შესაძლოა, თქვენს თვალში პარაზიტი ბუდობდეს
ახალ კვლევაში მეცნიერები გვიყვებიან, როგორ შეძლეს ათასობით ადამიანის თვალის ბადურას გამოსახულების შესწავლის გზით პარაზიტ Toxoplasma gondii-ით გამოწვეული დაავადების გამოვლენა, რომელსაც ტოქსოპლაზმოზი ეწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მავნე უმარტივესი ორგანიზმები ზოგიერთი ჩვენგანის მხედველობის ორგანოში ბუდობენ და ხშირად მას აზიანებენ.
ზემოხსენებული ინფექციის მთავარი მატარებლები კატები არიან. ის ხშირად სწორედ მათი განავლის მეშვეობით გადმოგვეცემა და სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიულ თუ ქცევით აშლილობას ედება საფუძვლად. ტოქსოპლაზმოსი საკმაოდ გავრცელებულია და, ახალი ნაშრომის მიხედვით, შესაძლოა, მოსახლეობის 66 პროცენტში ფიქსირდებოდეს.
Toxoplasma gondii, რომელიც ადამიანის სხეულში სათანადოდ მოუმზადებელი ხორციდანაც ხვდება, არც ისე იშვიათად თვალის ბადურას ესხმის თავს. ამასთან ასოცირებულია, როგორც მხედველობის არეში გაჩენილი ლაქები და მხედველობის დაკარგვა, ასევე, თვალის კაკლის უკანა ნაწილზე გაჩენილი იარები.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად, სპეციალისტებმა ავსტრალიაში 1946-1964 წლებში დაბადებული 5 000 ჩვილის თვალის ბადურას სურათები შეისწავლეს და აღმოაჩინეს რომ ყოველი 150 ბავშვიდან ერთს ოკულარული ტოქსოპლაზმოზით განპირობებული დაზიანება აღენიშნებოდა.
დღესდღეობით ამ დაავადებისგან თავის დასაცავად, სამწუხაროდ, მედიკამენტი ან ვაქცინა არ მოგვეპოვება, რაც Toxoplasma gondii-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ პარაზიტად აქცევს.
კომენტარები