ადამიანები ჩვენსავე მოწყობილ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ — გაეროს ანგარიში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩვენი ახლო მომავლის შესახებ კიდევ ერთი შემზარავი ანგარიში გამოაქვეყნა.
გაეროს გლობალური შეფასების წლიური ანგარიში კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ მიზნად კაცობრიობისთვის ამ კატასტროფების რისკის შერბილების გზების შემუშავებას ისახავს. წლევანდელი ანგარიშის თანახმად, ადამიანები ჩვენსავე მოწყობილ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად, საშუალოდ, 300-500 საშუალო და დიდი მასშტაბის კატასტროფები აღირიცხებოდა. რაც მთავარია, არსებული პროგნოზით, ეს რიცხვი 2030 წლისთვის წელიწადში, საშუალოდ, 560 კატასტროფამდე გაიზრდება. უხეშად რომ ვთქვათ, ეს დღეში 1.5 კატასტროფას ნიშნავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მზარდი სიხშირის კატასტროფებს, რომლებსაც ხშირად კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, გლობალური გადაწყვეტილებების მიმღები პირების კოლექტიური "ყველაფერი კარგადაა" პოზიცია კიდევ უფრო ამწვავებს.
გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების სამსახურმა (UNDRR) თავის განცხადებაში გლობალური კატასტროფების რიცხვისა და სიმძიმის ზრდაში "ოპტიმიზმი, სათანადოდ არ შეფასება და დაუძლევადობა" დაადანაშაულა.
"მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს კატასტროფების რისკის გასათვალისწინებლად იმაში, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვაშენებთ, ინვესტიციას ვდებთ, რაც კაცობრიობას თვითგანადგურების სპირალში ითრევს", — განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ამინა მოჰამედმა.
კარგი ამბავი ისაა, რომ UNDRR-ის მიერ შემოთავაზებული პროტოკოლების შემოღებამ და იმპლემენტაციამ წინა ათწლეულში კატასტროფების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი შეამცირა. ასევე იკლო იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებზეც კატასტროფებმა რაიმე გავლენა იქონია.
თუმცა, ანგარიშის მიხედვით, კატასტროფების მასშტაბი და ინტენსივობა იზრდება. გასული ხუთი წლის განმავლობაში ამ მოვლენებმა იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და იმაზე მეტზე მოახდინა გავლენა, ვიდრე მისი წინამორბედი ხუთი წლის განმავლობაში.
კომენტარები