ნანორობოტების არმია სისხლში — როგორი იქნება მომავლის მედიცინა
რას იტყვით რობოტზე, რომელსაც ნებისმიერი დაავადებისგან თქვენი განკურნება შეუძლია? ალბათ უარზე არ იქნებოდით, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს მსგავსი უნივერსალური მკურნალი მანქანა.
თუმცა, ყველაფერი წინ არის. ერთ კონკრეტულ რობოტს ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ შეიძლება შევქმნათ ათასობით ასეთი, ათი ათასობით და ვინ იცის მილიონობითაც. როგორ? საუბარია მინი რობოტებზე, იგივე ნანორობოტებზე.
სწორედ ასეთი მკურნალობის დანერგვა უნდათ ნანობოტების სამედიცინო ტექნოლოგიის მომხრეებს. სამეცნიერო ფანტასტიკისთვის ეს იდეა უცხო აღარაა, მაგრამ ახლა ის მეცნიერებაშიც იმკვიდრებს ფეხს. მეტიც, ნანობოტების ტექნოლოგიის პოტენციალი შეიძლება იმაზე დიდიცაა, ვიდრე ეს ფანტასტებს წარმოუდგენიათ. მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიიდან შეიმუშავა მნიშვნელოვანი პროტოტიპი, რომელიც ამ კონცეფციის ვალიდურობას ახდენს.
ასევე: შექმნეს ნანობოტების "არმია", რომელიც კბილებში არსებულ ბაქტერიებს ებრძვის
"ავტონომიური მოლეკულურ მანქანებად" წოდებული ახალი ნანოტექნოლოგია ამ მხრივ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
"ბიოლოგიით შთაგონებულები, ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ დნმ-ის ორიგამის რეცეპტორს, რომელიც იყენებს მრავალვალენტიან ურთიერთქმედებებს სტაბილური კომპლექსების შესაქმნელად", — ამბობენ მკვლევრები.
ასევე: შექმნეს ნანორობოტები, რომლებიც კიბოს უჯრედებს პოულობენ და ანადგურებენ
დნმ-ის ნანობოტები დნმ-ისა და ცილებისგან დამზადებული ნანომეტრის ზომის სინთეზური მანქანებია. ისინი ავტონომიურები არიან, რადგან თავად დნმ-იც ავტონომიურია. ჩვენი დნმ არა მხოლოდ ატარებს კოდს, რომელშიც ჩვენი ბიოლოგიაა დაწერილი, მან ასევე იცის, როდის რა უნდა შეასრულოს. ამის მიზეზია ის, რის გამოც, მაგალითად, თქვენი მარცხენა და მარჯვენა ფეხები დაახლოებით ერთნაირი სიჩქარით იზრდება.
დნმ-ის ნანოტექნოლოგიის სფეროში წინა ნამუშევრებმა გვიჩვენა თვით-აწყობის მოდელი, სადაც მექანიზმებს შეუძლიათ დნმ-ის კოდის გადაცემა, ისევე როგორც ამას ბუნებრივი დნმ აკეთებს.
თუმცა, ახალი ტექნოლოგია ავსტრალიიდან არ ჰგავს იმას, რაც აქამდე გვინახავს. ის კიდევ შემდეგი ეტაპია. ამ კონკრეტულ ნანორობოტებს შეუძლიათ მეტის გადაცემა, ვიდრე უბრალოდ დნმ-ის ინფორმაციაა. თეორიულად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ ცილების ნებისმიერი კომბინაციის მიწოდება კონკრეტულ ბიოლოგიურ სისტემაში.
უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ: მომავლის მედიცინა ბევრად უფრო საინტერესო იქნება. მომავალში ნანორობოტებს პირდაპირ დავაპროგრამებთ იმის მიხედვით თუ რისგან გვინდა, რომ დაგვიცვან. ეს შეიძლება იყოს ბაქტერია, ვირუსი, კიბოს უჯრედი თუ სხვა. შეიქმნება ნანორობტოების სპეციალური ჯგუფები, არმიები, სადაც თითოეულ წევრს ექნება კონკრეტული ცილა და, როდესაც ისინი აღმოაჩენენ ცუდ უჯრედს, მათ შეეძლებათ საფრთხის განეიტრალება.
შესაბამისად, მომავალში ჩვენს სისხლში მკვლელი რობოტების არმია იქნება, რომლებიც, რა თქმა უნდა, ვენივე დასაცავად იმოქმედებენ. როგორც კი ორგანიზმში საფრთხე გაჩნდება, ისინი მზად იქნებიან იმოქმედონ.
მსგავსი მედიცინა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ როგორც ვხედავთ პროცესი დაძრულია. მსგავს პრინციპებზე დაფუძნებული ნანორობოტების მიერ "ტვირთის" გადატანის დემონსტრირებას მკვლევრები უკვე ახდენენ.
ჰიპოთეტურად, მეცნიერებს საბოლოოდ შეეძლებათ ნანორობოტების გამოყენება ჭკვიანი მასალების დასამუშავებლად, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად უპასუხონ სტრესს — ეს გამოსადეგი იქნება ჭკვიანი ტანსაცმელისთვისაც.
და, ალბათ, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შორეულ მომავალში შესაძლებელი იქნება სრულად ფუნქციონირებადი მოლეკულური კომპიუტერების აშენება დნმ-ის ნანორობოტების გამოყენებით.
რას ნიშნავს ეს?
შორეულ მომავალში (ან არც ისე შორეულ) ყველა ადამიანს შეეძლება ჰქონდეს მოლეკულური კომპიუტერული სისტემები თავის სხეულში. ეს ცოცხალი მანქანები ააშენებენ და გააკონტროლებენ შიდა ბიო-ქარხნებს, რომლებიც შექმნიან მონადირე-მკვლელ ნანორობოტებს იმ ცილებისგან, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ. და ჰოის საოცრებავ, ჩვენ დაავადებებისგან სამუდამოდ გავთავისუფლდებით.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპიუტერები სრულიად უსაფრთხო იქნება. ჩვენ მათ მემკვიდრეობით მივიღებთ მშობლების დნმ-დან, ასე რომ, ეს ჩვენი ნაწილი იქნება, როგორც გული ან ტვინი. მაშ ასე, ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები