მეცნიერებმა ჩვილთა უეცარი სიკვდილის (SIDS) მიზეზს მიაგნეს — შესაძლოა, აღმოჩენა ამის პრევენციაში დაგვეხმაროს
აშშ-ში ჩვილების უეცარი დაღუპვის შემთხვევათა 37%-ს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) განაპირობებს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი აქამდე მეტწილად უცნობი იყო. ახლახან ვესტმიდის ბავშვთა საავადმყოფოს (სიდნეი) მეცნიერებმა კვლევა გამოაქვეყნეს, რომელმაც ჩვილთა სიკვდილსა და მის გამომწვევ მიზეზებს ნათელი მოჰფინა.
SIDS ერთ წლამდე ბავშვების აუხსნელ, უეცარ სიკვდილს ნიშნავს და ძირითადად მათი ძილის დროს ხდება. Mayo Clinic-ის მიხედვით, სამედიცინო სფეროს არაერთი წარმომადგენელი ამას ტვინის იმ ნაწილის დეფექტს აბრალებდა, რომელიც გამოღვიძებასა და სუნთქვას აკონტროლებს. მათი თეორიის მიხედვით, თუკი ჩვილი ძილის დროს სუნთქვას შეწყვეტს, მას დეფექტის გამო არ გამოეღვიძება და მოკვდება.
ვესტმიდის საავადმყოფოს მეცნიერებმა SIDS-ით ან სხვა უცნობი მიზეზებით დაღუპულ ჩვილთა სისხლის გამშრალი ნიმუშები შეისწავლეს და ზემოხსენებული თეორია დაადასტურეს. მკვლევრებმა თითოეული ნიმუში ჯანმრთელი ბავშვებისას შეადარეს და შენიშნეს, რომ SIDS-ით დაღუპული ბავშვების შემთხვევაში ენზიმის, სახელად ბუტირილქოლინესტერაზას (BChE), აქტივობა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ცოცხალ ან სხვა მიზეზით დაღუპულ ჩვილებში. BChE-ს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ტვინის იმ ნაწილში, რომელიც გამოღვიძებაზეა პასუხისმგებელი, ამიტომაც ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ჩვეულებრივ ძილის დროს ვითარდება.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მშობლებს ჩვილის უეცარი სიკვდილის თავიდან აცილება შემდეგი ზომების მიღებით შეეძლოთ, მათ შორის: ბავშვების ზურგზე დაწვენით, მათი გადახურებისგან დაცვითა და საწოლიდან ყველა სათამაშოსა თუ საბნის მოშორებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, SIDS კვლავაც იჩენდა თავს, მშობლები კი უსაზღვრო დანაშაულის გრძნობისათვის იყვნენ განწირულნი იმაზე ფიქრით, რომ ბავშვი ისე ვერ დაიცვეს, როგორც საჭირო იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის შედეგად მოვლენის გამომწვევი მიზეზი ცნობილია, მეცნიერებს უკვე შეუძლიათ, ყურადღება პრობლემის გადასაჭრელი გზების ძებნისაკენ მიმართონ. სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე წელში სპეციალისტები სკრინინგ-ტესტის შექმნაზეც იმუშავებენ, რომელიც SIDS-ის რისკის მქონე ბავშვების ამოცნობასა და სიკვდილის პრევენციას გაამარტივებს.
კომენტარები