YouTube 17 წლისაა — ნახეთ პირველი ვიდეო, რომელიც პლატფორმაზე გამოქვეყნდა
17 წლის წინ, კვირა დღეს, 25 წლის ჯოუდ კარიმმა პირველი ვიდეო განათავსა YouTube-ზე — პლატფორმაზე, რომელიც ვიდეო სტრიმინგისთვის საუკეთესო გამოსავალს გვთავაზობს. რაც მთავარია, ეს უკანასკნელი შანსს აძლევს ყველას, ვისაც კამერაზე მიუწვდება ხელი, საკუთარი ვიდეოებით შემოსავალი გამოიმუშაონ.
თუმცა, პირველი ვიდეო განსაკუთრებული არაფერი იყო. ეს დაბალი რეზოლუციის 19 წამიანი კლიპია, სახელწოდებით Me at the Zoo (მე ზოოპარკში), სადაც YouTube-ის თანადამფუძნებელი, კარიმი, სან დიეგოს ზოოპარკშია და აღნიშნავს, რომ სპილოებს ძალიან გრძელი ხორთუმები აქვთ.
ისევე, როგორც ადრეულ პერიოდში YouTube-ზე განთავსებული ვოდეოების უმრავლესობას, კლიპს დამუშავება აკლია. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით დღეს პლატფორმაზე განთავსებულ კონტენზე, რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი, კარგად თუ ცუდად, საკმაოდ დამუშავებულია.
რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც კარიმმა ეს ვიდეო გადაიღო და ატვირთა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ YouTube იმად იქცეოდა, რაც დღესაა. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელში მისი ეს უბრალო კლიპი ასობით მილიონ ნახვას მოაგროვებდა.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, 2005 წლის აპრილში, YouTube-მა საჯარო ბეტა ვერსია გამოუშვა, ოფიციალურად კი ეს პლატფორმა ამავე წლის ნოემბერში ჩაუშვეს. დაახლოებით ამავე დროს, კარიმმა YouTube-ის გუნდი დატოვა, რათა სტენფორდის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გაერგრძელებინა სწავლა. მას შემდეგ, რაც Google-მა პლატფორმა 2006 წელს 1.65 მილიარდ დოლარად შეიძინა, თანადამფუძნებელმა YouTube-ის 10 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღო.
მოგვიანებით კარიმმა დააფუძნა ფონდი, სახელწოდებით Youniversity Ventures (ამჟამად YVentures). ფონდის ინვესტიციებით ასევე სარგებლობენ Airbnb და Reddit.
ასევე: გამოიცანი სოციალური ქსელი სულ პირველი სქრინშოტით — ქვიზი
კარიმი დროთა განმავლობაში ვიდეოს აღწერას ცვლის ხოლმე, სადაც იგი თავის აზრს გამოთქვამს YouTube-ზე იმ ცვლილების შესახებ, რომელიც თვითონ არ მოსწონს. მაგალითად, გასულ წელს მან პლატფორმა dislike-ების რიცხვის დამალვის გამო გააკრიტიკა.
ამ დროისთვის კარიმის ვიდეოს 228 მილიონზე მეტი ნახვა და 11 მილიონი კომენტარი აქვს.
კომენტარები