"დრო ელასტიკურია": რატომ გადის ის უფრო სწრაფად მთის მწვერვალზე, ვიდრე ზღვის დონეზე
"აბსოლუტური დროის" იდეა ილუზიაა. თუ რატომ — ამაზე პასუხს ფიზიკა და სუბიექტური გამოცდილება გვაძლევს.
მას შემდეგ, რაც აინშტაინმა ფარდობითობის ზოგადი თეორია წამოაყენა, ჩვენ გავიგეთ, რომ გრავიტაციას სივრცისა და დროის გამრუდება შეუძლია. "დროის გაფართოების" ეს ეფექტი მცირე, ადამიანური გამოცდილების მასშტაბებზეც კი შესამჩნევია.
მოათავსეთ ერთი საათი მთის წვერზე, მეორე კი — სანაპიროზე. გარკვეული ხნის გასვლის მერე თქვენ ნახავთ, რომ თითოეული საათი სხვადასხვა დროს აჩვენებს. რატომ? — დედამიწასთან მიახლოებასთან ერთად დრო უფრო ნელა მოძრაობს, რადგან, როგორც აინშტაინი თავისი ფარდობითობის ზოგადი თეორიით ამტკიცებდა, დიდი მასის გრავიტაცია თავის გარშემო არსებულ სივრცესა და დროს ამრუდებს.
"დროის გაფართოების" ფენომენი მეცნიერებმა პირველად ისეთ კოსმოსურ მასშტაბზე შეისწავლეს, როგორიც ვარსკვლავის შავი ხვრელის სიახლოვეს გავლაა. შემდეგ, 2010 წელს, მკვლევრებმა იგივე ეფექტი გაცილებით მცირე მასშტაბზე — ორი უკიდურესად ზუსტი ატომური საათის გამოყენებით დააფიქსირეს: მეცნიერებმა ერთი მათგანი მეორეზე 33 სანტიმეტრით ზემოთ მოათავსეს და აღმოჩნდა, რომ იმ საათისთვის, რომელიც დედამიწასთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, დრო უფრო ნელა მოძრაობდა.
განსხვავება უმცირესი იყო, თუმცა მისი მნიშვნელობა უდიდესია. ამით დამტკიცდა, რომ აბსოლუტური დრო არ არსებობს. მსოფლიოს თითოეული საათი და თითოეული ჩვენგანი დროის მსვლელობას ოდნავ განსხვავებულად აღიქვამს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დრო ერთგვარი ობიექტური გაგებით მაინც გადის, ასე არ არის? — შეიძლება, არც.
ფიზიკის თეორეტიკოსი, იტალიელი კარლო როველი თავის წიგნში, დროის წესრიგი, წერს, რომ დროის ჩვენეული აღქმა — განცდა, რომ დრო გამუდმებით წინ მიედინება — შეიძლება უაღრესად სუბიექტური პროექცია იყოს. სხვა თუ არაფერი, როცა რეალობას ყველაზე პატარა მასშტაბით უყურებ (იგულისხმება, კვანტური გრავიტაციის განტოლებების გამოყენება), დრო ქრება.
"თუ მე საგნების მიკროსკოპულ მდგომარეობას დავაკვირდები, მაშინ წარსულსა და მომავალს შორის სხვაობა ქრება…საგნების ელემენტარულ გრამატიკაშიც არ არსებობს განსხვავება მიზეზსა და შედეგს შორის", — წერს როველი.
მაშინ რატომ აღვიქვამთ დროს როგორც წინ მიმავალს? როველი აღნიშნავს, რომ, მართალია, დრო ძალიან მცირე მასშტაბებზე ქრება, მაგრამ ჩვენ რეალობაში მომხდარ მოვლენებს თანმიმდევრული მიმდინარეობით აღვიქვამთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაკვირდებით ენტროპიას: წესრიგის უწესრიგობით შეცვლას, კვერცხის გატეხას და ათქვეფას.
როველის მიხედვით, დროის ძირითად ასპექტებს თერმოდინამიკის მეორე კანონი აღწერს, რომელიც ამბობს, რომ სითბო ყოველთვის ცხელიდან ცივისკენ მიემართება, რაც ცალმხრივი პროცესია. მაგალითად, ყინულის კუბიკი ცხელ ჩაიში დნება, თუმცა პირიქით არასოდეს ხდება. როველი ვარაუდობს, რომ მსგავსი ფენომენით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ შეგვიძლია მხოლოდ წარსულის აღქმა, მომავლის კი — არა.
"ნებისმიერ დროს, როდესაც მომავალი ნამდვილად განსხვავდება წარსულისგან, ამაში სიცხის მსგავსი ეფექტი მონაწილეობს", — წერს როველი Financial Times-ისთვის, — "თერმოდინამიკა დროის მიმართულებას იმ ჯერ კიდევ იდუმალი ფენომენისაკენ მიმართავს, რომელსაც 'წარსულის დაბალი ენტროპია' ეწოდება".
როველის მიხედვით,
დროის სვლასა და აღქმასთან დაკავშირებით მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესასწავლი. თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ ფიზიკის სფეროს მიღმაც, დროის ჩვენეული აღქმა ასევე საოცრად ელასტიკურია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დრო მთის წვერსა და სანაპიროზე განსხვავებულად გადის. თუმცა დროის გამრუდების აღსაქმელად რაიმე მანძილის გავლა საჭირო სულაც არ არის. მაგალითად, როცა რაიმესი გვეშინია, ამ დროს ტვინი დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოყოფს, რაც ჩვენს შინაგან საათს აჩქარებს — შედეგად, გარე სამყაროს მოძრაობა შენელებული გვეჩვენება.
დროის გამრუდებულად აღქმის კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითია, როდესაც რაიმეზე კონკრეტული გზებით ვკონცენტრირდებით.
"თუ ფიქრობთ იმაზე, როგორ გადის ამ მომენტში დრო, ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც დროის თქვენეულ აღქმაზე გავლენას მოახდენს, ყურადღებაა", — ამბობს აარონ საკეტი, სენტ-თომას უნივერსიტეტის მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, — "რაც მეტ ყურადღებას აქცევთ დროის მსვლელობას, მით უფრო ნელა გადის ის. თუკი ირგვლივ საინტერესო რამ ხდება, დროის შეგრძნებას ვკარგავთ და გვგონია, რომ ის უწინდელზე სწრაფად გადის. როცა ერთობი, დრო მიფრინავს — ეს ფრაზა ყველას გვსმენია, თუმცა უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვით, დრო მიფრინავს, როცა მის ნაცვლად სხვა რამეზე ფიქრობ. სწორედ ამიტომ, დრო არცთუ სასიამოვნო ცხარე კამათშიც ძალიან სწრაფად გადის ხოლმე და მაშინაც, როცა მომავალ პრეზენტაციაზე ფიქრისას ცივი ოფლი გასხამს.
დროის გამრუდებულად აღქმის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გზა ფსიქოდელიური ნარკოტიკების მიღებაა. The Guardian-თან ინტერვიუში როველიმ აღწერა, როგორ იმოქმედა LSD-იმ დროის მისეულ აღქმაზე:
"ეს იყო საოცრად ძლიერი გამოცდილება, რომელიც ინტელექტუალურადაც შემეხო. უცნაურ მოვლენებს შორის იყო დროის წყვეტების შეგრძნება. ჩემს გონებაში რაღაცები ხდებოდა, თუმცა საათი წინ არ მიდიოდა — დრო აღარ იძვროდა. ეს რეალობის სტრუქტურის მთლიანი რღვევა იყო".
როგორც ჩანს, ბევრ მეცნიერსა თუ ფილოსოფოსს არ სჯერა, რომ დრო სრულიად ილუზიაა.
"ის, რასაც ჩვენ დროს ვუწოდებთ, მდიდარი, მრავალმხრივი კონცეფციაა, მას ბევრი შრეს აქვს", — განუცხადა როველიმ Physics Today-ს, — "ამ შრეთაგან ზოგი მხოლოდ შეზღუდული მასშტაბებით ერგება კონკრეტულ სფეროებს. ამის გამო ისინი ილუზიები სულაც არ არიან".
ილუზია ის აზრია, რომ დრო აბსოლუტური სიჩქარით მიედინება. შეიძლება, დრო გამუდმებით წინ მიდიოდეს, თუმცა ის ინდივიდებს შორის და თითოეული ადამიანის გონებაშიც კი სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს და განსხვავებულად აღიქმება.
კომენტარები