრო მძლავრი ელექტრონული მიკროსკოპით გაანალიზების შემდეგ, მკვლევრებმა სხვა მსგავსი კრისტალებიც აღმოაჩინეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კრისტალების დაფიქსირება ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებითაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
"ახალი კრისტალები ორი ფორმისაა: კვაზი-სფერული და თითქმის სფერული. ისინი უნიკალური მორფოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევა", — თქვეს მკვლევრებმა. რენტგენის სხივების გამოყენებით შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ კრისტალები გრაფიტის ფენებისგან შედგება.
გუნდი ეჭვობს, რომ კრისტალები მეტეორის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე გაჩნდა. თუმცა, ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მეცნიერებს ახლა აინტერესებთ არის თუ არა მეტეორების დაშლის პროცესი ზოგადად კრისტალების წარმომქმნელი. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ჩელიაბინსკის მეტეორის აფეთქება ამ მხრივ უნიკალურია.
კომენტარები