ზღვის მარჯანში აღმოაჩინეს ნაერთი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მეცნიერები ეძებდნენ წყაროს ერთ-ერთი ბუნებრივი ნაერთისა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის. ახლა კი იუტას უნივერსიტეტში მოღვაწე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ მოლეკულებს ზღვის რბილი მარჯანი შეიცავს.
ცნობილია, რომ მსგავს უხერხემლოებში ანთების საწინააღმდეგო აგენტებსა და ანტიბიოტიკებს ვხვდებით, თუმცა მედიკამენტების შესაქმნელად მათი საკმარისი რაოდენობით მოპოვება ყოველთვის პრობლემური იყო. ეს ცხოველები ამგვარი ნაერთებით წყლის ბინადრებს იგერიებენ, რომლებიც მათ შეჭმას ცდილობენ. ისინი მარტივად მოსანელებელია და აბის ფორმით შეიძლება დამზადდეს, რომელსაც ორალური გზით მივიღებთ და არა ინიექციის სახით.
1990-იან წლებში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ავსტრალიის მახლობლად არსებული იშვიათი მარჯანი ელეუტერობინს გამოყოფს, რომელსაც, ლაბორატორიული ექსპერიმენტების მიხედვით, კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამის მიუხედავად, მისით მდიდარი მარჯნის პოვნას მკვლევრები 2 დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
ბოლოს, მათ "წმინდა გრაალს" ფლორიდის შტატის მიმდებარედ მიაგნეს და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მარჯნის ამ სახეობის დნმ შეისწავლეს, რათა ელეუტერობინის წარმოქმნის პროცესი გაეანალიზებინათ. შედეგად, გამოვლინდა ზემოხსენებული მოლეკულების ფორმირების გენეტიკური "ინსტრუქციები", რომლებიც ბაქტერიებზე წარმატებით გამოცადეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაერთის ლაბორატორიულ პირობებში მიღება შესაძლებელია. ახლა ავტორები ამისთვის საუკეთესო და აფექტიანი გზის მოძებნას გეგმავენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Chemical Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები