პალეონტოლოგებმა 86 მილიონი წლის წინ მცხოვრები "სიკვდილის დრაკონის" ნამარხი აღმოაჩინეს
პალეონტოლოგთა გუნდმა არგენტინაში მდებარე მენდოსას პროვინციაში, ანდებში, უძველესი პტეროზავრის, ანუ მფრინავი რეპტილიის ნამარხი აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, "სიკვდილის დრაკონად" წოდებული ამ უზარმაზარი არსების სხეულის სიგრძე დაახლოებით 9 მეტრს აღწევდა, რის გამოც ის სამხრეთ ამერიკაში მიკვლეულ მსგავს ნიმუშებს შორის უდიდესია.
ეს პტეროზავრი, სახელად Thanatosdrakon amaru, დედამიწაზე 86 მილიონი წლის წინ, ცარცულ პერიოდში ბინადრობდა და მსხვერპლს თავს ჰაერიდან ესხმოდა, სადაც მას მეტოქე ნამდვილად არ ჰყავდა. ასევე, ამ ცხოველებს ღრუიანი ძვლები, დიდი ტვინი ოპტიკური წილებით და ძვლების შვერილები ჰქონდათ, რომლებზეც საფრენად საჭირო კუნთები იყო მიმაგრებული.
მსგავსი რეპტილიები ყველა კონტინენტზე გვხვდებოდა, რადგან მათი მსგავსი, ფრენის უნარის მქონე სახეობები მაშინ უბრალოდ არ არსებობდა. ამან განაპირობა ის, რომ პტეროზავრები სხვადასხვა ფორმისა და ზომის ცხოველებად ჩამოყალიბდნენ.
მეცნიერებმა ანდების მთებში "სიკვდილის დრაკონის" 40-მდე ძვალი და ფრაგმენტი ამოთხარეს. მისი ასაკი კი იმ ქანების შესწავლის გზით დაადგინეს, რომელშიც ნამარხი იყო შემონახული. ეს სახეობა დედამიწაზე სულ მცირე 20 მილიონი წლის განმავლობაში მაინც არსებობდა, მანამ, სანამ 66 მილიონი წლის წინ დინოზავრებს ასტეროიდის ჩამოვარდნა გაანადგურებდა.
აღსანიშნავია, რომ Thanatosdrakon amaru-ს სრულიად განსხვავებული მახასიათებლები გამოარჩევს, რის გამოც ახალი გვარისა და სახეობის სახელდება გახდა საჭირო. "Thanatos" აქ სიკვდილს შეესაბამება, ხოლო "drakon", რა თქმა უნდა, დრაკონს.
კომენტარები