ჩინეთის სოციალური კრედიტის სისტემა: ინსტიტუციური ტერორის ახალი სახე
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო რუკაზე არც ისე ბევრი კომუნისტური სახელმწიფო დარჩა. მითუმეტეს არ იყვნენ ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ეკონომიკური თუ სხვა კუთხით გლობალურ სუპერძალას წარმოადგენდნენ.
თუმცა მათ შორის ერთს ასეთ ძალად ქცევის პოტენციალი ნამდვილად ჰქონდა. ჩინეთი კომუნისტურ სახელმწიფოდ 1949 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, როცა ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკად იქცა. მაო ძედუნის მიერ მართული, ის ერთდროულად უდიდესი სამხედრო ტიტანი და მეორე უდიდესი სოციალისტური ქვეყანა იყო მსოფლიოში. კომუნისტურმა იდეებმა სინათლის სიჩქარით დაიწყო გავრცელება. ამოქმედდა პროპაგანდისტული მანქანაც.
რუსეთის არ იყოს, ჩინეთს რევოლუციამდეც მპყრობელობითი წარსული ჰქონდა და რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რა ეფექტი ექნებოდა კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი, მასობრივი მკვლელობის მანიით შეპყრობილი დიქტატორის ხელისუფლებაში მოსვლას. მხოლოდ ტიბეტის მაგალითის გახსენებაც საკმარისია იმისათვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას ქვეყანაზე, რომელიც დღეს მსოფლიოში სიდიდით მესამე ყველაზე დიდ ბირთვულ არსენალს ფლობს: 1950 წლის ოქტომბერში, რევოლუციის წლისთავზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალები ტიბეტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მას შემდეგ ჩინეთის სამხედრო ნაწილებმა 1.2 მილიონზე მეტი უდანაშაულო ტიბეტელი გამოასალმეს სიცოცხლეს.
სახალხო რესპუბლიკა და ახალი ეპოქა
როგორი იქნებოდა კომუნისტური ქვეყანა, რომელიც ცივი ომის შემდეგ ტექნოლოგიურ ეპოქაში გადააბიჯებდა? როგორ გამოიყენებდა კაცობრიობისთვის აქამდე არნახული პროპაგანდისა და თვალთვალის მექანიზმებს? ამ შემაშფოთებელ კითხვებს პასუხებს თანამედროვე ჩინეთი სცემს.
რამდენიმე წელია, ჩინეთში სოციალური კრედიტის სისტემა ამოქმედდა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობისა და ბიზნესის "კეთილსინდისიერების შეფასებას" ემსახურება — ყოველ შემთხვევაში, ასეთია ხელისუფლების პოზიცია. თუმცა დემოკრატიული სამყაროსთვის დღესავით ნათელია, რომ სიტყვები, "კეთილსინდისიერება" და "შეფასება", სინამდვილეში რეჟიმისადმი ერთგულებას და კონტროლს ნიშნავს.
მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური კრედიტის სისტემა წარმოადგენს მონაცემთა ბაზისა და ინიციატივების ნაკრებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, კომპანიას თუ სამთავრობო ორგანოს ქულების სისტემით აფასებს. ამ შეფასებით მიღებული რეიტინგი კი განაპირობებს იმას, თუ რა უფლებებითა და უპირატესობით სარგებლობა შეგეძლება თუ აგეკრძალება.
სოციალური კრედიტის სისტემაში ოთხი ძირითადი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ. ესენია:
- ბიზნესის სანდოობის სისტემა
ბიზნესის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ჩინეთის სახალხო ბანკისა და კომერციული საკრედიტო რეიტინგის სისტემით კონტროლდება.
- სამთავრობო სანდოობის სისტემა
შეფასების სისტემა, რომელიც საჯარო მოხელეებსა და სამთავრობო ინსტიტუციებს აკონტროლებს.
- სოციალური სანდოობის სისტემა
სოციალური კონტროლის მექანიზმი, რომელიც ჩინეთის მასობრივი თვალთვალის სისტემას ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება.
- ადგილობრივი მმართველობების სანდოობის სისტემა
სოციალური კონტროლის მექანიზმი, რომელსაც მუნიციპალური ორგანოები და სასამართლოები მართავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი სისტემა დამუშავების პროცესშია და საბოლოო სახე ჯერ კიდევ არ მიუღია. პროგრამა, რომელიც სატესტო რეჟიმში 2009 წელს ჩაეშვა, 1.4-მილიარდიანი მოსახლეობის გასაკონტროლებელი სამთავრობო მექანიზმია, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ის მონოლითურად არ მუშაობს.
სოციალური კრედიტის სისტემის შემოქმედი მთავრობა აღნიშნავს, რომ ის საზოგადოებრივი წესრიგის, მორალური ღირებულებებისა და მოქალაქეებში სანდოობის დამყარების უახლესი საშუალებაა. ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის სტატიაში ვკითხულობთ: "მისი მიზანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში არსებული პრობლემების გადაჭრა და სოციალურ მართვაში ინოვაციების დანერგვაა".
სისტემას გაერთიანებული, ზოგადი ხასიათი არ აქვს და ძირითადად იმის მიხედვითაა რეგულირებული, თუ ზემოთჩამოთვლილი ოთხი მიმართულებიდან რომელს განეკუთვნება. ჯილდოებსაც და სასჯელსაც განსხვავებული ფორმა აქვს. ამასთან, რადგან სისტემა დამუშავების პროცესშია, ეს წესები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად მოქმედებს და ხშირად იცვლება.
მაგალითად, ესაა ზოგიერთი წესი, რომლებიც სხვადასხვა დროს და ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში გარკვეული პერიოდი მოქმედებდა ან დღემდე მოქმედებს:
- თუ თქვენ ჩინეთის მთავრობამ, ნებისმიერი მიზეზის გამო, ბიზნეს-სიაში გაგაშავათ, იქიდან ამოსასვლელად 2-იდან 5 წლამდე პერიოდი დაგჭირდებათ.
- თუ თქვენი 14 წლამდე ასაკის შვილი ქალაქ შენჯენში ქუჩის გადასასვლელს წითელ შუქნიშანზე გადაკვეთს, თქვენ სასწავლო კურსების გავლა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირად საკრედიტო პროფილში უარყოფითი აღნიშვნა ჩაგენიშნებათ.
- შანხაის ხანდაზმულ მცხოვრებლებს შეუძლიათ, თავიანთ შვილებს ან ოჯახის სხვა წევრებს უჩივლონ, თუკი ისინი მათ რეგულარულად არ სტუმრობენ. სასამართლოს მხრიდან დავალდებულებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შვილები ან ოჯახის სხვა წევრები შავ სიაში მოხვდებიან.
- პეკინის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ან ჭამა ასევე ცუდად აისახება პირად პროფილზე.
სხვადასხვა ქალაქში თქვენ გამოცდაზე გადაწერისთვის დაისჯებით; სოციალური კრედიტის სისტემას ვერც ონლაინ ვიდეოთამაშებში მოტყუებისთვის დაემალებით; ზოგიერთ ქალაქში დასჯადია რაიმეს დარეზერვების შემდეგ ადგილზე არ გამოცხადება; თქვენ სამ ქულას დაკარგავდით საზოგადოებრივ ადგილას ძაღლის უჯაჭვოდ ტარებისთვის, ამ დანაშაულის სამჯერ განმეორების შემთხვევაში კი ძაღლის ყოლის უფლება 5 წლით ჩამოგერთმეოდათ.
მსგავს რეგულაციათა სია ძალიან გრძელია და რთული დასაჯერებელია, რომ ისინი ჩვენს დროსა და ჩვენს პლანეტაზე მოქმედებს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთის ხელისუფლება მათ აქტიურად ნერგავს საზოგადოებაში.
აღსრულება
დარღვევების ან კრედიტზე უარყოფითი მაჩვენებლების ქონის შემთხვევაში თქვენ შეგეზღუდებათ გადაადგილების უფლება, კერძო სკოლებით სარგებლობა, კარგი სამუშაო ადგილის მიღება, სასტუმროში ნომრის დაჯავშნა, გექნებათ ნელი ინტერნეტი და ა.შ. თუ ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას დავუჯერებთ, 2018 წლის ბოლოსთვის 17.5 მილიონი ავიაბილეთი გაუქმდა, 5.5 მილიონი კი — სარკინიგზო, რადგან ეს ადამიანები "არასანდოდ" იყვნენ მიჩნეული.
სხვადასხვა, სახელდახელოდ შექმნილი წესის დარღვევისთვის იურიდიული პირები სამთავრობო ლიცენზიებსა და პროექტებზე კარგავენ წვდომას და არც სამოქმედო უფლების ჩამორთმევაა არნახული პრაქტიკა.
რაც შეეხება ჯილდოებს, ისინი გარკვეული ფორმის ფასდაკლებებისა და გამარტივებული მომსახურებისგან შედგება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ჩინეთში უდიდესი ჯილდო ის არის, როდესაც არცერთი უფლება არ გერთმევა.
2013 წელს მერი ლუმ, ჩინელ-ამერიკელმა ავტორმა დისტოპიური ჟანრის ტრილოგიის, ლეგენდის მესამე წიგნი, ჩემპიონი გამოსცა.
ამბავი ომისშემდგომ მსოფლიოში ვითარდება, სადაც ანტარქტიდა ტექნოლოგიური სუპერსახელმწიფოა, ამერიკის შეერთებული შტატები კი ორ ნაწილადაა გაყოფილი. სწორედ ანტარქტიდის შემთხვევაა ჩინეთის სოციალური კრედიტის სისტემის განხილვისას ყველაზე საგულისხმო. აშკარაა, რომ ავტორმა შთაგონების წყაროდ სწორედ ეს სისტემა გამოიყენა და ის პირდაპირ თავის დისტოპიურ ტექსტში გადაიტანა. აქ ანტარქტიდის მოქალაქეებს სპეციალური, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სათვალეები აქვთ, რომელთა საშუალებითაც მათი თითოეული მოქმედება აღიწერება, ფასდება და ზუსტად იმავენაირად გარდაიქმნება სოციალურ კრედიტად, როგორც ეს დღევანდელ ჩინეთშია.
ძალიან საგულისხმო და დასაფიქრებელია ის გარემოება, რომ დისტოპიური ჟანრის ნაწარმოებში, რომელიც ბირთვული კატასტროფის შემდეგ ჩამოყალიბებულ ტირანულ მსოფლიოზეა დაწერილი, ჩინეთის სოციალური კრედიტის სისტემა ასე ბუნებრივად ჯდება.
კომენტარები