ჩინეთში, 3 000 მეტრ სიღრმეზე, ურანის უზარმაზარი საბადო აღმოაჩინეს
ჩინეთის ბირთვული კვლევების სააგენტომ ქვეყნის ტერიტორიაზე, 3 000 მეტრ სიღრმეზე, დიდი რაოდენობით ურანს მიაგნო, რის შესახებაც ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი თქმით, ეს აღმოჩენა მეცნიერებისთვისაც საინტერესოა, რადგან ამ ქიმიური ელემენტის ფორმირებაზე მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს.
ინდუსტრიული ხარისხის ურანის ახალი საბადო ჩინეთის საერთო მარაგს, სავარაუდოდ, 10-ჯერ გაზრდის. კერძოდ, მისი წონა 2 მილიონ ტონას გადააჭარბებს, რითაც ქვეყანა ავსტრალიას გაუთანაბრდება, რომელიც ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ ეს საბადო ხმელეთის ზედაპირიდან იმაზე 6-ჯერ უფრო დაბლაა განლაგებული, ვიდრე ჩინეთის სხვა მსგავსი მაღაროების უმრავლესობა. უკანასკნელი მიგნება გეოლოგებისთვისაც საინტერესოა, რადგან წესით ურანი გეოფიზიკურად სტაბილურ, არაღრმა ადგილებში უნდა გროვდებოდეს.
ამის საპირისპიროდ, ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ურანი ტექტონიკურად აქტიურ, ღრმა არეალშია მიკვლეული. შესაძლოა, ეს ფილების შეჯახებისას მანტიიდან მისი მაღლა ამოსვლით და კონკრეტულ წერტილებში დაგროვებით იყოს განპირობებული.
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერებმა საბადოს აღმოსაჩენად ზემგრძნობიარე დისტანციური სენსორი გამოიყენეს, რომელმაც ამ რადიოაქტიური ელემენტის მიერ გამოყოფილი სითბო დააფიქსირა. შემდეგ მის მოსაპოვებლად საქმეში სპეციალური საბურღი მოწყობილობა ჩაერთო. მონაცემთა სწრაფ ანალიზში მათ ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა.
ურანის ახალი მარაგი ჩინეთს ბირთვულ ენერგიაზე გადასვლასა და ბირთვული იარაღების არსენალის გაზრდაში შეუწყობს ხელს.
კომენტარები