ნახეთ: ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა მარსის უკლებლივ ყველა რეგიონი გადაიღო
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს CNSA მიერ მისია Tianwen-1-ის ფარგლებში მარსის შესასწავლად გაშვებულმა აპარატმა წითელი პლანეტის სხვადასხვა რეგიონის გადაღების პროცესი დაასრულა და გლობალური მასშტაბით ციური სხეულის გამოსახულებები წარმატებით მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ სოციალურ მედია Weibo-ში 29 ივნისს გავრცელდა.
ჩინურმა ზონდმა საშუალო და მაღალი გარჩევადობის ფოტოები გადაიღო, რომლებზეც ჩვენი მეზობელი ობიექტის ზედაპირზე არსებული წარმონაქმნები, მათ შორის კრატერები და უზარმაზარი კანიონები ჩანს.
Tianwen-1-ის ფარგლებში მარსმავალი, პორტატიული კამერები, დასაშვები მოდული და ორბიტერი კოსმოსში 2020 წლის ივლისში გაგზავნეს. ეს ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის სადებიუტო პლანეტათაშორისი მისიაა, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელეს.
ხომალდმა დანიშნულების ადგილამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწია, მას შემდეგ კი იქაურობას იკვლევს და თვალწარმტაცი სურათებითაც გვანებივრებს. საერთო ჯამში ციფრული მონაცემების მოცულობამ 1 040 გიგაბაიტი შეადგინა, რომელიც აპარატმა წითელი პლანეტის გარშემო ორბიტაზე 1 344-ზე მეტჯერ შემოვლის შედეგად შეაგროვა.
გამოსახულებებს შორისაა მარსის ყველაზე გასაოცარი ადგილები, როგორიც მარინერის ხეობაა. კანიონთა ეს უზარმაზარი სისტემა 4 000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული, ხოლო მისი სიღრმე 7 კილომეტრამდეა. ის მთელ მზის სისტემაში სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
ხომალდის ობიექტივში მოხვდა მარსის სამხრეთ პოლუსიც, რომელიც მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ამ არეალში არსებული ყინულის საფარის ქვეშ მლაშე წყლის რეზერვუარს მიაგნეს. შესაბამისად, სიცოცხლის კვალის საძიებლად ეს იდეალური ადგილია.
კომენტარები