შექმნეს ნანორობოტები, რომლებიც კიბოს უჯრედებს პოულობენ და ანადგურებენ
როგორც სფეროში მოღვაწე ექსპერტები ამბობენ, ჩვენ ნანო-ტექნოლოგიებში რევოლუციის ზღვარზე ვართ.
ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ქიმიოთერაპიული მედიკამენტების კიბოს უჯრედებში გადატანის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს. ისინი ამისთვის ნანორობოტებს იყენებენ.
ეს შეიძლება არსებითად დაგვეხმაროს კიბოს დამარცხებაში, რადგან სპეციალურად შექმნილი ტექნოლოგია პირდაპირ კიბოს უჯრედებში ინექციის გაკეთების საშუალებას იძლევა.
ნანორობოტები სიმსივნურ უჯრედებამდე სპეციალური მაგნიტების საშუალებით აღწევენ
დღეს, ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე დარეგისტრირებული პაციენტების უმეტესობა ღებულობს კიბოს გამანადგურებელ წამლებს პერორალურად ან ინტრავენურად. თუმცა, ორივე მეთოდს აქვს არასასურველი გვერდითი მოვლენები. ამის ფონზე, ახალ მეთოდს შეუძლია შეამციროს გვერდითი მოვლენები. ეს პაწაწინა არსებები თავიანთი მიზნისკენ (ამ შემთხვევაში, კიბოს უჯრედებისკენ) მიემართებიან მაგნიტების საშუალებით და შეჰყავთ სპეციალური მედიკამენტი პირდაპირ სიმსივნის უჯრედებში. 3D პრინტით დაბეჭდილ ჰიდროგელისგან შემდგარ მიკრორობოტებს ცხოველების ფორმა აქვთ.
პაწაწინა რობოტების არმია
კვლევის ფარგლებში ნანორობოტებმა სიმსივნური უჯრედების განადგურება შეძლეს. დამატებით ტესტებში, კიბორჩხალის ფორმის ნონორობოტები შეიქმნა იმისათვის, რათა წამლის ნანონაწილაკები კლანჭებით გადაიტანონ. შედეგად, მიზნამდე მიღწევისას ნანორობოტმა კლანჭებისგან წამალი გამოათავისუფლა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ მეთოდით ისინი ადამიანის სხეულში სხვდასხვა მედიკამენტების პირდაპირი და ზუსტი დამიზნებით "გადაგზავნას" შეძლებენ. მეცნიერები მსგავს ტექნოლოგიებზე ადრეც მუშაობდნენ, მაგრამ კიბორჩხალისა და თევზის ფორმის ნანორობოტების უახლესი დიზაინი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან მათ შეუძლიათ ავტომატურად გამოუშვან წამლები მკურნალობისთვის საჭირო კონკრეტულ ადგილას.
ბუნებრივია, ეს მიკრორობოტები ბაზარზე უახლოეს რამდენიმე თვეში არ გამოჩნდება. მკვლევართა ჯგუფის თქმით, რობოტები ზომაში კიდევ უფრო პატარა უნდა იყვნენ და საჭირო იქნება მათი გამოსახულებისა და მოძრაობისთვის თვალყურის დევნება.
"ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი არასწორ ადგილას აღმოჩნდნენ, არასწორი წამლით. მსგავსი ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, თუმცა მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ. ასეთ ტექნოლოგიას შეუძლია კიბოს დამარცხებაში დაგვეხმაროს", — ამბობენ მკვლევრები.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები