ნატა მაჭარაშვილი — რთულია, იცხოვრო იქ, სადაც ჰომოფობია მძვინვარებს
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
რთულია, იყო ტრანსგენდერი, მით უმეტეს, საქართველოში. ვერ შოულობ სამსახურს, ქუჩაში შენს ნებაზე ვერ გადაადგილდები, ელემენტარულად, მარკეტში არ შეგიძლია შესვლა. ტრანსპორტით საერთოდ ვერ მგზავრობ, მუდმივად ტაქსით სარგებლობა და ყოველ ჯერზე ორმაგი ფულის გადახდა გიწევს. მშვიდად ვერ იქნები, არ იცი, ვინ დაგესხმება თავს. რთულია, იცხოვრო იქ, სადაც ჰომოფობია მძვინვარებს.
მე ვარ ნატალია მაჭარაშვილი, 26 წლის ტრანსგენდერი ქალი. წარმოშობით იმერეთიდან ვარ, საჩხერის რაიონიდან. გავიზარდე ძალიან კარგ ოჯახში, მყავდა შესანიშნავი სამეზობლო. ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში მივხვდი, რომ არ ვიყავი კაცი. პატარაობიდანვე მეტყობოდა, რომ სხვებისგან განვსხვავდებოდი. ამაზე გართულება არც ოჯახის წევრებს ჰქონდათ და არც ნაცნობებს, რადგან პატარა ვიყავი, ფიქრობდნენ, რომ ეს ბავშვური გატაცება იყო. ვცხოვრობდი ერთ პატარა, ძალიან ლამაზ სოფელში, კორბოულში, ჩემს დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად.
ბავშვობაში სირთულეები არ გამომივლია, ხანდახან თუ დამიძახებდნენ ხოლმე "ქეთინოს", რაც ჩემში გაღიზიანებას იწვევდა. სხვათაშორის, არც სკოლაში გამომივლია რთული პერიოდი. შესანიშნავი პედაგოგები და კლასელები მყავდა. იშვიათად თუ გააკეთებდნენ კომენტარს ჩემს მანერებზე, რადგან ბიჭივით არ დავდიოდი, ქალური სიარული მქონდა.
6 წლის ასაკიდან დავიწყე საკუთარი თავის აღმოჩენა. ჩემი კლასელი ბიჭი მიყვარდა. ამ დროიდან მოყოლებული, უკვე ვიცოდი, რომ გოგოები არ მაინტერესებდა. სულიერად ვგრძნობდი, რომ ქალი ვიყავი და მხოლოდ გარეგნულად ვგავდი კაცს. პატარა ვიყავი და მაშინ არ მქონდა იმის საშუალება, საკუთარი თავი ბოლომდე გამომეხატა. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მინდოდა, ან რისი გაკეთება მსურდა. სახლში მარტო ყოფნის დროს, ქალის ტანსაცმელებსა და ფეხსაცმელში გამოწყობა, მანიკურის წასმა და იმის კეთება შემეძლო, რაც სიამოვნებას მანიჭებდა.
როდესაც წამოვიზარდე და უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება შემეძლო, 14 წლის ვიყავი და თბილისში წამოვედი, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. გავხდი ტრანსგენდერი ქალი, რომლად ყოფნაც მსიამოვნებდა. დავიწყე ქალის ტანსაცმლის, სუნამოებისა და ყველანაირი ნივთის გამოყენება.
საჯარო ქამინგაუთი 16 წლის ასაკში გავაკეთე, ერთ-ერთ ქართულ გადაცემაში ვიყავი მისული და ამის საშუალებით, ყველამ გაიგო ჩემი იდენტობის შესახებ. ეს იყო პირველი დიდი ნაბიჯი — მინდოდა, ყველას გაეგო ვინ ვიყავი და აღარ მსურდა დამემალა ჩემი ცხოვრების შესახებ. ძნელი იყო, მაგრამ არც იმ ადამიანად ყოფნა მინდოდა, რომელიც რეალურად არ ვარ. რა თქმა უნდა, ამის გამო ჩემიანებს პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, ორი წელი არ მელაპარაკებოდნენ, მაგრამ დღესდღეობით, ნათესავების ჩათვლით და მამაჩემის გარდა, ყველასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს.
საქართველოდან წამოსვლას რაც შეეხება, საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით, უცხო გარემოსთან ადაპტაცია. რაღაც მომენტში ქუჩაში დარჩენაც მომიწია, რადგან ბინას ვერ ვქირაობდი. რთული დღეები გავიარე, მაგრამ შემდეგ გავიცანი ტრანსგენდერი ქალები, რომლებმაც ყველაფერში ხელი შემიწყეს.
საქართველოში ცხოვრება ადამიანებს უჭირთ, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ლგბტქი თემის წევრებზე ვსაუბრობთ თუ ჰეტეროსექსუალებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვიარებისთვის უფრო რთულია. მათ ბევრი დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა უწევთ. მაგალითისთვის, საავადმყოფო რომ ავიღოთ, სანამ გაიგებენ, რომ ტრანსგენდერი ქალი ხარ, ჩვეულებრივად გექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ გაგების შემდეგ დამოკიდებულება წამებში იცვლება, ყურადღებას აღარ გაქცევენ. იგივე სიტუაციაა პოლიციასთან მიმართებაშიც, მქონია შემთხვევა, როცა გამოძახებულ ეკიპაჟს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია მომხდარ დანაშაულზე.
ვერ იხდი ქირას, ვერ მუშაობ. მქონდა შემთხვევა, მეპატრონემ ბინიდანაც გამომაგდო, როდესაც ჩემ შესახებ შეიტყო. გამომაგდო, რადგან ტრანსგენდერი ქალი ვიყავი. ზოგიერთს სექსმუშაკად უწევს მუშაობა, რომ საჭმლის ფული ჰქონდეს და არსებობა შეძლოს. აქ ცხოვრებაზე საერთოდ არ არის საუბარი, ცხოვრება კიდევ სულ სხვა რამეა. საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით კარგი არაფერი მახსენდება, ალბათ, რომ იყოს ასეთი ეპიზოდებიც, უცხო ქვეყანაში არ წამოვიდოდი. სულ ნერვიულობა მიწევდა ნებისმიერ საკითხზე, სულ რაღაცას განვიცდიდი.
საქართველოს დატოვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს სამყარო გადატრიალდა. ემოციებს ვერ ვმალავ ისეთ კარგ ქვეყანაში მოვხვდი, ბელგიაში. აქ სიმშვიდეა. არავინ გირტყამს, არავინ გაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეალურად, არავის აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, მთავარია, ადამიანურად და ზრდილობიანად მოქცევა შეგეძლოს. შედარებაც არ არის საქართველოსთან. აქ სკოლაში დავდივარ, ვსწავლობ. ძალიან კარგი კლასელები მყავს, ასაკით დიდებიც არიან, 50 წლამდე და მშვენიერი პედაგოგები. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, არც სამუშაოს მხრივ არის პრობლემა. ხანდახან ქუჩაში გასვლისას, მავიწყდება ტრანსგენდერი ქალი რომ ვარ, უბრალოდ, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის საქმეებზეა გამოსული.
საქართველოში იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ ეკლესია მიიღებს ჩვენნაირ ადამიანებს და მხარს დაგვიჭერს, უარს იტყვის ძალადობაზე. რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ცხოვრება, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მთავარია, ამის შესაძლებლობა იყოს. საქართველო თუკი შეიცვლება, დაბრუნებაზე უარს არავინ იტყვის.
მინდა, პირველ რიგში, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ ქამინგაუთი — ნურაფრი შეეშინდებათ, საკუთარი თავი მიიღონ და უფრო კარგად იგრძნობენ თავს, ნუ იქნებიან ჩაკეტილები. რთული პერიოდის გავლა მოუწევთ, მაგრამ ყველაფერი გადალახვადია და ეს არ დაავიწყდეთ.
კომენტარები