მეცნიერთა გუნდმა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინა, რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 330 მილიონ წელში უკვე არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან წამოსულ სინათლეს აქამდე მოსაღწევად 13.5 მილიარდი სინათლის წელი სჭირდება.

ობიექტს ასტრონომებმა HD1 უწოდეს. ის იდუმალებითაა მოცული, რადგან სპეციალისტებმა დაზუსტებით არ იციან, ვარსკვლავების წარმომქმნელ გალაქტიკასთან აქვთ საქმე თუ კვაზართან, ანუ აქტიურ გალაქტიკურ ბირთვთან, რომლის ცენტრშიც ზემასიური შავი ხვრელია განლაგებული.

ამის გარკვევა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან ჩვენ შორის უდიდესი დისტანციაა, რაც HD1-ის დეტალურად შესწავლას ყველაზე მძლავრი ტელესკოპებითაც კი აძნელებს. ის მკვლევრებმა ოპტიკური და ინფრაწითელი ობსერვატორიების მეშვეობით დააფიქსირეს, რომლებიც ადრეული კოსმოსისკენ მიმართეს.

ფოტო: NASA

მის ასაკზე წითელი სპექტრული ფერი მიუთითებს, რომელიც სინათლის უშორესი წყაროებისთვისაა დამახასიათებელი და მანძილის ზრდის პარალელურად მკვეთრდება. ამის მიუხედავად, HD1-ის გამოსხივება მაინც დამაბნეველია, რადგან ულტრაიისფერ სპექტრშიც საკმაოდ კაშკაშაა. ამის უკან მაღალენერგიული მოვლენა უნდა იდგეს.

ეს ვარსკვლავების ფორმირების პროცესით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუმცა, მეცნიერთა გამოთვლებით, მსგავსი სიკაშკაშის გასაჩენად გალაქტიკაში წელიწადში 100-ზე მეტი მნათობი უნდა იბადებოდეს, რაც ადრეული სამყაროსთვის უჩვეულოა. თუ დავუშვებთ, რომ საუბარია მასიურობით, სიკაშკაშითა და ცხელი ტემპერატურით გამორჩეულ ვარსკვლავთა პირველ პოპულაციაზე, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება.

მეორე ვარაუდით, სიკაშკაშე კვაზარის შავი ხვრელის მიერ გარემომცველი მატერიის ხარბად შთანთქმის ზეაქტიური პროცესითაა გამოწვეული. ასეთი ობიექტი მზეზე 100 მილიონჯერ მასიური უნდა იყოს, მაგრამ ეს შავი ხვრელების ფორმირების გავრცელებულ მოდელებს თავდაყირა აყენებს.

arXiv-ზე გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორები აცხადებენ, რომ HD1-ზე მეტის გასაგებად იმედს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე ამყარებენ, რომელიც ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.