დედამიწელებმა ახლახან 2022 წლის დადგომა, ანუ ჩვენი პლანეტის მიერ მზის გარშემო შესრულებული კიდევ ერთი სრული წრე ვიზეიმეთ.

მსოფლიოში ამჟამად ყველაზე ფართოდ გამოყენებადი გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, ზემოხსენებულ დღესასწაულს ყოველ პირველ იანვარს აღვნიშნავთ. დროის ათვლის ამ სისტემაში თითო წელი 365 დღე-ღამეს მოიცავს, თუ არ ჩავთვლით ნაკიან წელიწადებს, რომლებიც 366 დღე-ღამისგან შედგება და 4-საუკუნიანი ციკლის განმავლობაში 97-ჯერ ფიქსირდება. ამის გათვალისწინებით, წლის საშუალო ხანგრძლივობა 365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამია.

თუმცა, პლანეტები და მათი თანამგზავრები საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას განსხვავებულ დროს ანდომებენ, ამიტომ თითოეულ მათგანზე ახალი წელი სხვადასხვა პერიოდულობით მოდის.

ამ სტატიაში სწორედ ციურ სხეულთა აღნიშნულ მახასიათებელზე ვისაუბრებთ და გავიგებთ, რამდენ ხანში ერთხელ ვიზეიმებდით (პირობითად) ბევრი ადამიანისთვის საყვარელ დღესასწაულს ჩვენს მეზობლად ან შორეულ კოსმოსში მდებარე ასტრონომიულ ობიექტებზე.

მთვარე

ფოტო: NASA

მოდით, დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრით, მთვარით დავიწყოთ, რომელიც მასთან ყველაზე ახლოსაა განლაგებული.

ის პლანეტის ირგვლივ, საშუალოდ 384 400 კილომეტრ დისტანციაზე, იმგვარად მოძრაობს, რომ მისი ცალი მხარე (ნახევარსფერო) ყოველთვის ჩვენკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით, არასდროს ჩანს. ამას სინქრონული ბრუნვა ეწოდება, რისთვისაც მთვარეს 27.3 დღე-ღამე სჭირდება. შესაბამისად, იქ ახალ წლამდე მოცდა ზუსტად ამდენხანს მოგვიწევდა.

აღსანიშნავია, რომ მზესთან მიმართებაში ეს შუალედი 29.5 დღე-ღამეს უდრის, რომლის ფარგლებშიც მთვარის ფაზები იცვლება, ანუ მისი ზედაპირი სხვადასხვაგვარადაა განათებული. კერძოდ, 0-დან 100 პროცენტამდე, რასაც ახალ და სავსემთვარეობად მოვიხსენიებთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ციკლს (სინოდურ თვეებს) ეფუძნება მთვარის კალენდარი.

მერკური

ფოტო: giphy

გადავიდეთ მერკურიზე, რომელიც მთელ მზის სისტემაში უმცირესი ზომის პლანეტაა და თანამგზავრი არ გააჩნია. მას ვარსკვლავისგან ყველაზე ნაკლები მანძილი აშორებს და ამ უკანასკნელის მიმართ, მთვარის მსგავსად, სინქრონულად ბრუნავს.

მერკურის, ასევე, ყველაზე ექსცენტრიული ორბიტა აქვს, მაჩვენებლით 0.21. ეს იმას ნიშნავს, რომ გზა, რომელსაც ის გადის, იდეალური წრისგან ხარისხობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება.

განსაკუთრებულად კრატერიანი ზედაპირის მქონე ობიექტი მნათობის ირგვლივ გადაადგილებას 87.97 დღე-ღამეს ანდომებს, რომლის გასვლის შემდეგაც იქ ახალი წელი იწყება.

ვენერა

მზის სისტემის რიგით მეორე პლანეტა ვენერაა, რომელიც ასევე უთანამგზავროა. გამორჩეული სიკაშკაშის გამო, ღამის ცაზე მას მარტივად შენიშნავთ. ამ "ცისკრის ვარსკვლავს" ძალიან ნელი ღერძული ბრუნვა ახასიათებს, თანაც, სხვებთან შედარებით, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს (გამონაკლისი მხოლოდ ურანია). შედეგად, იქ მნათობი დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის.

ვენერას ორბიტული პერიოდი 224.7 დღე-ღამეა, რომელიც ერთ წელს შეადგენს.

მარსი, ფობოსი და დეიმოსი

ფოტო: tenor

მომდევნო გაჩერება მარსია, რომელიც მზის სისტემაში, მერკურის მერე, ყველაზე პატარა პლანეტაა. იქაური სეზონები ძალიან ჰგავს დედამიწურ გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს, თუმცა ორბიტული ექსცენტრიულობიდან გამომდინარე, მათი ხანგრძლივობა განსხვავებულია.

წითელ პლანეტაზე დღე-ღამეს "სოლს" (ეს სიტყვა ლათინურად მზეს ნიშნავს) უწოდებენ, რომელიც 24 საათს, 39 წუთსა და 35 წამს გრძელდება, ანუ ჩვენსას მცირედით აღემატება. მარსზე თითო წელში დაახლოებით 668 სოლია, რომელიც 686.98 დედამიწური დღე-ღამის ეკვივალენტურია.

ბოლოს იქ ახალი, 36-ე წელი (კალენდრის დაწყებიდან) 2021 წლის 7 თებერვალს დადგა, შემდეგს კი 2022 წლის 26 დეკემბერს აღვნიშნავთ. რაც შეეხება მარსის თანამგზავრებს, ფობოსსა და დეიმოსს, მათი ორბიტული პერიოდი 8 და 30 საათია.

იუპიტერი და მისი გალილეისეული თანამგზავრები

ფოტო: tenor

ახლა კი დროა, აირის გიგანტებზე გადავიდეთ, რომელთაგანაც ყველაზე დიდი იუპიტერია. მისი მასა მზის სისტემაში შემავალი ყველა პლანეტის გაერთიანებულ მასას 2.5-ჯერ აჭარბებს. ასევე, ის ღამის ცაზე სიკაშკაშით მესამეა და ამ მხრივ მხოლოდ მთვარესა და ვენერას ჩამოუვარდება.

უმეტესწილად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგენილი ეს უზარმაზარი პლანეტა ერთადერთია, რომლის ბარიცენტრიც (სიმძიმის ცენტრი) მზესთან მიმართებაში მნათობს არ ემთხვევა, არამედ მის გარეთაა. ის საკუთარ ორბიტაზე სრულ წრეს ყოველ 11.86 წელში ერთხელ ასრულებს, ამიტომ ახალ წლამდე ლოდინი იქ დიდხანს მოგვიწევდა.

სხვანაირი სიტუაციაა იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების შემთხვევაში. იოზე, ევროპასა და განიმედზე თითო წელში 42, 85, 172 საათია, ხოლო კალისტოზე — 17 დღე-ღამე.

სატურნი და ტიტანი

ფოტო: giphy

მზისგან მეექვსე პლანეტა სატურნი შთამბეჭდავი რგოლებითაა გამორჩეული, რომლებიც მას გარს არტყამს. ის ზომით იუპიტერს ოდნავ ჩამოუვარდება, ამიტომ სიდიდით მეორე ადგილს იკავებს.

მასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის მანძილი საშუალოდ 1.4 მილიარდი კილომეტრი, ანუ 9 ასტრონომიული ერთეულია. ამ დისტანციიდან გამომდინარე, სატურნს მზის გარშემო მოძრაობისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება — 29.5 წელი. უცნაურია, მაგრამ გამოდის, რომ ადამიანები იქ ახალ წელს სიცოცხლეში სულ რამდენჯერმე მოვესწრებოდით.

უნდა ვახსენოთ მისი ყინულოვანი თანამგზავრი ტიტანი, რომელსაც ატმოსფერო აქვს, ზედაპირზე კი თხევადი წყალიც მოიპოვება. გასაკვირი არაა, რომ ის ასტრონომების ყურადღების ცენტრშია. ამ ობიექტზე ერთი წელი 16 დღე-ღამეს მოიცავს.

ურანი და ტიტანია

ფოტო: pinimg

არ უნდა დაგვავიწყდეს ყინულის გიგანტები, რომლებიც წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ქიმიურ ელემენტებს შეიცავს. ასეთია ურანი. ის მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა გახლავთ და ყველაზე ცივი ატმოსფერო აქვს, სადაც ტემპერატურა მინიმუმ −224°C-ს უტოლდება.

ურანს რგოლების სისტემაც გააჩნია და ღერძის გარშემო დახრილად ბრუნავს, ამიტომ მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები იქაა, სადაც სხვა ციური სხეულების ეკვატორი. პლანეტის ორბიტული პერიოდი 84 წელია, ანუ ადამიანთა უმეტესობა იქ ერთ ახალ წელსაც ვერ იზეიმებდა. სამაგიეროდ, მის უდიდეს თანამგზავრ ტიტანიაზე ამის შესაძლებლობა ყოველ 209 საათში გვექნებოდა.

ნეპტუნი და ნესო

ფოტო: gfycat

მზის სისტემის ბოლო პლანეტა ნეპტუნია, რომელსაც მნათობისგან 30.1 ასტრონომიული ერთეული აშორებს. შესაბამისად, მისი ორბიტული გზა ძალიან, ძალიან გრძელია, რომელსაც ის 164.8 წელში გადის. ამ ციურმა სხეულმა, აღმოჩენიდან დღემდე, პირველი სრული წრე 2011 წლის 11 ივლისს შეასრულა.

საინტერესოა მისი რეკორდულად შორეული თანამგზავრი, ნესო, რომელიც 48 მილიონ კილომეტრზე მეტ დისტანციაზე მდებარეობს და თანამგზავრებში ყველაზე ხანგრძლივი ორბიტული პერიოდი აქვს. კერძოდ, 26.67 წელი.

ეგზოპლანეტები

ფოტო: pinimg

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეგზოპლანეტებიც, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებს არ ჰგვანან. მაგალითად, COCONUTS-2b, რომელიც წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის ირგვლივ გადაადგილებას 1.1 მილიონ წელს ანდომებს. გამოდის, რომ იქ ახალი წელი პირდაპირი მნიშვნელობით მილიონი წელი არ გვეღირსებოდა.

ფოტო: getty images

ახლა კი წარმოგიდგენთ მეორე უკიდურესობას — პლანეტას, სახელად SWIFT J1756.9-2508 b, რომელიც პულსარს უვლის გარს და ამას მხოლოდ 48 წუთსა და 56.5 წამში ახერხებს. შეიძლება ითქვას, რომ წლები იქ მართლაც გარბის.

წლები სწრაფად მიქრის ახლახან აღმოჩენილ GJ 367b-ზეც, რომელიც დედამიწაზე 30 პროცენტით პატარა და 45 პროცენტით ნაკლებად მასიურია. ეგზოპლანეტა მნათობის ირგვლივ 7.7 საათის განმავლობაში მოძრაობს, სანამ საწყის წერტილს დაუბრუნდება.

სტატიას ძალიან საინტერესო ციური სხეულით, Π დედამიწით ვასრულებთ. ეს სახელი მას წლის სიმბოლური ხანგრძლივობის გამო შეარქვეს, რომელიც 3.14 დღე-ღამე გახლავთ. უკეთ რომ გავიგოთ, π რიცხვი მათემატიკური მუდმივაა, რომელიც დაახლოებით 3.14159-ს უდრის.

ადამიანებს კი ისღა დაგვრჩენია, რომ 365 დღის გასვლას დაველოდოთ "მკრთალ ლურჯ წერტილზე", რომელიც ამჟამად ჩვენი ერთადერთი სახლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.