რატომაა პლანეტა ვენერაზე დღე წელიწადზე გრძელი? — კვლევა
ვენერა მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტაა, რომელიც ზომით დედამიწას ჰგავს და ვარსკვლავის გარშემო საშუალოდ 108 მილიონი კილომეტრი მანძილის მოშორებით მოძრაობს. მისი ატმოსფერო საკმაოდ სქელი და ტოქსიკურია. იქ ნახშირორჟანგი და გოგირდმჟავა ჭარბობს, რის გამოც ეს ციური სხეული მძლავრ სათბურის ეფექტს განიცდის, რაც ზედაპირის ტემპერატურას 475 გრადუს ცელსიუსამდე ზრდის. ასეთი სიცხე ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების არსებობისთვის თავსებადი ნამდვილად არაა.
თუმცა, ვენერა სხვა რამითაცაა საინტერესო. კერძოდ ის მნათობის ირგვლივ, საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას დაახლოებით 225 დღეს ანდომებს, ღერძის გარშემო ბრუნვას კი — 243 დღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დღის ხანგრძლივობა წელიწადისას აღემატება.
ახალ კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ფენომენის მიზეზი შესაძლოა, სწორედ პლანეტის ატმოსფერო იყოს. მათი თქმით, ეს აირადი გარსი, ერთი შეხედვით, მყარი ობიექტისგან განცალკევებულად გვეჩვენება, მაგრამ, სინამდვილეში, ის საერთო მექანიზმის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი კომპონენტია.
ასევე, იხილეთ: რამდენ ხანში ერთხელ დგება ახალი წელი სხვადასხვა ციურ სხეულზე
სპეციალისტთა ვარაუდით, მის გარეშე ვენერას მოძრაობის ტემპი დაჩქარდებოდა ისე, რომ დღის ხანგრძლივობა წელიწადისას გაუტოლდებოდა. ამ დროს ციური სხეულების ერთი მხარე ყოველთვის გრავიტაციულად მიმზიდველი, ზომით დიდი ობიექტისკენაა მიბრუნებული. მაგალითისთვის, შეგვიძლია, მთვარე და დედამიწა გავიხსენოთ.
მკვლევართა გამოთვლებით, ასეთი ურთიერთქმედების დასამყარებლად მზესა და ვენერას მხოლოდ 6.5 მილიონი წელი დასჭირდებოდა, რაც ჩვენი სისტემის 4.5-მილიარდწლიანი ისტორიის მხოლოდ მცირე მონაკვეთია. შესაბამისად, ამას რაღაც უნდა უშლიდეს ხელს.
მეცნიერთა აზრით, ზემოხსენებული პლანეტის ატმოსფეროში მქროლავი სწრაფი ქარი ზედაპირზე იმგვარ გავლენას ახდენს, რომ ბრუნვის შენელებას განაპირობებს და მზის გრავიტაციას ეწინააღმდეგება. ამას თავად ვარსკვლავიც უწყობს ხელს, რადგან ატმოსფეროს მსგავსი დინამიკურობისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებს.
ეს მიგნება შესაძლოა, ეგზოპლანეტების ძიებისას დაგვეხმაროს, რათა დედამიწისა და ვენერას მაგვარი სხეულები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები