მეცნიერებმა ჰაერში ახალი ძლიერრეაქტიული ნივთიერება აღმოაჩინეს
ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, ძირითადად აზოტის (78%), ჟანგბადისა (21%) და ნახშირორჟანგისგან (0.04%) შედგება, თუმცა იგი ისეთ ნაერთებსა და ელემენტებსაც შეიცავს, რომლებზეც შესაძლოა, წარმოდგენაც კი არ გვქონდეს.
ერთ-ერთი ასეთი ნაერთი ქიმიკოსებმა ატმოსფეროში სწორედ ახლა შენიშნეს — აღმოჩნდა, რომ ჰაერში რეაქტიულ ნაერთთა კლასი, ორგანული ჰიდროტრიოქსიდებიც, არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერებები დიდხანს ვერ ძლებს, შესაძლოა, მათ ჩვენთვის ჯერაც უცნობი გავლენა ჰქონდეს — მკვლევართა გამოთვლებს თუ დავუჯერებთ, თუნდაც ამ სტატიის კითხვისას თქვენ ჰიდროტრიოქსიდთა მილიარდობით მოლეკულა შეისუნთქეთ. მათი ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
"ეს ნაერთები გარემოში ყოველთვის იყო, უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდით მათ შესახებ", — აცხადებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ჰენრიკ გრუმ კიერგაარდი — "თუმცა იმის დანამდვილებით ცოდნა, რომ ნაერთები ფორმირდება და გარკვეული დროის განმავლობაში არსებობს, მათი ზემოქმედების შესწავლის საშუალებასაც გვაძლევს... და რეაგირებისაც, თუ ისინი სახიფათო აღმოჩნდა".
ქიმია ხშირად შემდეგი პრინციპით მოქმედებს — თუნდაც ერთი ახალი კომპონენტის დამატებამაც კი შეიძლება, ნივთიერების მოქმედება რადიკალურად შეცვალოს. შეგვიძლია, მაგალითისთვის წყალი ავიღოთ: წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომის ურთიერთქმედების შედეგად წყალი (H2O) წარმოიქმნება, რომელიც დედამიწაზე არსებული სიცოცხლისათვის აუცილებელი კომპონენტია.
თუ მას ჟანგბადის კიდევ ერთ ატომს (O) დავუმატებთ, წყალბადის ზეჟანგს, იგივე წყალბადის პეროქსიდს (H2O2), მივიღებთ — ბევრად რეაქტიულ ნაერთს, რომელსაც ჩვენთვის გარკვეული ზიანის მოტანაც კი შეუძლია. თუკი ამ ბრაზიან მოლეკულას კიდევ ერთ ჟანგბადატომს დავუმატებთ, შედეგად ჰიდროტრიოქსიდს მივიღებთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჰიდროტრიოქსიდთა კლასი მაღალი რეაქტიულობით გამოირჩევა, მეცნიერებს აინტერესებთ, მარტივად წარმოქმნის თუ არა ისინი ატმოსფეროში სტაბილურ სტრუქტურებს. ეს, თავისთავად, მხოლოდ აკადემიური ინტერესი არაა — ჩვენს ჯანმრთელობასა და გლობალურ კლიმატზე ატმოსფეროს მოქმედება ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ურთიერთქმედებს მასში არსებული ნივთიერებები.
გუნდი ამჟამად პირველ პირდაპირ დაკვირვებას გვთავაზობს ჰაერში არსებული რამდენიმე ნივთიერებიდან ჰიდროტრიოქსიდების ფორმირებაზე. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერების, იზოფრენის, ემისიას შეუძლია, ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ტონა ჰიდროტრიოქსიდები წარმოქმნას. ეს, თავისთავად, მხოლოდ ერთი შესაძლო წყაროა.
მეცნიერებმა ნაერთის სინთეზირების სავარაუდო გზა შეისწავლეს და გამოიკვლიეს ისიც, თუ რამდენ ხანს ძლებს და როგორ დეგრადირდება იგი საბოლოოდ. გუნდის გამოთვლების მიხედვით, თეორიულად, ნებისმიერ ნაერთს შეუძლია, ატმოსფეროში ჰიდროტრიოქსიდთა ფორმირებას შეუწყოს ხელი. ისინი ხუთი წუთიდან ერთ საათამდე რჩება თავდაპირველ მდგომარეობაში. შესაძლოა, ამ დროის განმავლობაში ჰიდროტრიოქსიდები სხვა რეაქციებში ძლიერი მჟანგავის როლსაც ასრულებდეს.
დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რა როლი აქვს ამ ორგანულ ნაერთებს ატმოსფეროში ან რა გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
კომენტარები