აღმოჩნდა, რომ ანტარქტიდის თავზე ღრუბლები იმაზე მეტ სინათლეს ატარებენ, ვიდრე სხვაგან — რას ნიშნავს ეს
ღრუბლები, რომლებიც ანტარქტიდის თავზე ფორმირდება, გარკვეულწილად, განსხვავებულია — ახალი კვლევის მიხედვით, მათში წყალი და ყინული ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ეს კი იმას განსაზღვრავს, თუ რამდენ მზის სინათლეს აირეკლავენ ისინი. ამ მაჩვენებლის გამოთვლა მაღალი სიზუსტის კლიმატის ცვლილების მოდელების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. კვლევა ჟურნალ AGU Advances-ში გამოქვეყნდა.
მოდელირებისას, ხელოვნური თანამგზავრით გადაღებული სურათებისა და ღრუბლებიდან მიღებული მონაცემების გაერთიანებით, მკვლევრებმა მეორადი ყინულის წარმოქმნის პროცესი გამოავლინეს. ღრუბლებში ყინულოვანი ნაწილაკები წყლის ძალიან ცივ წვეთებს ეჯახებიან, ქმნიან მეორად ყინულის ფორმაციებს და, შემდეგ, კიდევ უფრო მეტ ნატეხებად იშლებიან.
ამ პროცესის შედეგად ღრუბლების სიმკრთალე იმატებს, რაც მათ მიერ არეკლილი სინათლის რაოდენობას ამცირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზიდან წამოსული სინათლის მიმართ ისინი უფრო გამჭოლი ხდება და მეტ სითბოს ატარებს დედამიწის ზედაპირისკენ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ატმოსფეროს მეცნიერის, რეიჩელ ატლასის თქმით, სამხრეთის ოკეანე "მასიური სითბური ღრმულია". მისი სითბოს შთანთქმის უნარი ოკეანის ზედა ფენის ტემპერატურულ სტრუქტურაზეა დამოკიდებული, რომელიც, თავის მხრივ, ღრუბლების საფარს უკავშირდება.
გამოთვლებზე დაფუძნებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მაშინ, როდესაც ღრუბლებში ტემპერატურა -3°C-დან -8°C-მდეა, ოკეანეს, შესაძლოა, კვადრატულ მეტრზე დამატებით 10 ვტ ენერგიამ მიაღწიოს. ეს კლიმატის მნიშვნელოვნად შესაცვლელად სრულებით საკმარისია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღრუბლებში ყინულის ნაწილაკებისა და წყლის წვეთების შეჯახებით მეორადი ყინულის ნატეხები წარმოიქმნება. მაღალი სიმკვრივისა და წონის გამო, ყინულები ოკეანეში ეცემა. ეს სწრაფად ამცირებს წყლის რაოდენობას ღრუბლებში და მათ არეკვლის მახასიათებელს ცვლის.
ეს პროცესი ასევე ახდენს გავლენას ღრუბლების ფორმაზე და განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კარგად დაიცავენ ისინი ქვემოთ არსებულ წყალს მზიდან მომავალი სითბოსგან. მაღალი სიზუსტის კლიმატის მოდელების შესაქმნელად საჭიროა ამ ფაქტორების გათვალისწინება და შეფასება.
"ყინულოვანი კრისტალები ღრუბლების შიდა ნაწილს ანადგურებენ, შედეგად კი ამცირებენ მათ ჰორიზონტალურ დაფარვას", — ამბობს ატლასი. "მათი ფორმირების და ვარდნის შედეგად იკლებს სითხე ღრუბლის სქელ ნაწილებში. ასე რომ, ყინულის ნაწილაკები ამცირებენ ღრუბლების დაფარვას და აუფერულებენ დარჩენილ ღრუბელს".
ანტარქტიდაზე ზაფხული პიკს თებერვალში აღწევს. წლის ამ დროს ცის დაახლოებით 90% ღრუბლებითაა დაფარული. ამ ღრუბლების მეოთხედი იმ ტიპის ღრუბლებს მიეკუთვნება, რომელიც კვლევის ფარგლებში შეისწავლეს. ასე რომ, მათი პოტენციური ეფექტი კლიმატის ცვლილებაზე კარგად უნდა შეფასდეს.
ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე გლობალური კლიმატის მოდელი ითვალისწინებს კრისტალების აღნიშნულ დაშლას. მათი მასობრივად გათვალისწინება კვლევებში უკეთ დაგვანახებს, თუ როგორ იცვლება დედამიწის კლიმატი და რა გავლენას ახდენს ეს მის მრავალფეროვან ეკოსისტემებზე.
კომენტარები