ხუთი გარემოვაჭრის ისტორია - სად და როგორ მუშაობენ ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვის შემდეგ
თბილისის იერსახესა და საკვების უსაფრთხოების ზრუნვის მოტივით, თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს ბრძოლა ორი თვის წინ გამოუცხადა. მათი დახლები და სხვა ნივთები ზედამხედველობის სამსახურს შუაღამისას გააქვს. როგორც წესი, ზედამხედველობის სამსახურს დასუფთავების სამსახური მოჰყვება, რომელიც იმ ტერიტორიას, სადაც გარემოვაჭრეები მუშაობდნენ, წყლის ჭავლით დემონსტრაციულად რეცხავს. ფოტოებთან ერთად, მერია სტანდარტულ ტექსტსაც ავრცელებს, რომელშიც საუბარია ქალაქის იერსახეზე, საკვები პროდუქტების უსაფრთხო გარემოში გაყიდვის აუცილებლობაზე, მოსახლეობის მოთხოვნასა და ტერიტორიის დასუფთავება-კეთილმოწყობაზე, ასევე, გარემოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე თვით სავაჭრო ადგილების უფასოდ გამოყოფაზე.
On.ge დაინტერესდა, ქუჩებიდან განდევნის შემდეგ სად წავიდნენ გარემოვაჭრეები, რა პირობებში მუშაობენ და როგორია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. გთავაზობთ ხუთი გარემოვაჭრის ისტორიას:
"მეწიგნე"
გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუკინისტები გაფანტულად, თითქოს შეუმჩნევლად, ფეხზე მდგომნი, დახლების გარეშე მუშაობენ. როცა ერთ-ერთმა გაიგო, რომ მათ მდგომარეობაზე სტატიის დასაწერად ჟურნალისტი იყო მისული, უეცრად ყველამ ერთად მოიყარა თავი, იმსჯელეს და საბოლოოდ, პრობლემებზე ღიად საუბარი არჩიეს.
დავით მსხალაძე წარმოშობით ლანჩხუთიდანაა. წიგნებით უკვე 10 წელია ვაჭრობს და როგორც ამბობს, ეს მისი და მასთან ერთად მყოფი უმეტესი მოვაჭრის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ის საკუთარ თავს "მეწიგნეს" უწოდებს.
როგორც ის ჰყვება, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, წიგნების გამყიდველებს, რამდენიმე ადგილი შეაცვლევინა, ბოლოს დაპირებაც მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ:
"ზოგჯერ აქ ვიდექით, ზოგჯერ იქ, მაგრამ მერე ყველა აგვყარეს, წიგნებიც ზედ მიგვაყოლეს და დაგვპირდნენ, რომ დაგვაბრუნებდნენ. ჯერჯერობით თავს იკავებენ, ეტყობა, ვერ მოახერხეს".
დავით მსხალაძე ამბობს, რომ ადრე არასტანდარტული ზომის მაგიდები ჰქონდათ და ისე ვაჭრობდნენ. მერიას მათთვის ინვენტარი არ წაურთმევია, თუმცა გამოყენების უფლებას აღარ აძლევს:
"გაგვიკეთონ დაპირებული სტენდები, თუ ვერ ახერხებენ, ჩვენ გავაკეთებთ პატარა მაგიდებს, დავდგებით სუფთად, კულტურულად და არავის არ შევაწუხებთ, იერსახეს არ გავუფუჭებთ ქალაქს" .
"მეწიგნე", უმეტესად, სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებს ყიდის. ამბობს, რომ ადრე, როცა სტაბილურად ერთ ადგილზე იჯდა, ბევრი მომხმარებელი ჰყავდა, ახლა კი სტუდენტები და მოსწავლეები ვეღარ პოულობენ, შემოსავალმაც მოიკლო. როდესაც სავაჭროდ გადის, 10-15 წიგნი გააქვს, რადგან მაგიდა არ აქვს და იქვე ტროტუარზე, მოკლე ძელზე, ან ტაბურეტზე აწყობს. დანარჩენი წიგნები საწყობში აქვს, მის მომხმარებელს წიგნის მოტანამდე ლოდინი უწევს:
"ვალოდინებთ ადამიანს ამ მზეში. მეორეჯერ ის აღარ მოვა და ჩვენ დავრჩებით უმუშევარი. დღეში 10-15 ლარს თუ ვივაჭრებთ, დღესდღეობით ისე წავიდა საქმე, რომ ეს დიდი ვაჭრობაა. მანამდე 30-40 ლარი გვქონდა დღეში. აქ ყველას ბანკის ვალი აქვს აღებული იმის იმედად, რომ წიგნებს გავყიდდით და გადავიხდიდით. გაჭირვებას გაჭირვება ემატება".
მარწყვის გამყიდველი
სადგურის მოედანზე, აგრარულ ბაზართან, ქუჩაში მარწყვით მოვაჭრემ საკუთარი სახელის თქმა არ ისურვა, თუმცა ჰყვება, რომ წარმოშობით გურიიდან, სოფელ შუხუთიდანაა, იქ სადაც ყოველ წელს ლელო ბურთს თამაშობენ. უკვე 20 წელია თბილისში ქირით ცხოვრობს, ქმარი სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და მარტო დარჩა. გურიაში ცხოვრობენ შვილი და შვილიშვილები თუმცა, როგორც ამბობს, დაუსაქმებლები არიან.
მარწყვის გამყიდველი ამბობს, რომ ბაზარში შესვლა დიდი გადასახადის გამო არ უნდა. ის მარწყვის გაყიდვას ქუჩაში, სათლით, დახლის გარეშე ამჯობინებს. მარწყვით დატვირთულს ხშირად უწევს ადგილის შეცვლა. მერიის დაპირებას, ექვსი თვით ადგილით უფასოდ სარგებლობაზე, კი "ტყუილს" უწოდებს, რადგან მისი ინფორმაციით, ვინც ბაზარში შევიდა ყველა ფულს იხდის:
"ბაზარში ერთი დღე 10 ლარია, ისეთ ადგილს გაძლევენ, რომ კლიენტი ჩვენამდე ვერ მოდის, თორე ეს გვირჩევნია? განა, ჩვენ 15 წლის ბაღნები ვართ, რომ ქუჩა-ქუჩა ვიხტუნაოთ? მაგრამ მეტი გამოსავალი არ გვაქვს".
სანელებლების გამყიდველი
სადგურის მოედნის მიმდებარედ, აგრარულ ბაზრის დერეფნის ბოლო დახლები მხოლოდ ორმა გარედან შესულმა მოვაჭრემ დაიკავა. ადგილზე მხოლოდ ერთი იყო და თავისივე დამზადებულ ტყემალსა და სანელებლებს ყიდდა.
იზოლდა ფიფია წალენჯიხიდანაა. იგი უკვე 25 წელია თბილისში ცხოვრობს და ქუჩაში ვაჭრობს. მისი ოჯახის წევრების ნაწილი სოფელშია. იზოლდა ამბობს, რომ დიაბეტი აქვს და კვირაში 30 ლარის წამლები სჭირდება, თუმცა ვერ ყიდულობს, რადგან მისი ერთადერთი შემოსავალი ვაჭრობა და პენსიაა, რასაც შვილებს უნაწილებს.
"საარსებო წყარო აღარ არსებობს წალენჯიხაშიც, თხილი მაქვს მარტო 100 ძირი და ისიც არაფერია. ჩემი პენსიაც ჩემს გოგოს ვაჩუქე და სანამ ცოცხალი ვარ, მისი იქნება".
იზოლდა ფიფიას, სხვების მსგავსად, აპრილში, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობა აუკრძალა, რის შემდეგაც აგრარულ ბაზარში დაიწყო საქმიანობა. ამბობს, რომ კიდევ ორი წლით მაინც რომ დარჩენილიყო გარეთ, ფულის მოგროვებასა და სოფელში გადასვლას შეძლებდა, ახლა კი მყიდველის სიმცირეს უჩივის:
"სააკაშვილის რეჟიმის დროს უფრო დავრბოდი, მაგრამ ახლა, 64 წლის ვარ და სირბილი აღარ შემიძლია, მიმალულად ვაჭრობა აღარ შემიძლია. აქ არ მაწვიმს. აღდგომას აგვყარეს და ჩემი ქმრისა და ძმისშვილის საფლავზე ვერ წავედი იმიტომ, რომ ფული აღარ მქონდა. ფული რომ მქონდეს, ამ საღამოსვე ჩავალაგებდი ბარგს და წავიდოდი სოფელში" .
წინდების გამყიდველი
გლდანში, ახმეტელის მეტროს ამოსასვლელთან, გარემოვაჭრეები ვეღარ მუშაობენ. ადგილი თავისუფალია, კუთხეში კი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დგანან და სიტუაციას აკონტროლებენ.
აქამდე, ახმეტელის მეტროსთან ათობით ადამიანი ტანსაცმლით ვაჭრობდა. მათი სიმრავლის გამო, მეტროდან ამოსულ მგზავრებს სახელდახელოდ მოწყობილ ვიწრო დახლებს შორის უწევდათ გავლა.
დღეს, მათი უმრავლესობა გლდანის ბაზარში შევიდა სამუშაოდ. იქ, სადაც სასურსათო პროდუქტების დახლები სრულდება, ბაზრობის ადმინისტრაციამ მათთვის მაგიდები გაამზადა და ტერიტორია ქოლგებით გადახურა.
წინდებით მოვაჭრე, რომელსაც სახელის დასახელება არ სურს, გვიყვება, რომ ბაზარში მასთან კლიენტი აღარ შედის და შემოსავალი შეუმცირდა. ამბობს, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს და მანამ, სანამ გარეთ ვაჭრობას აუკრძალავდნენ, ბანკიდან სესხი აიღო:
"დღეს, დილიდან ოთხ საათამდე, მხოლოდ ორი ლარი ვივაჭრე. მეტროს წინ ადგილი არ მქონდა, სადაც მომიწევდა იქ ვჯდებოდი, აქ მაქვს, თუმცა რად მინდა ცარიელი მაგიდა თუ ვერ ვივაჭრე. მარტო ადგილი არაფერს წყვეტს".
მოვაჭრე ამბობს, რომ სურს რაიმე სხვა საქმით დაკავდეს და სადმე დასაქმდეს, თუმცა ასაკის გამო, ვერც ამას ახერხებს:
"51 წლის ვარ. მივალ გასაუბრებაზე, ასაკს რომ მეკითხებიან, უკან მიშვებენ, ეს ასაკის ზღვარი მაინც მოშალონ".
ყვავილების გამყიდველი
გლდანის ბაზრის გარეთ, ჯერ კიდევ დადიან ქუჩაში გარემოვაჭრეები გასაყიდი პროდუქტით ხელში.
ყვავილების გამყიდველი მუდმივად ეკამათება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უმტკიცებს, რომ მან უნდა იაროს და არ გაჩერდეს ერთ ადგილზე გასაყიდი ყვავილებით ხელში:
"თბილისში ვცხოვრობ, ნაქირავებში. ადრე მეორადებს ვყიდდი, ახლა ყვავილებს მოვკიდე ხელი და ამასაც მიშლიან. სად წავიდე? მეუბნებიან არ შეიძლება, უნდა იაროო. ვეუბნები, ცოტა ხანი დავისვენებ, რა იქნება მეთქი, ანუ სიარული შეიძლება ყვავილით და დადგომა - არა. ხანდახან რომ დავდგე და დავისვენო 67 წლის ქალმა, ესეც არ შეიძლება. მუხლებში ძალა აღარ მაქვს. სამართალი აღარ არის საქართველოში და არც იქნება".
ყვავილებით მოვაჭრე ამბობს, რომ მეუღლე დაეღუპა, სახლში კი ორი შვილი ჰყავს. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო ყვავილებით ვაჭრობაა:
"აქედან 50 თეთრი რომ დამრჩება, რა უნდა შევიტანო, არც იყიდება, რამდენი ხანია დავატარებ და ერთი ყვავილიც არ გამიყიდა ჯერ".
"ზრუნვა" საკვების უსაფრთხოებაზე
ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რის გამოც თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს ქუჩაში მუშაობა აუკრძალა, საკვები პროდუქციის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა იყო. თბილისის ბაზრებში, ზოგიერთ დახლზე, სადაც მერიამ გარემოვაჭრეებს შესვლა და იქ საქმიანობა შესთავაზა, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობები ისევე არ არის დაცული, როგორც ქუჩაში - ყველი პირდაპირ დახლზე, შეფუთვის გარეშე დევს, თევზი კი - მუყაოს ყუთებში, ასევე შეფუთვის გარეშე.
დეზერტირების ბაზრის მეორე სართული ნახევრად დაცარიელებულია, როგორც ვაჭრებისგან, ასევე მყიდველისგან. დახლების უმეტესობა შეფუთულია. იქ დარჩენილი მოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მყიდველის სიმცირის გამო, იქ ვერავინ ჩერდება და მიდიან.
ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეები დეზერტირების ბაზრის ღია, ფასიან ტერიტორიაზე სხედან და მათი პირობები დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც გარემოვაჭრეებს ჰქონდათ. ქალები და კაცები პატარა ტაბურეტზე სხედან და თავისივე ყუთზე შემოლაგებულ ან მიწაზე დაყრილ ბოსტნეულს ყიდიან.
გარემოვაჭრეების ნაწილი კი ახლაც, ზედამხედველობის სამსახურისგან მალულად, დახლების გარეშე დგას ქუჩაში და ადგილების მონაცვლეობით ცდილობს პროდუქტების გაყიდვას.
დახლების გარეშე, შიდა, გადაუხურავ ღია ტერიტორიებზე, თბილისის არაერთ ბაზრობაზე ვაჭრობენ. დეზერტირების ბაზრის მსგავსად, პროდუქცია აქაც პირდაპირ მიწაზე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე იყიდება. ასეთ ბაზრობებს გარევაჭრობისგან, ალბათ, მხოლოდ ერთადერთი რამ განასხვავებს - როგორც ჩანს, ის სრულად ჯდება დედაქალაქის მთავრობის მიერ დადგენილ თბილისის იერსახის სტანდარტებში.
კომენტარები