ეს 8 სამეცნიერო ფაქტი დაგარწმუნებს, რომ წვრილმანებზე ტყუილად ნერვიულობ
1. მკრთალი ლურჯი წერტილი
დავიწყოთ კლასიკით და იმით, რამაც (ვინც) ამ სტატიის დაწერა შთამაგონა. ეს კარლ სეიგანი და მისი "მკრთალი ლურჯი წერტილია". პირადად მე, როდესაც მძიმე პერიოდი მაქვს მის სიტყვებს ვიხსენებ, ან აი ამ ვიდეოს ვუსმენ ხოლმე. ეს ერთგვარი შემოძახებაა, რომ სამყარო ძალიან დიდია, უსასრულოდ დიდია, უსასრულოდ საინტერესოა, მისი მასშტაბები ულევია და ჩვენ ჩვენი პრობლემებით კონკრეტული სივრცის წერტილსა და დროის კონკრეტულ კონტინიუმში წარმოქმნილი ნაპერწკალი ვართ, რომელიც სიამოვნების მიღების მაგივრად, ხშირად თავს ზედმეტად იმძიმებს.
მაშ ასე, როგორც კარლი იტყოდა, ყველა ვისაც იცნობთ, და ყველაფერი, რაც გინახავთ, ამ მკრთალ ლურჯ წერტილზე არსებობდა და არსებობს. თუ ჯერ ვერ მიხვდით რაზე ვსაუბრობ, შეგახსენებთ, რომ 1990 წელს უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა, ვოიჯერ 1-მა ჩვენს პლანეტას 6 მილიარდი კილომეტრის დაშორებიდან სურათი გადაუღო. სურათს "მკრთალი ლურჯი წერილი" უწოდეს და უკვე 1994 წელს მეცნიერმა კარლ სეიგანმა მასზე პატარა, მაგრამ გენიალური ტექსტი დაწერა.
და აი მისი ნაწყვეტიც: "ნახეთ ეს წერტილი კიდევ ერთხელ. ის ჩვენი ერთადერთი სახლია. აქ ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ, ყველა ვისაც იცნობთ თუ იცნობდით, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას აქ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და გლეხი, შეყვარებული წყვილი, დედა, მამა, ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალისტი, ამორალური, კორუმპირებული პოლიტიკოსი, სუპერვარსკვლავი, ლიდერი, წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა."
დიახ, დედამიწა წერტილია, სამყაროს უკიდეგანო სივრცეში. ჩვენ კი ამ პატარა წერტილზე "გამეფებული" ჭიები, რომლებიც ხშირად იმასაც ვბედავთ დედამიწა როგორც მთლიანად სამყარო ისე მოვიხსენიოთ.
2. უკიდეგანო სამყარო
იმის კიდევ უფრო კარგად გასაგებად თუ რას ამბობს კარლ სეიგანი, სამყაროს მასშტაბები უნდა გავიაზროთ. უფრო სწორად, ვცადოთ მაინც გააზრება. ამ ფოტოზე ყოველი წერტილი დამოუკიდებელი გალაქტიკაა. გალაქტიკა კი ალბათ მოგეხსენებათ გრავიტაციულად დაკავშირებული მატერიის მასიური სისტემაა, რომელიც უამრავ ვარსკვლავსა და პლანეტას შეიცავს. ცნობისთვის, არსებობს ე.წ. ჯუჯა გალატიკები, რომლებიც 10 მილიონამდე ვარსკვლავს შეიცავს და გიგანტური გალაქტიკები, რომელთა შემადგენლობაში 100 ტრილიონი ვარსკვლავი შედის. რაც შეეხება გალაქტიკების რაოდენობას, ამ ფოტოთიც მიხვდებოდით, რომ ისინი თავადაც ძალიან ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ფოტოზე სრულად ვერ დატევ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა, ზოგიერთი გამოთვლით კი საერთოდ ტრილიონობით.
3. 200 სიქსტილიონი ვარსკვლავი
ფოტოზე ჩვენი ვარსკვლავისა და მისი პლანეტების შედარებას ხედავ. მზის დიამტრი დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდია. თავად მზის სისტემაში სრული მასის 99 პროცენტი მზეზე მოდის. არაა ცოტა ხო? დიახ, მზე ჩვენს პლანეტასთან შედარებით ნამდვილი გიგანტია, მაგრამ ზემოთ ვნახეთ, რომ სამყაროში ასეთი ვარსკვლავები უფრო მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვალი დედამიწაზე. ჰო, საუბარია იმდენ ვარსკვლავზე რამდენსაც მთელი ცხოვრება რომ ვითვალოთ, ამისთვის დრო არ გვეყოფა. ჯერ მარტო თითო გალაქტიკაშია მილიარდობით ვარსკვლავი და ახლა გავიხსენოთ, რომ თავად გალაქტიებიც მილიარდობითაა. არადა იყო დრო, ადამიანებს სამყარო გეოცენტრული ეგონათ, სამყაროში ყველაფერი დედამიწის გარშემო ბრუნავსო. . .
მართალია ახლა უკვე ვიცით, რომ სამყარო დედამიწის გარშემო არ ბრუნავს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი პრობლემების გარშემო იწყებს ყველაფერი ტრიალს. . .
4. მარტო ჩვენს გალაქტიკაში უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე დედამიწაზე ადამიანი
პლანეტების მხრივ კიდევ უფრო საინტერესოდაა საქმე. მარტო ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია, ჩვენ კი ვიცით, რომ საშუალოდ ერთ ვარსკვლავზე მეტი პლანეტა მოდის. ამიტომ, სავარაუდოა, რომ მხოლოდ ირმის ნახტომში 10 ტრილიონი პლანეტაა. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა. ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, მარტონი ვართ სამყაროში?
ამაზე პასუხის მისაღებად მეცნიერებმა მოახდინეს კომპიუტერული სიმულირება. მათ 2 ფაქტორზე გაამახვილეს ყურადღება — 1. რამდენი მყარი პლანეტა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის თავსებადი და რამდენად შეიძლება იქ მობინადრე არსებები განვითარებულ ცივილიზაციად იქცნენ. 2. მშობელი ვარსკვლავის ევოლუციის რა ეტაპზეა ეს მოსალოდნელი. შედეგები დამაიმედებელია, მარტო ჩვენს გალაქტიკაში 42 000 განვითარებული ცივილიზაცია უნდა იყოს. გადაამრავლეთ ეს სამყაროში არსებულ გალაქტიკების რაოდენობაზე და ტრილიონებს მიიღებთ. შესაბამისად, შეკითხვაზე, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში, მე ვიტყოდი, რომ მარტოობის შანსი ტრილიონებიდან ერთია. და ეს თუ ასეა, ესე იგი, აი ამ წამს სამყაროში უამრავი ცივილიზაცია არსებობს. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ისინი, რეებზე შეიძლება ფიქრობდნენ, რა შეიძლება ადარდებდეთ, ვინ იცის რამდენ წვრილმანზე ნერვიულობენ ახლა ისინიც. ჩვენ კი მათ არსებობაზეც არაფერი ვიცით. სამაგიეროდ ვიცით თუ რას ფიქრობს ჩვენზე "თინა" და ეს ყველაზე მეტად გვადარდებს.
5. შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მასიური ობიექტები
გრავიტაციის შესახებ ყველამ იცის. ჩვენ დედამიწა გვიზიდავს, ამიტომაცაა, რომ ასე თავისუფლად დავაბიჯებთ მასზე და კოსმონავტებივით ჰაერში არ ვლივლივებთ. ადამიანებისთვის დედამიწა ძალიან მასიურია, თუმცა, ყველაფერი ხომ ფარდობითია. დედამიწის გრავიტაციული მბრძანებელი მზეა. ჩნდება შეკითხვა, მზის შემთხვევაში რა ხდება? ის სრულად დამოუკიდებელია? ამაზე პასუხი ცალსახაა, არა! მზეც ბრუნავს და ის ამას გალაქტიკის ცენტრის გარშემო აკეთებს. აი გალაქტიკის ცენტრში კი ზემასიური შავი ხვრელია — გაიცანით, მშვილდოსან A*. ეს კოსმოსური ობიექტი მზეს მასით 4,3 მილიონჯერ აღემატება. თუმცა, არც ესაა ყველაფერი, სამყაროში არსებობს სხვა ზემასიური შავი ხვრელები, რომელთა "წონა" იცით რამდენია? დიახ, არც მეტი არც ნაკლები, 20 მილიარდი მზის მასა!
წარმოიდგინეთ ასეთი ობიექტი? და ახლა გაიხსენეთ თქვენი თავი, ზედმეტ ორ კილოზე რომ ნერვიულობთ.
6. მასშტაბები — უსასრულობიდან უსასრულობამდე. რა სიგრძისაა სამყარო
რაც შეეხება მასშტაბებს, ოდესღაც ჩვენს წინაპრებს დედამიწა უსასრულოდ დიდი ეგონათ, მაგრამ ახლა თვითმფრინავით 51 საათში პლანეტისთვის წრის დარტყმა შეგიძლიათ. თუმცა, ახლა მასშტაბები გაზრდილია, დედამიწის დიამეტრი სულ რაღაც 12 000 კილომეტრია. რაც შეეხება დედამიწიდან უახლოეს ციურ სხეულამდე მანძილს აქ 384 400 კილომეტრია. კი, საუბარი ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე — მთვარეზე გვაქვს.
თუმცა, არც ესაა მნიშვნელოვანი მანძილი. მეტიც, საერთოდ არაფერია. უკვე მზემდე დისტანცია მილიონობით კილომეტრია, კონკრეტულად 152 მილიონი. როდესაც მზის სისტემას ვცდებით, აქ კილომეტრების თვლა აზრს კარგავს. ამისთვის სხვა საზომი არსებობს და ეს სინათლის წელიწადია. სინათლის წელიწადის სწორად აღსაქმელად უნდა ვიცოდეთ, რომ სინათლე, ანუ ფოტონი წამში 300 000 კილომეტრს ფარავს. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის დასაფარად სამყაროში ამ ყველაზე სწრაფად მოძრავ ნაწილაკს 100 000 წელი დასჭირდება. ეს მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის მასშტაბებში. სამყარო იმდენად დიდია, რომ არსებობს მისი ნაწილები საიდანაც ჩვენსკენ მომავალი ფოტონი ვერასდროს მოაღწევს.
დიახ, როდესაც სამყაროს მასშტაბებზე ვსაუბრობთ მისი ზომის გააზრება ადამიანის გონებისთვის ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ, მომავალში როდესაც რამდენიმე მეტრის ფეხით გავლა დაგეზარებათ, გახსოვდეთ თუ სად ვცხოვრობთ და როგორია ჩვენი სამყაროს მასშტაბები, ცივილიზაციას თუ დასცალდა ოდესმე ზეკოსმოსური ხომალდებით ამ მანიძილის დაფარვას შევეცდებით.
7. რისგან შედგება სამყარო
მასშტაბებზე ვსაუბრობთ და ოდესმე გიფიქრიათ რისგან შედგება სამყარო? ერთი შეხედვით ეს გულუბრყვილო შეკითხვაა, რისგან უნდა შედგებოდეს — ატომებისგან, გაიფიქრებს ბევრი თქვენგანი, მაგრამ ნუ იჩქარებთ! როდესაც საუბარია, იმაზე თუ რისგან შედგება სამყარო, მეცნიერები უხერხულ შეკითხვებს აწყდებიან. დიახ, დღეს არ ვიცით თუ რისგან შედგება სამყაროს 95 პროცენტი. ხსენებული ატომები, რისგანაც შევდგებით ჩვენ, ჩვენი პლანეტა, ვარსკვლავები და ყველაფერი რაზეც ზემოთ ვისაუბრე დაახლოებით 5 პროცენტია.
ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მასის 95 პროცენტს უბრალოდ ვერ ვხედავთ. ამიტომ ამ ჰიპოთეტურ მასას მეცნიერებმა ბნელი მატერია და ბნელი ენერგია უწოდეს. ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით 27 პროცენტს იკავებს და ეს უხილავი სუბსტანცია გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს. მაშინ როცა ბნელი ენერგია ბნელი მატერიის საპირისპიროა და სამყაროს გაფართოებისკენ უბიძგებს.
დიახ, რეალურად უდიდეს მასშტაბებზე სამყაროს გაფართოებასა და შეკუმშვაზე ის ძალები მოქმედებენ რასაც საერთოდ ვერ ვხედავთ. შეიძლება ამან აგვანერვიულოს, თავი უსუსურად გვაგრძნობინოს, მაგრამ როგორც წესი ადამიანებს სხვა ყოველდღიური პრობლემები უფრო გვაწუხებს, მაგალითად ის თუ რას იფიქრებს ჩვენზე ვინმე "თინა".
8. დროითი უსასრულობა
დრო ეს ის ფენომენია რაც ყველაზე კარგად ალბათ ალბერტ აინშტაინმა აგვიხსნა ფარდობითობის თეორიაში. თუმცა, ვიაზრებთ კი რეალურად მის მასშტაბებს? იყო დრო, როდესაც ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელიც არ იყო. დღეს თანამედროვე ადამიანი საშუალოდ 73 წელი ცხოვრობს. ერთი შეხედვით ეს ბევრია, ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში უამრავ რამეს ასწრებს. . . მაგრამ მოდი ნუ ვიჩქარებთ!
ბიბლიის მიხედვით სამყარო 6 000 წლისაა. ასეთ სამყაროში ადამიანმა შეიძლება დაიჩივლოს, კი, მაგრამ 6 000-დან მე სულ 72 წელი მხვდა? თუმცა, დღეს ვიცით, რომ ჩვენი სახეობა დაახლოებით 300 000 წელია რაც არსებობს. მაშ რამდენის არის თავად ჩვენი პლანეტა? პლანეტა დედამიწა 4.5 მილიარდის გახლავთ და აი სამყაროს 13.8 მილიარდი წელი უსრულდება. ასეთ მასშტაბებზე თავად ჩვენი დროითი აღრიცხვა კარგავს აზრს. სრულ აბსურდამდე რომ დავიდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ მზეც კი ბავშვია სამყაროს ასაკთან შედარებით, ის სულ რაღაცა 4.6 მილიარდი წლისაა. აბსურდის განსამტკიცებლად გავიხსენოთ, რომ წლებს დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის მიხედვით აღვრიცხავთ. გამოდის, თავად დედამიწისა და მზის (ჩვენი საათის) გაჩენმდე სამყარო უკვე 9 მილიარდი წელი არსებობდა. აღაფაერს ვამბობ თავად ჰომო საპიენსის და მის პრობლემებზე. ჩვენამდე სამყარო უკვე 13.5 მილიარდ წელს ითვლიდა. და აი ბოლო 300 000 წელში გავჩნდით ჩვენი დაუსრულებელი პრობლემებითა თუ დრამებით.
ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ სამყარო ადამიანისა და ზოგადად პრობლემების გარეშე. თუმცა, ბევრს ნუ იფანტაზიორებთ, თითქმის წარმოუდგენელია სამყაროს 13 მილიარდი წელი ცნობიერის მქონე არსებების გარეშე ეარსება. ასე რომ თავად "პრობლემის" ფენომენი სავარაუდოდ ჩვენს გაჩენამდეც უკვე მილიარდობით წლები არსებობდა და ვინ იცის როგორი იყო ის.
დაბოლოს, შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ თავის ტკივილებს ვერ აუფასურებს (ზოგჯერ ისინი ჩვენთის მართლაც რომ სამყაროზე ძვირფასია), მაგრამ არის მომენტები, როდესაც მარტივი პრობლემიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ასეთ დროს სამყაროს მასშტაბები თითქოს საშინლად ვიწროვდება და გამოსავალიც არსაიდან ჩანს. სივიწროვედან თავის დაღწევაში კი შეიძლება სამყაროს რეალური მასშტაბების გახსენება დაგვეხმაროს, მე ზოგჯერ მშველის, იმედია შენც დაგეხმარება, მკითხველო.
კომენტარები