მკვლევარმა AI-ის სამეცნიერო მოხსენება დააწერინა და გამოსაქვეყნებლად აკადემიურ ჟურნალში გაგზავნა
როგორც ჩანს, ალგორითმებს აკადემიური მოხსენების დაწერა საკუთარ თავზეც შეუძლიათ. ეს კი, ბუნებრივია, გვიჩენს კითხვას: რამდენ ხანში შეძლებენ ისინი ადამიანი აკადემიკოსების ჩანაცვლებას?
Scietific American-ში გამოქვეყნებულ სტატიაში შვედი მკვლევარი, ალმირა ოსმანოვიჩ ტუნსტრომი აღწერს იმას, რაც თავიდან უბრალო ექსპერიმენტი იყო იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად შეუძლია OpenAI-ის GPT-3 ტექსტის გენერირების ალგორითმს საკუთარ თავზე წერა. საბოლოოდ კი, მან მოხსენება მიიღო, რომელიც ახლა განხილვის ეტაპზეა.
საწყისი ბრძანება, რომელიც ტუნსტრომმა ტექსტის გენერატორს მისცა, საკმაოდ მარტივი იყო: "დაწერე აკადემიური თეზისი 500 სიტყვით GPT-3-ის შესახებ, მიუთითე სამეცნიერო წყაროები და ციტირება ტექსტის შიგნით".
მკვლევრის თქმით, რომლის მუშაობის მთავარი მიმართულება შვედეთის გოტენბურგის უნივერსიტეტში ნეირომეცნიერებებისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიებია, აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც ალგორითმმა მართლა დაიწყო თეზისის წერა, შესაბამის ადგილებსა და კონტექსტში ტექსტის ციტირებით. "ეს ნებისმიერი კარგი სამეცნიერო პუბლიკაციის შესავალს ჰგავდა", — აღნიშნავს იგი.
თავისი მრჩევლის, სტაინ სტაინგრიმსონის დახმარებით, რომელიც ახლა, GPT-3-ისა და თუნსტრომის შემდეგ მოხსენების მესამე ავტორია, მკვლევარმა ალგორითმს მინიმალური ინსტრუქციები მისცა იქამდე, სანამ მას თავის თავზე აკადემიური ნაშრომის დაწერას მთლიანად მიანდობდა.
GPT-3-ს მოხსენების დასაწერად მხოლოდ ორი საათი დასჭირდა. მოხსენებას "შეუძლია თუ არა GPT-3-ს აკადემიური ნაშრომის დაწერა საკუთარ თავზე, ადამიანის მინიმალური ჩარევით?" ეწოდება და ფრანგულ არარეფერირებად სერვერზე — HAL-ზეა გამოქვეყნებული.
თუნსტრომის თქმით, მოხსენების წერაზე ბევრად დიდი დრო დასჭირდა ავტორობისა და მოხსენების დასრულებასთან დაკავშირებულ სხვა წვრილმანებს. ეს დეტალები ადამიანი ავტორებისთვის თავის მოსაბეზრებელია, თუმცა იგი ნამდვილ თავსატეხს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ნაშრომის ავტორი იურიდიული სახელის არმქონე ალგორითმია.
მას შემდეგ, რაც AI-ის ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ინტერესების კონფლიქტი მოხსენების დასრულებასთან დაკავშირებით (რაზეც მისი პასუხი "არა" იყო) და ჰქონდათ თუ არა მკვლევრებს მისი თანხმობა გამოქვეყნებაზე ("კი"), თუნსტრომმა AI-ის მიერ დაწერილი მოხსენება განსახილველად იმ ჟურნალს გაუგზავნა, რომელიც მას არ დაუსახელებია.
თუნსტრომმის თქმით, ავტორობის დეტალების გარდა, ასეთი სტატიის არსებობა სამეცნიერო ნაშრომის ტრადიციული წრფივობის ცნებას ფეხქვეშ თელავს.
"მხოლოდ ის ვიცით, რომ კარიბჭე გავაღეთ", — ასკვნის ის. "უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ პანდორას ყუთი არ გაგვიხსნია".
კომენტარები