წარმოიდგინეთ, 2030 წელია, თქვენ კი CES-ს, მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციას ესწრებით ლას ვეგასში. შეკრებილი საზოგადოება მოთმინებით ელის უახლესი სმარტფონის პრეზენტაციას. და აი ისიც – სცენაზე წარსდგება კომპანიის დირექტორი და ფარდას ახდის "ნიოროს" — ტელეფონს, რომელიც იყენებს სმარტფონთა შორის ყველაზე მძლავრ პროცესორს. "ნიოროს" შესწევს ძალა, შეასრულოს წამში კვინტილიონი ოპერაცია, ამ მაჩვენებლით კი 2020-ის წამყვან, ფლაგმან სმარტფონებზე ათასჯერ უფრო სწრაფია. ამასთან ერთად, იგი ათჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და მისი ელემენტი სრული დამუხტვით ათ დღეს ძლებს.

ჟურნალისტი სვამს კითხვას: "განა რა პროგრესმა გახადა შესაძლებელი ამხელა ნახტომი ტელეფონის შესაძლებლობებში?" დირექტორი კი პასუხობს: "ჩვენ შევქმენით ახალი ბიოლოგიური ჩიპი, ლაბორატორიაში გამოყვანილი ადამიანური ნეირონებით. ბიოლოგიური ჩიპები სილიკონის ჩიპზე ერთი თავით მაღლა დგას, რადგან შეუძლია საკუთარ შინაგან სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა, ადაპტირებადია მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე".

სხვა ჟურნალისტის კითხვაც ისმის: "ნუთუ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ჩიპებში ადამიანის ტვინის უჯრედების გამოყენება შეიძება არაეთიკური იყოს?"


სმარტფონის სახელი და ეს კონკრეტული სცენა სრულიად ფიქციურია, თუმცა უკანასკნელი წარმოსახვითი ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრი მაინც გვმართებს. 2021 წლის დეკემბერში მელბურნში დაფუძნებულმა კომპანია Cortical Labs-მა გამოზარდა ნეირონთა კონები, რომლებიც ჩანერგილი იქნა კომპიუტერულ ჩიპში. მსგავსი ჰიბრიდული ჩიპის შექმნა შესაძლებელია, რადგანაც კომპიუტერსა და ნეირონს აერთიანებთ საერთო "ენა" — ელექტრობა.

სილიკონის კომპიუტერებში ელექტრული იმპულსი გადაადგილდება ლითონის სადენების გავლით, ტვინში კი ნეირონები ერთმანეთს სინაფსის გავლით, ელექტრული სიგნალებით უკავშირდებიან. Cortical Labs-ის ჰიბრიდულ სისტემა Dishbrain-ში ნეირონები სილიკონის ჩიპებზე გამოზარდეს. ეს ნეირონები ითავსებენ სადენების ფუნქციას და აკავშირებენ სხვადასხვა კომპონენტებს. ასეთი სისტემის დიდი პლიუსია ის, რომ ნეირონებს ძალუძთ ფორმის, ზომის შეცვლა, გამრავლება ან კვდომა სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.

Dishbrain-მა შეძლო და ისწავლა "პონგის" თამაში კონვენციურ ხელოვნურ ინტელექტთან შედარებით გაცილებით სწრაფად. დეველოპერებმა თქვეს, რომ პროექტი სრულიად უპრეცედენტოა: "აქამდე არაფერ მსგავსს არ უარსებია... ეს არის ყოფიერების სრულიად ახალი მოდუსი. სილიკონისა და ნეირონის შერწყმა."

Cortical Labs-ში სჯერათ, რომ სწორედ მათი ჰიბრიდული ჩიპებია გასაღები იმ კომპლექსური აზროვნებისა, რომელიც წარმოუდგენელია დღევანდელი კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის. Koniku — კიდევ ერთ სტარტაპი, რომელიც ლაბორატორიაში გამოზრდილი ნეირონებით ამზადებს კომპიუტერებს, მიიჩნევს რომ მათი ტექნოლოგია სრულიად შეცვლის მრავალ ინდუსტრიას, მათ შორის აგროკულტურას, ჯანდაცვასა და სამხედრო სფეროს. ამ ორის გარდა, კიდევ რამდენიმე სხვა "ორგანული კომპიუტერი" არის არსებობის ჩანასახოვან სტადიაზე.

სილიკონის კომპიუტერებმა სამყარო შეცვალა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში, ისინი მაინც ვერ შეედრებიან ცოცხალ ტვინს. მაგალითად, კატის ტვინშიც კი 1000-ჯერ მეტი ინფორმაციაა, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ აიპადში, ამ ინფორმაციაზე წვდომა კი ცხოველს მილიონჯერ სწრაფად აქვს. ადამიანის ტვინს, ტრილიონი ნეირონული დაბოლოებით, ძალუძს წამში 15 კვინტილიონი ოპერაციის შესრულება.

მსგავსი მონაცემები დღეს მხოლოდ უზარმაზარ სუპერკომპიუტერებს აქვთ, რომლებიც ასევე უზარმაზარი ოდენობის ენერგიას მოიხმარენ. ადამიანის ტვინი მოიხმარს მხოლოდ 20 ვატ ენერგიას — დაახლოებით იმდენივეს, რამდენიც ნათურის ანთებას სჭირდება. იმ ოდენობის ინფორმაციის კომპიუტერზე შენახვას, რამდენსაც ადამიანის ტვინი იტევს, საათში 500 მეგავატის მაგენერირებელი 34 თბოელექტროსადგური დასჭირდებოდა.

კომპანიებს ნეირონების დონორები არ სჭირდებათ, ვინაიდან მათი გაზრდა ჩვეულებრივი კანის უჯრედებიდანაც კი შეიძლება. მეცნიერებს შესწევთ უნარი, სისხლის ან კანის უჯრედებიდან გამოიყვანონ ღეროვანი უჯრედი, რომელიც ნებისმიერი ტიპის უჯრედად გარდაქმნადია.

ამისდა მიუხედავად, იბადება კითხვები დონორების თანხმობის შესახებ. იციან კი ქსოვილის დონორებმა, რომ მათი უჯრედები შეიძლება ნეირონული კომპიუტერების დასამზადებლად გამოიყენებოდეს? საჭიროა მათი ინფორმირება, რათა მათი თანხმობა ვალიდური იყოს?

ფოტო: bogdanhoda / Shutterstock

ცხადია, რომ ადამიანი კანის უჯრედს გაცილებით უფრო მარტივად გაიღებს, ვიდრე ტვინისას. ტვინის დონაციის ერთ-ერთი მთავარია პრობლემა სწორედ ისაა, რომ ტვინი პირდაპირაა ასოცირებული იდენტობასთან, მაგრამ სამყაროში, სადაც "მინი ტვინების" გაზრდა შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის უჯრედიდან, რამდენადაა მართებული ტვინისა და იდენტობის გაიგივება?

თუკი ნეირონული კომპიუტერები ფართოდ დაინერგება, ჩვენ ქსოვილის დონაციის პრობლემებთან გამკლავება მოგვიწევს. Cortical Lab-ის კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანის ნეირონები უფრო მალე სწავლობდნენ, ვიდრე თაგვის. იქნებ სხვადასხვა ადამიანთა ნეირონებს შორისაც იყოს სხვაობა? არაა გამორიცხული, Google-მა ან Apple-მა ოდესმე ყველაზე გამორჩეული, ჭკვიანი ადამიანების უჯრედებიდან დაამზადოს კომპიუტერები. ნეტა ვინმე იმას თუ შეძლებს, რომელიმე დაღუპული გენიოსის, მაგალითად აინშტაინის უჯრედები მოიპოვოს და სპეციალიზებული, მცირე წარმოების ექსკლუზიური კომპიუტერები შექმნას?

მსგავსი კითხვები სრულიად სპეკულაციური ხასიათისაა, თუმცა ცალსახად ვაწყდებით კომპენსაციისა და ექსპლუატაციის პრობლემას. არსებობს ჰენრიეტა ლექსის მაგალითი, რომლის უჯრედებიც სამედიცინო კომერციულ კვლევაში გამოიყენეს მისი ცოდნისა და თანხმობის გარეშე.

ჰენრიეტას უჯრედები და მათზე დაკვირვებით მიღებული ცოდნა ჯერ კიდევ გამოიყენება პროექტებში (მათ შორის კოვიდის ვაქცინებში), რომლებსაც უზარმაზარი მოგება მოაქვთ ფარმაცევტული კომპანიებისთვის. ლექსის ოჯახს დღემდე ერთი ცენტიც არ მიუღია კომპენსაციის სახით. თუკი დონორის ნეირონები ჩვენი წარმოსახვითი "ნიოროს" მსგავს პროდუქტებში იქნება გამოყენებული, უნდა მიეცეთ თუ არა მათ გარკვეული კომპენსაცია?

ფოტო: Cortical Labs

კიდევ ერთი საკვანძო ეთიკური საკითხია განუვითარდებათ თუ არა ნეირონულ კომპიუტერებს ცნობიერება, იგრძნობენ თუ არა ტკივილს. პონგის ექსპერიმენტში Dishbrain-ს ხმაურიან და მოულოდნელ სტიმულს აძლევდნენ, როგორც კი შეცდომას დაუშვებდა, სწორ მოქმედებას კი წყნარი, კანონზომიერი სტიმულით პასუხობდნენ. შესაძლებელია, რომ ასეთმა სისტემამ კანონზომიერი პასუხის სიამოვნებად, ხოლო მოულოდნელი პასუხის ტკივილად აღქმა დაიწყოს.

Cortical Labs-ის უფროსმა სამეცნიერო ოფიცერმა, ბრეტ კაგანმა თქვა: "უმნიშვნელოვანესია დონორების სრული ინფორმირებულობა და თანხმობა. ყველა დონორს უნდა ჰქონდეს საშუალება, შეათანხმოს კომპენსაცია ამ პროცესში მონაწილეობისთვის, მათ სხეულებრივ ავტონომიას კი პატივი უნდა ვცეთ.

როგორც კვლევაში გაირკვა, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნეირონებს რაიმე ცნობიერი გრძნობა ჰქონდეთ, ამიტომაც ვერ დაისტრესებიან, ტკივილის რეცეპტორების გარეშე კი ცხადია, ტკივილსაც ვერ იგრძნობენ. ნეირონების განვითარდნენ, რათა გადაამუშაონ ინფორმაცია — სტიმულაციის გარეშე, სტერილურ ქილებში ყოფნა მათი ბუნებრივი მდგომარეობა ნამდვილად არაა. ჩვენი საქმიანობით ამ ნეირონებს საშუალებას ვაძლევთ, აკეთონ ის, რისთვისაც ბუნებამ შექმნა".

ადამიანები ათასწლეულებია ცხოველებს ფიზიკური ჯაფის გასაწევად ვიყენებთ, მიუხედავად იმისა რომ ეს ხშირად ცხოველს ზიანს აყენებს. განა ორგანული კომპიუტერის გამოყენება უფრო დიდი ეთიკური პრობლემა იქნება ვიდრე გუთანში ხარის ჩაბმა?

ჩვენ ვიმყოფებით ნეირონული კომპიუტერების ძალიან ადრეულ ეტაპზე, ამიტომაც საფიქრალად დრო ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ფიქრი აუცილებელია მანამ, სანამ წარმოსახვითი "ნიოროს" მსგავსი ტექნოლოგია სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს დატოვებს და ყოველდღიურობაში, ტექნიკის მაღაზიებში გადმოინაცვლებს.