შესაძლოა, დრო საერთოდ არ არსებობდეს — რას ცვლის ეს
და მაინც, არსებობს თუ არა დრო?
კითხვაზე პასუხი შესაძლოა, აშკარა გეჩვენოთ — კალენდარი და საათიც ხომ არსებობს?! მიუხედავად ამისა, ფიზიკის დარგში არსებული წინსვლა სრულიად სხვა რამეზე მიგვანიშნებს: შესაძლოა, დრო სულაც არ არსებობდეს.
ფიზიკის კრიზისი
გასულ საუკუნეში სამყარო ორი წარმატებული თეორიით ავხსენით: ფარდობითობის ზოგადი თეორიითა და კვანტური მექანიკით. კერძოდ, კვანტური მექანიკა ნაწილაკებისა და მათი ურთიერთქმედების საოცრად მცირე სამყაროს ხსნის, ფარდობითობის ზოგადი თეორია კი გრავიტაციის ფართო პერსპექტივასა და საგნების მოძრაობას აღწერს.
მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ორივე თეორია უაღრესი სიზუსტით ხსნის ყველაფერს, ისინი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. ეს საკითხი საკამათოა, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ორივე თეორია ახალმა, მეტად განზოგადებულმა, თეორიამ უნდა ჩაანაცვლოს.
ფიზიკოსებს "კვანტური გრავიტაციის" თეორიის შექმნა სჭირდებათ, რომელიც ფარდობითობის ზოგად თეორიასა და კვანტურ მექანიკას ჩაანაცვლებს, ამავდროულად კი ორივეს პრინციპებს გააერთიანებს. იგი დაგვანახებდა, თუ როგორ მოქმედებს გრავიტაციის ფართო პერსპექტივა ნაწილაკთა მინიატიურულ სკალაზე.
დრო კვანტურ გრავიტაციაში
როგორც აღმოჩნდა, კვანტური გრავიტაციის ახალი თეორიის შექმნა უაღრესად რთულია. ერთ-ერთი მცდელობა ორ თეორიას შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად სიმების თეორია გახლავთ. იგი ნაწილაკებს სიმებით ანაცვლებს, რომლებიც 11 სხვადასხვა განზომილებაში ვიბრირებს.
მიუხედავად ამისა, სიმების თეორია დამატებით სირთულეებს აწყდება. იგი არაერთი ტიპის მოდელს გვთავაზობს ჩვენი უზარმაზარი სამყაროს აღსაწერად, თუმცა ისინი ზუსტად არაფერს წინასწარმეტყველებს ისეთს, რისი გამოცდა და დადასტურებაც ექსპერიმენტულადაა შესაძლებელი სწორი მოდელის გამოსავლენად.
1980-1990-იან წლებში არაერთმა ფიზიკოსმა დაიწუნა სიმების თეორია. მათ კვანტურ გრავიტაციასთან ახალი მათემატიკური მიდგომების წყება შეიმუშავეს. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დროის არსებობას საერთოდ უარყოფს, ყველაზე აღსანიშნავი კი ისაა, რომ ამ კუთხით იგი ერთადერთი ნამდვილად არ არის — დროს რეალობის ფუნდამენტურ ასპექტად ბევრი სხვა მიდგომა არ აღიარებს.
დროის შემადგენლობა
უკვე კარგად ვიცით, რომ სამყაროს ასახსნელად ახალი თეორია გვჭირდება, ის კი შესაძლოა, დროს სულაც არ მოიცავდეს. ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის თეორია მართალია. ემხრობა თუ არა იგი იდეას, რომ დრო არ არსებობს?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოვიაზრებთ არსებობაში.
ფიზიკის თეორიებში მაგიდებს, სკამებსა და ადამიანებს არ ვაწყდებით, თუმცა მაინც ვუშვებთ ფაქტს, რომ ისინი არსებობენ — ამ დროს ვასკვნით, რომ ამგვარი რაღაცები იმაზე მაღალ დონეზე არსებობს, ვიდრე ფიზიკა აღწერს. ვამბობთ, რომ, მაგიდები, მაგალითად, სამყაროში არსებული ნაწილაკების ფიზიკისაგან მოდის.
გასათვალისწინებელია, რომ კარგად გვესმის, როგორ შეიძლება იყოს მაგიდა ელემენტარული ნაწილაკებისაგან შემდგარი, თუმცა წარმოდგენა არა გვაქვს, როგორ შეიძლება, დრო რამე უფრო ფუნდამენტურისგან იყოს "შექმნილი". შესაბამისად, თუკი უკეთეს რამეს არ მოვიფიქრებთ იმის ასახსნელად, თუ როგორ ჩნდება დრო, ვერც მის არსებობას დავადასტურებთ — შესაძლოა, იგი სულაც არ არსებობდეს.
ცხოვრება დროის გარეშეც გრძელდება
იმის თქმა, რომ დრო არანაირ დონეზე არ არსებობს, იგივე იქნება ვთქვათ, რომ მაგიდები საერთოდაც არ არსებობს. ცხოვრება მათ გარეშეც ძალიან გაგვიჭირდებოდა, სამყაროში რიგი საკითხების მართვა კი დროის ცნების გარეშე ნამდვილად კატასტროფა იქნებოდა — მთელი ჩვენი ცხოვრება მის გარშემოა აგებული.
შესაძლოა იფიქროთ, რომ დროის არარსებობის შემთხვევაში არც წარსული ან მომავალი იარსებებდა. მაშ, საერთოდ რა აზრი ექნებოდა მოქმედებას? რა აზრი ექნებოდა ჩადენილი ქმედებისათვის ვიღაცის დასჯას, თუკი წარსული და, შესაბამისად, არც ის ქმედება იარსებებდა? საბედნიეროდ, ეს ასე არ არის.
მართალია, ფიზიკა დროის არსებობას არ აღიარებს, თუმცა მიზეზობრიობას — პრინციპს, რომლის მიხედვითაც ერთ მოვლენას შემდეგის გამოწვევა შეუძლია — მაინც გვიტოვებს. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სამყაროს ფუნდამენტური მახასიათებელი არა დრო, არამედ მიზეზობრიობა გახლავთ.
ამრიგად, შეგვიძლია დავიტოვოთ დროის ხელოვნურად შექმნილი პრინციპი, რომელიც საკუთარი ცხოვრების მართვაში დაგვეხმარება, თუმცა, განყენებულად დროის არარსებობა ჩვენს ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს თუ, რა თქმა უნდა, დროში მოგზაურობას არ გეგმავთ.
კომენტარები