ახალი კვლევა გონების ძალით საგნების გადაადგილების მეთოდს გვთავაზობს — ტელეკინეზი?
ერთი შეხედვით, გონების ძალით საგნების გადაადგილება, ტელეკინეზი, ფენტეზის ჟანრს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე რეალობას, თუმცა ჩინელ მეცნიერებს სურთ, ეს ე.წ. მეტამასალების გამოყენებით შესაძლებელი გახადონ. მათი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კვლევა კი, რომელიც ჟურნალ eLight-ში გამოქვეყნდა, გონების ძალით საგნების გადაადგილების ერთგვარ ინსტრუქციას გვთავაზობს.
მექანიზმი შემდეგნაირია: ადამიანის ტვინი ფიქრის პროცესში ტალღებს წარმოქმნის, ამიტომაც მეცნიერებმა იფიქრეს, რომ ამ ტალღების შეგროვება და მეტაზედაპირთა საკონტროლო სიგნალების სახით გამოყენება მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა, მეტაზედაპირები გონებით ემართათ. ამის განხორციელება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ჭკვიანი მეტაზედაპირების შექმნის საქმეში, რომელთა მართვაც ტელეკინეზით შეიძლება.
მეცნიერებმა მომხმარებლიდან მართვის მოწყობილობამდე ტვინის ტალღების მანიპულირება ყოველგვარი სადენების გარეშე, ბლუთუზის გამოყენებით, შეძლეს. მათი საბოლოო მიზანი იყო, ადამიანის ტვინის მიერ წარმოქმნილი ტალღები გამოეყენებინათ პროგრამირებად მეტაზედაპირებზე ელექტრომაგნიტური ტალღების პასუხის სამართავად. დადგინდა, რომ მომხმარებელს ამის გაკეთება ნამდვილად ეფექტურად შეეძლო.
როგორც ჩანს, მათი მოდელი იმაზე ბევრად დახვეწილია, ვიდრე ამ დროისათვის ბაზარზე არსებული ნებისმიერი სხვა პროდუქტი — გამოკვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლის ტვინის მიერ წარმოქმნილი ტალღები შედეგს პირდაპირ მართავდა და კონტროლის უკეთეს მაჩვენებელს გვთავაზობდა. მიუხედავად ამისა, პროცესის ოპტიმიზებისათვის მათ გარკვეული შრომა კვლავაც სჭირდებათ.
მაგალითისთვის, შესაძლებელია დიზაინის იმგვარად გაუმჯობესება, რომ მათი აღჭურვილობის სიზუსტე გაიზარდოს. ეფექტურობისა და სიზუსტის გასაზრდელად მკვლევრებს ახალი მოდელის ჭკვიან ალგორითმებთან კომბინირება სურთ. შესაძლოა გამოიყენონ 5G/6G საკომუნიკაციო ტექნოლოგია, ჭკვიანი სენსორები და სულაც ჯანდაცვის სექტორი.
აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ექსპერიმენტირება ახალი სულაც არაა — ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ CTRL-labs-მა ვირტუალურ გარემოში ტელეკინეზი შეძლო. მათი CTRL-kit ტექნოლოგია ადამიანს საშუალებას აძლევდა, 3D სივრცეში ხელების გამოყენებით აეღო ნივთები და მათი სიჩქარე ეკონტროლებინა.
მოგვიანებით, 2021 წელს, მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შემოგვთავაზეს იდეა, რომელიც ნანონაწილაკების გამოყენებით ადამიანთა ტვინების კომპიუტერულ ინტერფეისებთან დაკავშირებას გულისხმობდა, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი არცერთ მცდელობას არ გამოუღია.
კომენტარები