ოკეანე "მეხსიერებას" კარგავს — რას ნიშნავს ეს
დედამიწაზე არსებული ოკეანეები ჩვენი პლანეტის კლიმატთან ერთად იცვლება, რაც შეიმჩნევა, როგორც მათ ტემპერატურაში, ასევე, სტრუქტურაში, დინებებსა და ფერშიც კი. ამ ყველაფრის გამო, წყლის ეს უზარმაზარი რეზერვუარები არაპროგნოზირებადი ხდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ოკეანის "მეხსიერება", ანუ მისი გარემო პირობების მდგრადობა, კლიმატური სისტემის წინასწარგანსაზღვრულობის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. თუმცა, წყლის ზედაპირის ტემპერატურული ანომალიების ყოველწლიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ "ამნეზია" დაწყებულია და ის მომდევნო დეკადებში უფრო გამძაფრდება.
სპეციალისტებმა ყურადღება ოკეანეების ზედაპირის იმ რეგიონზე გაამახვილეს, რომელიც 50 მეტრამდე სიღრმეზე ვრცელდება და აქტიური ატმოსფერული პროცესების ფონზე, უცვლელი მახასიათებლებით გამოირჩევა. ამის მიუხედავად, მკვლევრების მიერ შექმნილმა მოდელმა ცხადყო, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ოკეანეების "მეხსიერება" მიმდინარე საუკუნის ბოლომდე საგრძნობლად დაქვეითდება.
მკვლევრების ვარაუდით, ოკეანეების ზედა შერეულ ფენას, ტალღებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო, შეთხელება ემუქრება, რაც მათ თერმულ ინერციას შეასუსტებს და მოულოდნელი ტემპერატურული ანომალიების მიმართ მოწყვლადს გახდის.
ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს წყლის ბინადრებზე, მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ მსგავსი რამ უკვალოდ არ ჩაივლის. გაძნელდება ოკეანის სითბური ტალღების, მუსონებისა და სხვა მოვლენების პროგნოზირებაც.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები