მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ და სად გაჩნდა შავი ჭირი
შავმა ჭირმა გაანადგურა ევროპის მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი და მე-14 საუკუნის შუა წლებში მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. იგი ითვლება ყველაზე მომაკვდინებელ ეპიდემიად, რაც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში.
თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისტორიკოსები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, როდის და როგორ დაიწყო ეს საშინელი პანდემია. თუმცა, ახლა საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შავი ჭირის ნამდვილი წარმომავლობა.
დაახლოებით 140 წლის წინ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საფლავის ქვები წარწერებით სირიულ ენაზე, რაც გვეუბნებოდა, რომ აქ დაკრძალულები ამოუცნობი ჭირით დაიღუპნენ.
სწორედ ეს ნამარხები შეისწავლეს ახალი კვლევის ავტორებმა. მკვლევრების აზრით, დნმ-ის ნიმუშებიდან მიღებულმა მონაცემებმა გამოავლინა ინფორმაცია, რის მიხედვითაც შავი ჭირის წარმოშობის ირგვლივ დებატების დასრულება შეგვიძლია.
ასევე: ისტორია უცნაური ნიღბის მიღმა, რომელიც შავი ჭირის დროს ექიმებს ეკეთათ
შავი ჭირის დასაწყისი
შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც გარეული მღრღნელები ავრცელებენ. ეს დაავადება შეიძლება კიდევ შეგვხვდეს ადამიანში, მაგრამ მისგან განკურნება ანტიბიოტკებით მარტივია. მკვლევრებმა წარსულში აღმოაჩინეს მრავალი შტამი (გენეტიკური მასალა), რაც ვარაუდობს, რომ შავი ჭირი 900-1300-იან წლებში გამოჩნდა. თუმცა, ვერც ერთმა ამ აღმოჩენამ ზუსტად ვერ გამოავლინა კონკრეტული წელი, როდესაც ეს ინფექცია პირველად გამოჩნდა.
ევოლუციური მოვლენა, რამაც Yersinia Pestis-ის მრავალი ახალი "შტოს" გაჩენა გამოიწივია (Y. pestis არის ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია შავი ჭირის ინფექცია), მოიხსენიება როგორც ამ ეპიდემიის Big Bang — დიდი აფეთქება. მისი კვლევით წარსულში მეცნიერებმა მრავალ შტამს მიაგნეს და სწორედ ის ითვლება შავი ჭირის საწყისად.
"შავი ჭირი, როგორც ჩანს, კაცობრიობის ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია იყო. ეს ის რაც ვიცით. მან დაახლოებით 7 წლის განმავლობაში (1346-53) დასავლეთ ევრაზიის მთლიანი მოსახლეობის 50-60 პროცენტი მოიცვა. მისი წარმოშობა საინტერესო იყო როგორც მე-14 საუკუნის თანამედროვებისთვის, ისე დღევანელი ისტორიკოსებისა და მეცნიერებისთვის. თუმცა, აქამდე შავი ჭირის გეოგრაფიული და ქრონოლოგიური წარმოშობის შესახებ კამათი არ წყდებოდა", — უთხრა IE-ის კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და სტერლინგის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა, ფილიპ სლავინმა.
კვლევის დროს მეცნიერებმა შეაგროვეს დნმ-ის ნიმუშები ადამიანის კბილების ნარჩენებიდან. საუბარია შვიდი ადამიანის ნამარხზე, რომლებიც დაიღუპნენ ეპიდემიის გამო. მკვლევრებმა არ ამოიღეს დნმ სხეულის სხვა ნაწილიდან, რადგან კბილები რჩება შენარჩუნებული ადამიანის სიკვდილის შემდეგაც და შეიცავს შენახულ პათოგენებს. გენეტიკური მასალის ანალიზმა სამ ადამიანში გამოავლინა ჭირის ბაქტერია Yersinia pestis.
პროფესორმა სლავინმა აღნიშნა, რომ სამიდან ორის გენომს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია შემორჩენილი რათა ჭირის წარმოშობა დაედგინათ.
"Yersinia pestis გამოვლინდა სამ ინდივიდში. ამ 3-დან მხოლოდ 2-ის კბილს ჰქონდა შესაბამისი გენომური საფარი, მაგრამ საკმარისი იყო მათი გაერთიანება გენომის გაზრდილი გარჩევადობისთვის. ამით მკაფიო სურათი მივიღეთ. ამან საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა მათი ევოლუციური პოზიცია ფილოგენეტიკურ ხეზე", — თქვა სლავინმა.
დნმ-ის ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ შავი ჭირი პირველად გავრცელდა 1338-1339 წლებში ცენტრალურ აზიაში, ისიკ-კულის ტბის მახლობლად მცხოვრები საზოგადოების წევრებს შორის (ამ ადგილს ახლა ყირგიზეთი ჰქვია).
კვლევის წამყვანი ავტორი და ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი მარია სპიროუ წერს: "ჩვენ ვიპოვეთ შავი ჭირის წყარო, პირველი შტამი და ვიცით მისი ზუსტი თარიღი — 1338 წელი."
რატომ არის ეს აღმოჩენები ახლა მნიშვნელოვანი?
მკვლევრები თვლიან, რომ განვითარებადი ეპიდემიური დაავადებების ფენომენის გასაგებად აუცილებელია რაც შეიძლება დიდი ევოლუციური სურათის არსებობა. ინფორმაცია (როგორიცაა სხვადასხვა შტამებიდან შეგროვებული მონაცემები) წარსული დაავადებების წარმოშობის შესახებ, კონკრეტულ შემთხვევაში შავი ჭირი, დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ ვითარდება და სრულდება პანდემიები დროთა განმავლობაში. მეტიც, ეს გადამწყვეტ როლს თამაშობს დაავადების ისტორიისა და ევოლუციის შესახებ ჩვენი ცოდნის გაზრდაში.
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature.
კომენტარები