პუტინს უკან დასახევი კარგი გზა არ აქვს, რაც ძალიან მაშინებს — თომას ფრიდმანი
უკრაინაში პუტინის ომის შესაძლო შედეგებზე პოლიტიკური კომენტატორი და პულიცერის პრემიის სამგზის მფლობელი, თომას ფრიდმანი The New York Times-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
თუ იმედი გაქვთ, რომ მსოფლიო ბაზარსა და გეოპოლოტიკაში ვლადიმერ პუტინის ომის მიერ გამოწვეულმა არასტაბილურობამ თავის პიკს მიაღწია, ძალიან ცდებით. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მთავარია, როდის გაიაზრებს პუტინი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება უკრაინაში მოხდეს, რუსეთის დამარცხებაა — მოხდება ეს სწრაფად, პატარა მასშტაბით და მხოლოდ ოდნავ შერცხვენით თუ გვიან, დიდი მასშტაბით და ძლიერი შერცხვენით?
წარმოდგენაც არ შემიძლია, როგორი ფინანსური და პოლიტიკური შოკის ტალღები წამოვა რუსეთიდან — ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიოში ნავთობის წარმოებით მესამე ადგილზეა და 6 ათასზე მეტი ბირთვული იარაღის მფლობელია — როცა ის ერთი კაცის მიერ წარმოებულ ომში დამარცხდება; კაცის, რომელსაც არ აქვს იმის ფუფუნება, დამარცხება აღიაროს.
რატომ არ აქვს? რადგან პუტინმა უეჭველი იცის, რომ "რუსული ეროვნული ტრადიცია სამხედრო წარუმატებლობებს არ პატიობს", როგორც ამას რუსეთის ექსპერტი ლეონ არონი შენიშნავს.
"რუსეთის ფაქტობრივად ყველა დიდი დამარცხება რადიკალური ცვლილებით დასრულდა", — ამბობს ის The Washington Post-თან საუბრისას, — "ყირიმის ომმა (1853-1856) იმპერატორ ალექსანდრე II-ის ლიბერალური რევოლუცია გამოიწვია. რუსეთ-იაპონიის ომს (1904-1905) — პირველი რუსული რევოლუცია, პირველი მსოფლიო ომის კატასტროფას კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ტახტიდან ჩამოგდება და ბოლშევიკური რევოლუცია მოჰყვა. საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის მიერ რეფორმების გატარების მთავარი ფაქტორი ავღანეთის ომი გახდა". ამას გარდა, კუბიდან უკან დახევამ ორი წლის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის თანამდებობიდან გადაყენებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მომავალ კვირებში კიდევ და კიდევ უფრო აშკარა გახდება, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის პუტინის უარი, მალევე და მცირე მასშტაბით დამარცხდეს. შედეგად, ერთადერთი, რაც დარჩება, გვიან და მასშტაბურად დამარცხება იქნება. მაგრამ რადგან ეს მხოლოდ მისი ომია და არ შეუძლია, დანებდეს ან წარუმატებლობა აღიაროს, ის ალბათ უკრაინაზე თავდასხმას მეტად გააძლიერებს მანამ, სანამ... სანამ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ დაიწყებს ფიქრს.
რატომ ვამბობ, რომ უკრაინაში პუტინის ერთადერთი გზა დამარცხებაა და რომ ერთადერთი უცნობი ცვლადი ამ მარცხის დრო და მასშტაბია? იმიტომ, რომ უკრაინაში მარტივად, მცირე დანაკარგებით შეჭრა და უკრაინელების მხრიდან რუსული ჯარების ხელგაშლილი დახვედრა — როგორც ეს მას წარმოედგინა — მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზია იყო. სხვა ყველაფერი კი ამ მცდარი დაშვებიდან გამომდინარეობს.
პუტინმა სათანადოდ ვერ დააფასა უკრაინის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი და გახდეს დასავლეთის ნაწილი. მან ასევე სათანადოდ ვერ დააფასა უკრაინელების მიზანდასახულობა, იბრძოლონ ამ ორი მიზნისთვის — სიცოცხლის ფასადაც კი. მას გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა თავისი შეიარაღებული ძალების უნარებზე. მან ვერ გათვალა პრეზიდენტ ბაიდენის შესაძლებლობა, სათავეში ჩასდგომოდა მსოფლიოს ეკონომიკურ და სამხედრო კოალიციას, რომელიც მისცემს უკრაინელებს შანსს, იბრძოლონ და თავიანთ მიწაზე შემოსული რუსები გაანადგურონ. არადა, ეს აშშ-ის მხრიდან კოალიციის შექმნის ყველაზე ეფექტიანი მცდელობაა ჯორჯ ბუშის შემდეგ, როცა მან სადამ ჰუსეინს ქუვეითში შეჭრა მწარედ აზღვევინა. და პუტინმა სრულებით ვერ დააფასა მსოფლიოს ორგანიზაციებისა და თითოეული ადამიანის მონდომება, მიიღონ მონაწილეობა რუსეთზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში და გააძლიერონ კიდევაც ეს შეზღუდვები იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე მთავრობებმა დააწესეს.
როცა ლიდერს ამდენი რამ შეგეშლება, საუკეთესო გამოსავალი მალე და მცირე მასშტაბით დამარცხებაა. პუტინის შემთხვევაში ეს ნიშნავს უკრაინიდან ძალების დაუყოვნებლივ გამოყვანას, შემდეგ კი დიდი ტყუილის მოფიქრებას, რომელიც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" გაამართლებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მტკიცება, რომ მან უკრაინაში მცხოვრები რუსები წარმატებულად დაიცვა და დაპირება, რომ რუსების მოძმე ერს ქალაქების თავიდან აშენებაში დაეხმარება. თუმცა გარდაუვალი სირცხვილი ნამდვილად წარმოუდგენლად რთული იქნება კაცისთვის, რომელიც "რუსული დედა-სამშობლოს" ღირსებისა და ერთიანობის აღდგენის იდეითაა შეპყრობილი.
ამასთან ერთად, ხმელეთზე საქმე ისე მიდის, რომ შეუძლებელი არაა, პუტინმა მალე და დიდი მასშტაბით წააგოს ომი. მართალია, ამაზე ფსონს არ დავდებდი, თუმცა ვინ იცის, რა მოუვა რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას მაშინ, როცა სულ უფრო მეტი მათგანი მოკვდება მოძმე სლავებთან ბრძოლაში მიზნისთვის, რომელიც მათთვის რეალურად არც არასდროს განუმარტავთ.
რუსული ოკუპაციისადმი უკრაინელების წინააღმდეგობიდან გამომდინარე, პუტინმა რომ ხმელეთზე სამხედრო ომი "მოიგოს", ამისათვის ყველა დიდი ქალაქი უნდა დაიკავოს. მათ რიცხვში დედაქალაქი კიევიც შედის — რისი მიღწევაც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შეტაკებებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად ჩახოცვის შემდეგად იქნება შესაძლებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მიზნის მისაღწევად პუტინსა და მის გენერლებს ჰიტლერის შემდეგ ევროპაში არნახული მასშტაბის ომის დანაშაულების ჩადენა მოუწევს. ეს პუტინის რუსეთს საერთაშორისო ასპარეზიდან სამუდამოდ განდევნის.
მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ მომავალს, სადაც პუტინი უკრაინაში აბსულუტურ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგან ეს არ არის ისეთი ქვეყანა, როგორიც მას წარმოედგინა — ქვეყანა, რომელიც ელოდება "ნაცისტი" ლიდერების ჩამოშორებას, რათა შემდეგ "დედა-სამშობლო რუსეთის" კალთაში დაბრუნდეს.
ამგვარად, პუტინი ან ახლავე შეაჩერებს ომს და მარცხს გადაყლაპავს, რათა რამენაირად სანქციებისგან გათავისუფლება, რუსეთის ეკონომიკის აღდგენა და ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხოს, ან უკრაინისა და დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ სამუდამო ომს განაგრძობს, რაც რუსეთს ძალას ნელ-ნელა გამოაცლის და ინფრასტრუქტურას გაუნადგურებს.
პუტინი ამ უკანასკნელ გზას ჯიუტად მიჰყვება, რისიც ძალიან მეშინია. იმიტომ მეშინია, რომ პუტინის ძლიერ რუსეთზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა და ეს სუსტი, შერცხვენილი და ქაოსში მყოფი რუსეთია, სადაც ძალაუფლებისთვის ერთმანეთს სხვადასხვა ფრაქცია ებრძვის — ამ ბრძოლის ველი კი ბირთვული იარაღის, კიბერდამნაშავეების და ნავთობისა და გაზის საბადოების მქონე ქვეყანა იქნება.
პუტინის რუსეთი დამარცხებისთვის ზედმეტად დიდი არ არის. თუმცა ის ზედმეტად დიდია ისეთი დამარცხებისთვის, რომელიც დანარჩენ დედამიწასაც არ დააზიანებს.
კომენტარები