და აი ისიც — მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი გადაიღეს
მომენტი, რომელსაც ყველანი დიდხანს ველოდით, დადგა — მეცნიერებმა, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მეშვეობით, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსან A*-ს პირველი გამოსახულება მოიპოვეს. მასზე წარმოდგენილია ობიექტის კონტური, იგივე აკრეციული დისკო, აირისა და მტვრის რგოლი, რომელიც ექსტრემალური გამოსხივებით ხასიათდება.
ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული ეს კომპაქტური ასტრონომიული რადიოწყარო ჩვენგან დაახლოებით 27 000 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი მასა მზისას 4.3 მილიონჯერ აღემატება, რადიუსი კი 23.5 მილიონი კილომეტრია. შედარებისთვის, თავად ჩვენი გალაქტიკა 100 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.
მშვილდოსანი A* აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ აირსა და მტვერს მაინც შთანთქავს. მის გარშემო ფორმირებული, მძლავრი გრავიტაციის გავლენით მიზიდული მატერიის დისკო 5-დან 30 სინათლის წლამდე მანძილზე ვრცელდება და შავ ხვრელში ჩადინებისას რენტგენულ გამოსხივებას იწვევს. ამას ხელს უწყობს წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურაც, რომელიც 10 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.
ამ უჩვეულო ობიექტების დაფიქსირება ასტრონომებისთვის უდიდესი გამოწვევაა, რადგან მათგან სინათლე არ გამოიყოფა, თუმცა გარემოზე გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად, კვალი მაინც რჩება. მაგალითად, მშვილდოსან A*-ზე ინფორმაციას მის გარშემო მოძრავი ვარსკვლავის, S2-ის მეშვეობით ვიგებთ.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სპეციალისტებს მხოლოდ 1 ზემასიური შავი ხვრელი, M87* ჰქონდათ გადაღებული, რომელიც იმავე სახელწოდების გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. ეს 2019 წელს მოხდა. ახლა კი კაცობრიობა კიდევ ერთი ასეთი მიღწევის მომსწრე გახდა, თანაც საკუთარ გალაქტიკაში.
მეცნიერთა განცხადებით, ეს 2 ზემასიური შავი ხვრელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია რეალობას შეესაბამება. ასევე, მათი თქმით, ამ ობიექტთა ნებისმიერი განსხვავება, მეტწილად, გარემომცველი მატერიითაა განპირობებული.
ახალი კვლევა ცხადყოფს იმასაც, რომ მათ მიმდებარედ აირი თითქმის ერთნაირი სიჩქარით გადაადგილდება, თუმცა მშვილდოსან A*-ს ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობას ის უფრო ნაკლებ დროს ანდომებს, ვიდრე M87*-ის შემთხვევაში, რაც ზომათა სხვაობითაა გამოწვეული.
კომენტარები