ეწვიეთ Google-ის ციფრულ სასაფლაოს — 10 საინტერესო პროდუქტი, რომელიც კომპანიამ "დაასამარა"
კომპანია Google 1998 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს, მას შემდეგ კი არაერთი პროდუქტი შექმნა და გააუქმა. "დასამარებული" სერვისებისა და აპლიკაციების სამახსოვროდ ანდა, შესაძლოა, ამდენი გაუქმებული პროდუქტის გამო კომპანიის გასაშარჟებლად,კოდი ოგდენმა ვებსაიტი, სახელად Killed by Google, შექმნა, რომელშიც კომპანიის დაარსებიდან დღემდე ყველა გაუქმებულ პროდუქტს ვხვდებით. თითოეულ მათგანს საკუთარი საფლავის ქვა აქვს, რომლის ქვეშაც შექმნისა და "დაღუპვის" წლები აწერია, გვერდით კი პროდუქტის აღწერას ვკითხულობთ.
გადავწყვიტე, Google-ის რამდენიმე საინტერესო, თუმცა გაუქმებული, პროდუქტი ამომერჩია და თქვენთვის ვებსაიტის Killed by Google სტილში შემომეთავაზებინა. შეგიძლიათ, საყვარელი აპლიკაციების ხსოვნას პატივი ამ ციფრული სასაფლაოს მეშვეობით მიაგოთ, დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, თავად საიტს ეწვიოთ.
Google Play Music — 2011 - 2020
შარშან დასამარებული Google Play Music მუსიკისა და პოდკასტების სტრიმინგ სერვისი იყო, რომელშიც მუსიკის შენახვა შეგეძლოთ. ყველასათვის საყვარელ აპლიკაციას მალე 9 წელი შეუსრულდებოდა.
Science Journal — 2016-2020
Science Journal მობილური აპლიკაცია იყო, რომელიც სმარტფონით სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებაში გვეხმარებოდა, ამისათვის კი მოწყობილობაში ჩაშენებულ სენსორებს იყენებდა. იგი მხოლოდ და მხოლოდ ოთხი წლისა გახლდათ.
Google+ — 2011 - 2019
Google+ კომპანიის სოციალური ქსელი იყო, რომელიც ინტერნეტზე დააფუძნეს. დაახლოებით სამი წლის წინ გაუქმებულ აპლიკაციას მალე 8 წელი შეუსრულდებოდა.
Playground AR — 2017 - 2020
მიწას ერთი წლის წინ მიბარებული Playground AR (იგივე AR Stickers) მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, Pixel-ის ტელეფონების კამერის აპლიკაციით ვირტუალური პერსონაჟები და ობიექტები გაფართოებულ რეალობაში მოეთავსებინათ. იგი მხოლოდ 2 წლის იყო.
Expeditions — 2015 - 2021
პროგრამა Expeditions სკოლებისათვის ვირტუალური რეალობის სხვადასხვა გამოცდილებას უზრუნველყოფდა Google Cardboard პროექტორების მეშვეობით. იგი განმანათლებლებს მოსწავლეებისათვის ვირტუალური საველე მოგზაურობების მოწყობის საშუალებას აძლევდა. პროგრამა მალე 6 წლისა გახდებოდა.
Google Cardboard — 2014 - 2021
პროგრამა Expeditions-თან ერთად, დაახლოებით ერთი წლის წინ Google-მა Google Cardboard-იც გააუქმა. იგი ვირტუალური რეალობისათვის (VR) განკუთვნილი პლატფორმა გახლდათ და სახელი მუყაოს პროექტორის გამო შეერქვა, რომელშიც სმარტფონი თავსდებოდა. იგი 6 წლის იყო.
Field Trip — 2012 - 2019
ორი წლის წინ დაღუპული Field Trip მობილური აპლიკაცია გახლდათ, რომელიც მომხმარებლებისათვის ვირტუალური გიდის მოვალეობას ასრულებდა და მათთვის საინტერესო ახლომდებარე ობიექტებზე ინფორმაციას სთავაზობდა. იგი 7 წლის იყო.
Google Bookmarks — 2005 - 2021
Google Bookmarks ვებზე დაფუძნებული პერსონალური სერვისი იყო, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ვებგვერდების მონიშვნა შეგვეძლო მათზე სწრაფად გადასასვლელად. იგი Google-ის სხვა სერვისებთან ინტეგრირებული არ ყოფილა და ჯერ 16 წლისაც არ გახლდათ.
Google My Maps — 2014 - 2021
My Maps ანდროიდ აპლიკაცია იყო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რუკები შეექმნათ პირადი გამოყენებისთვის თუ მობილურ ტელეფონზე გასაზიარებლად. მას მალე 7 წელი შეუსრულდებოდა.
Trusted Contacts — 2016 - 2020
Trusted Contacts აპლიკაცია გახლდათ, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი ადგილმდებარეობის გაზიარების და, ამავდროულად, კონკრეტული პირების სამყოფლის ნახვის საშუალებას აძლევდა. უსაფრთხოებისათვის განკუთვნილ ამ აპლიკაციას მალე 4 წელი შეუსრულდებოდა.
რამდენიმე პროდუქტი, რომელსაც 2022 წელს გამოვემშვიდობებით
გასათვალისწინებელია ისიც, რომ Google ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე პროდუქტის გაუქმებას გეგმავს. მათ შორის:
- G Suite 2022 წლის მაისში გაუქმდება;
- Google Chrome Apps-ის საფლავს 2022 წლის ივნისში ვიხილავთ;
- Google OnHub-სა და YouTube Originals-ს 2022 წლის დეკემბერში მივაბარებთ მიწას;
- Google Currents-ს 2023 წლის მარტში დავემშვიდობებით.
მართალია, საყვარელ პროდუქტებთან გამომშვიდობება მარტივი არავისთვის არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში მათი დანაკლისის შევსება მაინც არაერთი სხვა სერვისით შეგიძლიათ. ამ მოცემულობაში ისღა დაგვრჩენია, მათ ხსოვნას პატივი ციფრული სასაფლაოს მეშვეობით მივაგოთ.
კომენტარები