ამაზონის ჯუნგლებში უძველესი დასახლებების ნანგრევები აღმოაჩინეს
მეცნიერთა გუნდმა, ლაზერების დახმარებით, ამაზონის ჯუნგლებში, ბოლივიის ტერიტორიაზე, 11 უძველესი დასახლების ნანგრევებს მიაგნო, რომლებიც წყლის არხებსა და პირამიდებსაც მოიცავს.
სპეციალისტებმა საერთო ჯამში 4 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე არეალი შეისწავლეს, რისთვისაც ვერტმფრენზე დამონტაჟებული Lidar ტექნოლოგია გამოიყენეს. შედეგად, მათ 2 დიდ ("კოტოკა" და "ლენდივარი") და 24 პატარა დასახლებას მიაკვლიეს, რომელთაგანაც 15-ის არსებობის შესახებ აქამდეც ვიცოდით.
აღსანიშნავია, რომ საუბარი არაა უბრალო ქოხებზე, არამედ მნიშვნელოვან ცერემონიულ არქიტექტურასა და წყლის სისტემებზე, მათ შორის რეზერვუარებსა და არხებზე. კოტოკასა და ლენდივარში აღმოჩენილია ხელოვნური გორაკები და კონუსის ფორმის პირამიდები, რომელთა სიმაღლეც 22 მეტრამდე აღწევს.
მკვლევართა განცხადებით, ეს ნანგრევები კასარაბეს კულტურას ეკუთვნის, რომელიც ბოლივიის ამ ნაწილში 500-1400 წლებში ბატონობდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კოლუმბამდელ პერიოდში ამაზონის ჯუნგლებში ადამიანები ფართომასშტაბიან დასახლებებში, ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ.
ეს ყველაფერი სწორედ Lidar-ის ტექნოლოგიით გავიგეთ, რომელიც ლაზერების გამოყენებით მცენარეული საფარის ქვეშ არსებული ნანგრევების აღმოჩენისა და ფართო რეგიონის შესწავლის საშუალებას იძლევა.
"ეს კვლევა ამაზონის ახალი ორთოდოქსიისკენ გვიკვალავს გზას, რომელიც ამ რეგიონის პრეისტორიის ამჟამინდელ გაგებას გამოწვევების წინაშე აყენებს და ტროპიკული ცივილიზაციების შესახებ ჩვენს ცოდნას ძირფესვიანად ამდიდრებს", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები