რას ცვლის Data Challenge — ინტერვიუ ნიკოლოზ მამისაშვილთან
საქართველოს ბანკი Data Challenge-ების სერიას იწყებს. მის ფარგლებში, ტექნოლოგიებითა და მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სფეროსთვის აქტუალური ახალი გამოწვევები, გაუმკლავდნენ მათ და გამოცდილებასთან ერთად, გამარჯვების შემთხვევაში, 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზიც დაიმსახურონ. ეს ყველაფერი არ არის, მათ ეძლევათ შანსი დასაქმდნენ საქართველოს ბანკში, რომელიც ამ მიმართულებით მომუშავე 70-ზე მეტი თანამშრომლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Data Driven კომპანიაა.
ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი — მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი, ნიკოლოზ მამისაშვილი ამბობს, რომ "Data Challenge-ების ორგანიზება მსოფლიოში უკვე გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ყველამ ვიცით Kaggle competitions, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო და ის უკვე Google-თან ერთად განაგრძობს ამ საქმიანობას. მონაცემთა გამოწვევის მიზანია, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას მისცეს შესაძლებლობა, გადაჭრან რეალური სამყაროს ამოცანები და განივითარონ შესაბამისი უნარები".
Data Challenge-ები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ სხვადასხვა გამოწვევაში და თითოეულის შემთხვევაში, 4 კვირის განმავლობაში იმუშაონ ისეთი გამოწვევების გადაჭრაზე, რომლებიც სხვადასხვა დროს შეეხება: სარეკომენდაციო სისტემებს, მეტყველების ტექნოლოგიებსა და ა.შ. როგორც ამბობენ, ეს ეს მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტია.
"Data Challenge-ები შეეხება საქართველოში მყოფ საზოგადოებას. ამ ამოცანების ამოხსნით მონაწილეები შეძლებენ, დაეხმარონ საქართველოს ბანკს ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისების გაუმჯობესებაში. ასევე, ქართული ენას — ტექნოლოგიურ სამყაროში ინტეგრაციაში", — ნიკოლოზ მამისაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მონაცემთა გამოწვევის მოწყობას წელიწადში ორჯერ გეგმავს, ეს კი პროექტის გრძელვადიან შედეგებზე გვაფიქრებს. ცალსახაა, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოში მონაცემთა მეცნიერების მიმართულების განვითარებას, სფეროში ახალი კავშირების დამყარებას. უფრო დიდ სურათს რომ შევხედოთ, დროთა განმავლობაში ეს საქართველოში შექმნილ არაერთ ხარისხიან და მონაცემებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ პროდუქტამდე მიგვიყვანს.
"ჩვენ გვექნება მრავალი ტიპის მონაცემთა გამოწვევა. ისინი დამყარებული იქნება ბანკში არსებულ ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაც მოგვცემს შესაძლებლობას, მომხმარებელს ბანკთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ეს ამოცანები შეიძლება იყოს: სარეკომენდაციო სისტემები, თემების მოდელირება ქართული ენისთვის, სენტიმენტების ანალიზი, თაღლითური ტრანზაქციების დეტექცია და სხვა", — გვიყვება ნიკოლოზ მამისაშვილი.
Data Challenge-ის მონაწილეები პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ შეფასდებიან, ასევე, მათ ექნებათ საშუალება იმუშაონ სპეციალური პლატფორმის დახმარებით, გამოწვევის ონლაინ გადასაჭრელად და შედეგების ასატვირთად. გარდა ამისა, სწორედ ამ პლატფორმაზე შეფასდება მონაწილეთა მიერ შესრულებული დავალებები. რაც შეეხება მენტორებს, ისინი საქართველოს ბანკის თანამშრომლები იქნებიან. როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერების კუთხით უკვე ბევრი ადამიანი მუშაობს, მათი კომპეტენციები დღითიდღე იზრდება და ახლა ისინი გამოცდილებასა და ცოდნას მონაცემთა გამოწვევის მონაწილეებს გაუზიარებენ.
"მონაცემთა მეცნიერება საქართველოს ბანკში ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს ბანკში გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება. ბევრი სერვისი, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, გამყარებულია მანქანურ სწავლებაზე დაყრდნობილი ალგორითმებით. სწორედ ამ მოდელების განვითარებისთვის გვჭირდება მონაცემთა მეცნიერება. ჩვენთან მონაცემთა მეცნიერების განვითარება Data Tribe-ის კომპეტენციაა. ეს გუნდი აერთიანებს 70-ზე მეტ თანამშრომელს, რომელთაგანაც უმრავლესობა მონაცემთა მეცნიერია".
ჩელენჯის მიღმა, საქართველოს ბანკს არაერთი გეგმა აქვს, რომელიც საქართველოში მონაცემთა საზოგადოების შექმნას, განვითარებასა და გამყარებას ითვალისწინებს. ბანკი აქტიურად ეძებს მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს იმისათვის, რომ საქართველოში საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტები შეიქმნას.
დღეისათვის, საქართველოს ბანკის უამრავი პროდუქტის უკან სწორედ მონაცემები და მანქანური სწავლება, შესაბამისად კი ის ადამიანური რესურსი დგას, რომელიც ბანკს სფეროში გამორჩეული პროდუქტებით ამარაგებს. წინ კიდევ უამრავი გეგმაა:
"რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ მონაცემების როლი ჩვენს ბანკში დღითიდღე იზრდება. ჩვენი მიზანია გვქონდეს მონაცემებზე დამყარებული სერვისები და პროცესები, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე იქნება კონკურენტული, არამედ საერთაშორისოზეც. ამ მიზნის მიღწევა მარტივი არ არის და სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეძებთ მონაცემების მიმართულებით დაინტერესებულ ნიჭიერ ადამიანებს Data Tribe-ისთვის. ვფიქრობთ, რომ Data Challenge-ები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მათ შორის ამ მიზნის მიღწევაშიც", — ამბობს ნიკოლოზ მამისაშვილი.
საქართველოს ბანკის პირველი მონაცემთა გამოწვევა მალე დაიწყება. მის შესახებ დეტალური ინფორმაცია 12 აპრილს, Facebook-ზე, Data Challenge-ის წარმდგენი Live ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდება. აქ გახდება ცნობილი პირველი ჩელენჯის თემა, გარდა ამისა, აქ სპიკერები დეტალურად ახსნიან იმ პლატფორმას, სადაც გუნდებს ჩელენჯზე მუშაობა მოუწევთ.
კომენტარები