მარსზე სიცოცხლის კვალი მინიმუმ 2 მეტრამდე სიღრმეში უნდა ვეძებოთ — კვლევა
მარსზე გაშვებული აპარატები იქ სიცოცხლის კვალს ზედაპირთან ახლოს ეძებენ და ნიმუშების მოსაპოვებლად გრუნტს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრ სიღრმეზე ბურღავენ. ახალი კვლევის მიხედვით, ეს შესაძლოა, უშედეგო იყოს, რადგან იმ დროიდან შემორჩენილი ამინომჟავები, როცა მარსი სიცოცხლისთვის თავსებადი იყო, მინიმუმ 2 მეტრის ქვემოთ იქნება შემონახული.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წითელი პლანეტა, თხელი ატმოსფეროსა და მაგნიტური ველის დანაკლისის გამო, იმაზე მეტ კოსმოსურ რადიაციას იღებს, ვიდრე დედამიწა. მსგავსი გამოსხივება კი ამინომჟავებს ანადგურებს. სპეციალისტთა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე, გეოლოგიური თვალსაზრისით, ეს ძალიან სწრაფად ხდება. მაგალითად, დაახლოებით 5 სანტიმეტრ სიღრმეში არსებული ამგვარი ორგანული ნაერთების განადგურებას 20 მილიონი წელი სჭირდება, ხოლო სხვადასხვა გარემოება ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
დედამიწაზე ადამიანი წელიწადში 0.33 მილიზივერტ დასხივებას განიცდის, წითელ პლანეტაზე კი ეს მაჩვენებელი 250 მილიზივერტს აჭარბებს. რადიაციის წყარო არის, როგორც მზის ამოფრქვევები, ასევე, მაღალენერგიული მოვლენები, როგორიც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებაა. ამის მიუხედავად, მარსი ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ადრე მას სქელი ატმოსფერო, გლობალური მაგნიტური ველი და წყლიანი ზედაპირი ჰქონდა, ანუ სიცოცხლისთვის თავსებადი იყო. სიცოცხლისთვის, რომლის ერთ-ერთი საშენი მასალაც სწორედ ამინომჟავებია. მართალია, ასეთი ნაერთები ყოველთვის პირდაპირ ბიოლოგიურ კვალზე არ მიანიშნებს, თუმცა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
იმის გასაგებად, თუ რამდენად გამძლეა მარსზე ამინომჟავები, მეცნიერებმა ლაბორატორიაში იქაური პირობების სიმულირება გადაწყვიტეს, მათ შორის გრუნტის, ტემპერატურის, ატმოსფეროსი და ა.შ. შემდეგ მკვლევრებმა ნიმუშები დაასხივეს იმ დოზით, რასაც ციური სხეული 80 მილიონი წლის განმავლობაში იღებდა. შედეგად, ნაერთები იმაზე სწრაფად განადგურდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ, რასაც სილიკატების არსებობა უწყობს ხელს.
ეს იმას ნიშნავს, რომ მარსის ზედაპირზე ბოლო 100 მილიონი წელზე უფრო ადრეული ამინომჟავები უკვე დიდი ხნის გამქრალია, თანაც ამაზე ბევრად მეტი დროა, რაც იქაურობა უსიცოცხლო არის. შესაბამისად, ხელჩასაჭიდი ნიმუშების მოსაპოვებლად უფრო ღრმად მოგვიწევს ჩასვლა.
უნდა ითქვას, რომ ამინომჟავებს მეცნიერებმა მარსის მეტეორიტში RBT 04262 მიაგნეს, თუმცა მათი ფორმირების ისტორია ჯერჯერობით გაურკვეველია. ასეთი ობიექტები, როგორც წესი, 1 მეტრამდე სიღრმიდან მაინც იტყორცნება, ანუ შესაძლოა, ეს ორგანული ნაერთები იქ რადიაციისგან დაცული იყოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნდა.
კომენტარები