გასაიდუმლოებული სუპერკომპიუტერები? — მსოფლიოს ყველაზე კომპლექსური მანქანები
სუპერკომპიუტერი, სახელად Frontier ფართოდაა ცნობილი, როგორც მსოფლიოს პირველი "ეგზაშკალური" მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ Frontier ხშირად იკავებს სუპერკომპიუტერთა სიაში მოწინავე ადგილს, სავსებით დასაშვებია, ვიღაცას ეგზაშკალური შესაძლებლობების კომპიუტერი Frontier-მდე უფრო ადრე, ფარულად შეექმნა.
რა არის ეგზაშკალური კომპიუტერი, და რატომაა ის ესეოდენ მნიშვნელოვანი? "ეგზაშკალური" არის ტერმინი, რომელიც აღწერს მანქანას, რომელსაც წამში მილიარდჯერ მილიარდი ოპერაციის შესრულება ძალუძს. ეგზაშკალური მაჩვენებლის მიღწევა დიდი ხანია მწარმოებლებისა და მეცნიერების მიზანია.
დღეს სუპერკომპიუტერები მრავალ მეცნიერულ კვლევაში უმნიშვნელოვანეს როლებს ითავსებენ, ატარებენ უზარმაზარ სიმულაციებს ყველა თემაზე, დაწყებული ბირთვული ფიზიკიდან, დამთავრებული სხვადასხვა პრეპარატთა ეფექტებით. ისინი ასევე გამოიყენებიან მონაცემთა შეგროვებისა და პატერნების ძიებისათვის. ყველაზე მძლავრი კომპიუტერების ქონა აკადემიკოსებს, კომპანიებსა და ხელისუფლებებს უპირატესობას აძლევს.
ვინ ადევნებს თვალყურს მსოფლიოს უძლიერეს სუპერკომპიუტერებს?
სუპერკომპიუტერთა უმთავრესი ჩამონათვალი არის Top500, რომელიც ზომავს ერთ მაჩვენებელს: რამდენად სწრაფად შეუძლია მანქანას მრავალი განტოლების ამოხსნა ე.წ. LINPACK პროგრამით. ეს გვაძლევს მაჩვენებელს, რომელსაც Float-point operations per second, იგივე FLOPS ჰქვია.
Top500-სის გუნდის წევრი ჯეკ დონგარაც კი აღიარებს, რომ ჩამონათვალში ყველა სუპერკომპიუტერი არ არის, სიაში კი მხოლოდ მაშინაა მატება, როცა კომპიუტერის მფლობელი მოისურვებს გაზომოს შესაძლებლობები და გადააგზავნოს პასუხი.
"თუ არ გამოგზავნიან, არც აისახება, მე მათ ვერ ვაიძულებ", — აცხადებს ის.
რატომ შეიძლება არ უნდოდეს სუპერკომპიუტერის მფლობელს სიაში ყოფნა?
ზოგ მფლობელს ურჩევნია არ დადოს გაზომილი მაჩვენებელი, ანდაც საერთოდ დამალოს სუპერკომპიუტერის არსებობა. საიმონ მაკინტოშ-სმიტი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს რომ სადაზვერვო/უშიშროების სამსახურებს და კომპანიებს აქვთ მიზეზები რომ კომპიუტერები ფარულად ჰქონდეთ, თუმცა ზოგი აკდაემიკოსი მხოლოდ იმიტომ არაა სიაში, რომ უბრალოდ არ შეუწუხებია თავი სიაში შედეგების გადაგზავნით.
Blue Waters-ის პროექტის დირექტორმა ბილ კრამერმა 2012 ში განაცხადა, რომ Top500 "ოდესღაც საინტერესო იყო, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება საზიანოც კი იყოს."
როგორ შეიძლება კომპიუტერთა სიმძლავრის აღრიცხვა საზიანო იყოს?
FLOPS-ი გამოსადეგი ნიშნულია, თუმცა სხვადასხვა ტიპის მანქანები სხვადასხვა დავალებაზე არიან სპეციალიზებული, ამიტომ LINPACK ყოველთვის ობიექტური საზომი არაა.
მაკინტოშ სმიტი ამბობს, რომ საპირისპიროდაც ხდება — ზოგ მფლობელს იმდენად უნდა სიაში მოხვედრა, რომ კომპიუტერს ზუსტად FLOPS-ის ტესტში მაღალი ქულის ასაღებად გადააწყობენ ხოლმე, რამაც შეიძლება რეალურ გამოყენებაში სერიოზული კომპრომისები მოითხოვოს.
მაშასადამე, რამდენი ეგზაშკალური მანქანა არსებობს?
დონგარა აცხადებს, რომ ექსპერტებს შორის არის კონსეუსი, რომ ჩინეთს მინიმუმ ორი ეგზაშკალური მანქანა აქვს — OceanLight და Tianhe-3, და კიდევ უფრო დიდ კომპიუტერზე, Sugon-ზე მუშაობს. სამეცნირო ლიტერატურა ირიბად ადასტურებს ამ მანქანების არსებობას, ვინაიდან იყენებს მათ მიერ შესრულებულ გამოთვლებს.
მაკინტოშ სმიტი ფიქრობს, რომ სადაზვერვო სააგენტოებიც სიაში მოწინავე ადგილს დაიკავებდნენ, რომ სდომებოდათ.
"აშშ-ს უშიშროებაში ნამდვილად აქვთ ისეთი რაღაცეები, რაც მათ ამ სიის თავში მოახვედრებდა" — ამბობს ის. "ცხადია, გარკვეულ ჯგუფებს ამ კომპიუტერების სიაში მოხვედრა არ სურთ."
კომენტარები