ხშირი კოშმარები შესაძლოა, პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
დიდ ბრიტანეთში მდებარე ბირმინგემის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, შედარებით ხნიერ კაცებში ხშირი კოშმარები პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს. კერძოდ, ასეთ ადამიანებში რისკი ორჯერ დიდია, ვიდრე, მათში, ვინც ცუდ სიზმრებს იშვიათად ხედავს.
აღსანიშნავია, რომ კოშმარებსა და ნერვული სისტემის ამ დეგენერაციულ დაავადებას შორის კავშირს სპეციალისტები უკვე რამდენიმე წელია, განიხილავენ, თუმცა მასზე, როგორც ერთგვარ ინდიკატორზე აქამდე არ კონცენტრირებულან.
"ეს შესაძლოა, პარკინსონის ადრეული დიაგნოსტირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყოს. ამისთვის ძალიან ცოტა ინდიკატორია, რომელთა გამოვლენასაც ძვირადღირებული სამედიცინო ტესტირება სჭირდება, თანაც ისინი ისედაც გავრცელებული და არასპეციფიკურია, მაგალითად, დიაბეტი", — აცხადებენ ავტორები.
მათ აშშ-ში მცხოვრები 3 818 კაცის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც12-წელზე მეტხნიან პერიოდს მოიცავდა. კვლევის დასაწყისში ცდისპირებს კითხვარის შევსება დაავალეს, მათ შორის ძილის შესახებ. ის ადამიანები, რომლებიც ცუდ სიზმრებს კვირაში ერთხელ მაინც ხედავდნენ, მთავარი სამიზნე ობიექტები იყვნენ.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პარკინსონი სულ 91 ადამიანს დაუდგინდა, მეტწილად, პირველ 5 წელში. სტატისტიკურად, აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებული დიაგნოზის რისკი სწორედ იმ ადამიანებში იყო 2-ჯერ მეტი, ვისაც კოშმარები ხშირად ესიზმრებოდა.
შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი მთავარი სიმპტომების (კანკალი, მოძრაობის გაძნელება/შენელება და სხვა.) გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე ჯერ კოშმარები იჩენდეს თავს. მეცნიერები გეგმავენ, რომ ელექტროენცეფალოგრაფიის მეშვეობით დაადგინონ, რა ბიოლოგიური მიზეზებითაა განპირობებული სიზმრების მსგავსი ცვლილება.
მათი ნაშრომი გამოცემაში EClinicalMedicine გამოქვეყნდა.
კომენტარები