ვეგეტარიანული დიეტა ბავშვის ზრდას არ აფერხებს — ახალი კვლევის შედეგი
დაახლოებით 9 000 ბავშვზე ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვეგეტარიანელ ბავშვებს ხორცისმჭამელების მსგავსი ზრდისა და სრულფასოვანი კვების მაჩვენებლები აქვთ. ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, რომელსაც Unity Health Toronto-ის წმინდა მაიკლის საავადმყოფოს მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ, ასევე აღმოაჩინეს, რომ ვეგეტარიანელ ბავშვებში არასაკმარისი წონის მეტი ალბათობა არსებობს, რაც ხაზს უსვამს ამ ბავშვების დიეტის დაგეგმვისას განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კანადაში მცენარეულ დიეტაზე აქტიურად გადასვლა შეინიშნება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანადის სასურსათო გზამკვლევის 2019 წლის განახლებულ ვერსიაში ავტორები მოსახლეობას ურჩევდნენ, ხორცის ნაცვლად მცენარეული ცილის შემცველი პროდუქტები მიეღოთ, როგორებიცაა ლობიო და ტოფუ.
"გასული 20 წლის განმავლობაში მცენარეული დიეტების პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა. ასევე გაიზარდა წვდომა საკვების მცენარეულ ალტერნატივებზე. თუმცა, აქამდე კანადაში ვეგეტარიანელი ბავშვების კვების სრულფასოვნებაზე კვლევა არ ჩატარებულა", — განაცხადა ექიმმა ჯონათონ მაგუაიერმა, კვლევის მთავარმა ავტორმა და წმინდა მაიკლის საავადმყოფოს პედიატრმა.
"კვლევა აჩვენებს, რომ კანადაში ვეგეტარიანელ ბავშვებს ხორცისმჭამელების მსგავსი ზრდისა და სრულფასოვანი კვების ბიოქიმიური მაჩვენებლები აქვთ. ვეგეტარიანული დიეტა ასოცირდება არასაკმარისი წონის მაღალ ალბათობასთან, რაც ბავშვებში დიეტის ფრთხილად შერჩევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს".
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 6 თვიდან 9 წლის ასაკამდე 8 907 ბავშვი შეაფასეს. მონაცემები 2008-2019 წლებში შეგროვდა. მონაწილეები ვეგეტარიანელის და არავეგეტარიანელის სტატუსით ორ ჯგუფად დაყვეს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვეგეტარიანელ ბავშვებს ხორცისმჭამელების მსგავსი სხეულის მასის საშუალო ინდექსი (BMI), სიმაღლე, რკინის, D ვიტამინის და ქოლესტერინის შემცველობა ჰქონდათ. აღმოჩენამ აჩვენა იმის მტკიცებულებაც, რომ ვეგეტარიანელ ბავშვებში თითქმის ორჯერ მაღალი იყო არასაკმარისი წონის ქონის ალბათობა. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვებში არ გამოკვეთილა კავშირი ჭარბწონიანობასთან ან სიმსუქნესთან.
არასაკმარისი წონა არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელია და, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ ბავშვის დიეტის ხარისხი მის კვებით საჭიროებებთან თანხვედრაში არაა და ვერ უზრუნველყოფს მის ნორმალურ ზრდას. მკვლევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვეგეტარიანელი ბავშვების სწორი კვებისა და ზრდის მხარდასაჭერად, მნიშვნელოვანია, წვდომის უზრუნველყოფა ჯანდაცვის პროვაიდერებზე, რომლებიც მოზარდების ზრდის მონიტორინგს უხელმძღვანელებენ.
ჩვილებისა და ბავშვების ვეგეტარიანული კვების შესახებ ვეგეტარიანული დიეტის საერთაშორისო გზამკვლევები ერთმანეთისგან განსხვავებულ რეკომენდაციებს გვაწვდიან. აღსანიშნავია, რომ წარსულში ჩატარებულმა კვლევებს, რომელიც ვეგეტარიანულ დიეტასა და ბავშვის ზრდასა და სრულფასოვან კვებას შორის კავშირს აფასებდა, ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები ჰქონდა.
"მცენარეული დიეტები კვების ჯანსაღ ნიმუშად მიიჩნევა, რადგან ამ დროს ადამიანები იღებენ მეტ ხილს, ბოსტნეულს, ბოჭკოვან საკვებს, მთლიან მარცვლეულს და ნაკლებ გაჯერებულ ცხიმებს. რამდენიმე კვლევამ, რომლის ფარგლებშიც შეაფასეს ვეგეტარიანული დიეტის გავლენა ზრდასა და სრულფასოვანი კვების სტატუსზე, აღმოაჩინა, რომ ვეგეტარიანული კვება ბავშვების უმეტესობისთვის ადეკვატური და შესაფერისია", — ამბობს ექიმი მაგუაიერი, რომელიც ასევე წმინდა მაიკლის საავადმყოფოს ურბანული ჯანდაცვის გადაწყვეტილებების MAP ცენტრის მეცნიერია.
კვლევის შეზღუდვა ისაა, რომ მეცნიერებს ბავშვების ვეგეტარიანული დიეტის ხარისხი არ შეუფასებიათ. ავტორები აღნიშნავენ, რომ ვეგეტარიანული დიეტა არაერთი ფორმის არსებობს და ინდივიდუალური დიეტის ხარისხი, შესაძლოა, ზრდისა და კვებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს. ავტორების თქმით, ბავშვებში ვეგეტარიანული დიეტის ხარისხის შესასწავლად და, ასევე, ზრდისა და სრულფასოვანი კვების მაჩვენებლებზე ვეგანური დიეტის გავლენის შესაფასებლად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
კომენტარები