ასტრონომებმა ყველაზე შორეული "კოსმოსური ლაზერი" აღმოაჩინეს
ასტრონომებმა უშორესი მეგამაზერი აღმოაჩინეს, ასტრონომიული ფენომენი, რომელიც მძლავრი სტიმულირებული გამოსხივების წყაროს გულისხმობს. ის მზეზე სულ მცირე 1000-ჯერ კაშკაშაა და ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ეს გამოსხივება ჰიდროქსილის მოლეკულებიდან მომდინარეობს, რომლებიც წყალბადისა და ჟანგბადის თითო-თითო ატომს აერთიანებს. მაღალენერგიული პროცესების შედეგად, მათგან სინათლე სპეციფიკური ტალღებით გამოიყოფა, რაც ლაზერის მსგავს სიგნალს ქმნის.
ჰიდროქსილის მეგამაზერები ისეთ გალაქტიკებში გვხვდება, რომლებიც ინფრაწითელ სპექტრში ძალიან კაშკაშაა. ისინი მატერიის ამ უზარმაზარი სისტემების შერწყმის კვალად გვევლინება. საქმე იმაშია, რომ გალაქტიკების შეჯახების დროს აირის გამკვრივება სინათლის ნაკადების გამოთავისუფლებას იწვევს.
ზემოხსენებული "კოსმოსური ლაზერის" შემცველ გალაქტიკას სპეციალისტებმა Nkalakatha შეარქვეს, რაც ზულუს ენაზე დიდ მმართველს ნიშნავს. ის მზეზე 6 000-ჯერ ნათელია.
მკვლევრებმა შორეული მეგამაზერი LADUMA-ს სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში, რადიოტელესკოპ MeerKAT-ის მეშვეობით დააფიქსირეს, რაც მისთვის პირველი იყო. აღმოჩენა დაკვირვების პირველსავე ღამეს გაკეთდა, რაც ობსერვატორიის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს. კვლევის მიზანი სხვადასხვა ასაკის გალაქტიკების შესწავლაა.
კომენტარები