ცხვირის ქექვა არა მხოლოდ ამაზრზენი, ჯანმრთელობისთვის საზიანოცაა
როგორ უქმნის ცხვირის ქექვა საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ უნდა გადავეჩვიოთ მას
ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ცხვირის ქექვა არაჰიგიენურია და რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი ქმედებაა. მიუხედავად ამისა, ერთადერთი პატარა და ძველი კვლევის მიხედვით, რაც ამ თემაზე ჩატარებულა, ადამიანების 91% ამას მაინც აკეთებს. აშკარაა, ამ საკითხზე ფიქრი მეცნიერებსაც კი არ უნდათ. სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც ცხვირში თითი აქვთ გაჩხირული. ამას ზოგი დაფარულად აკეთებს, ზოგი კი, დედოფალი ელიზაბეტის მსგავსად, დიდად არ მალავს. ხუმრობა იქით იყოს, ცხვირის ქექვა მისაღები და უსაფრთხო მაშინაც არაა, როცა არავინ გვიყურებს.
გარდა იმისა, რომ ცხვირის ქექვის შემდეგ ადამიანები საკუთარ ბაქტერიებსა და ვირუსებს ყველაფერს გადასცემენ, რასაც ხელების დაბანამდე ეხებიან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, პოლ პოტინგერის თქმით, "ოქროს მოპოვებისას" მათ საკუთარ თითებზე მობინადრე მიკრობებიც შეაქვთ ცხვირში.
კორონავირუსის, გრიპის თუ რინოვირუსის გავრცელების მეტ რისკს შეიცავენ ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებით არიან ხოლმე დაკავებულნი. ყველა სიკეთესთან ერთად, ცხვირის ქექვის შედეგად, მათ საკუთარი თავის დაინფიცირებაც ასევე მარტივად შეუძლიათ.
ბევრს არ ესმის, რომ ცხვირის შიგნით კანი საკმაოდ ნაზია. ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორის და მოლეკულური ვირუსოლოგის, სედრიკ ბაკლის თქმით, ცხვირის ქექვას ცხვირის ღრუების თხელი ეპითელიუმის გარსების დაზიანება და მათში პატარა ნაპრალების გაჩენა შეუძლია.
"ამ ბარიერის დაზიანების შემდეგ, თქვენი თითი პირდაპირ კაპილარულ კალაპოტს ეხება, რომელიც ვირუსული ინფექციების გადამტანი ხდება", — განმარტა მან. "დარღვევის შედეგად თქვენს თითებზე არსებული მიკრობების სისხლში მოხვედრისა და ამ უკანასკნელთან ერთად გადაადგილების შანსი იზრდება".
როგორ გადავეჩვიოთ ცხვირის ქექვას
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ახლა, ვიდრე ოდესმე, საუკეთესო დროა ამ ჩვევის მოსაშორებლად. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას ბევრი დაუფიქრებლად აკეთებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ამ ჩვევას, ფრჩხილების კვნეტისა და კანის მოცლის მსგავსად, "სხეულზე ორიენტირებულ განმეორებად ქცევებს" უწოდებენ. ეს ქცევები, შესაძლოა, ზოგისთვის ფსიქიკური აშლილობის ნიშანი იყოს, უმეტეს შემთხვევაში კი უბრალოდ ცუდი ჩვევაა, რომლის მოშორებაშიც, შესაძლოა, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია დაგვეხმაროს. ეს უკანასკნელი ჩვენი ქცევებისა და მათი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაგვეხმარება და ცხვირის ქექვის რაიმე სხვა, ნაკლებ საზიანო აქტივობით ჩანაცვლებას გვასწავლის. ასეთი შეიძლება იყოს ხელის მუშტად შეკვრა.
ამაზრზენი ჩვევის მოცილებაში, შესაძლოა ნიღბის ტარებაც დაგვეხმაროს. გარდა იმისა, რომ ნიღაბი კორონავირუსის გადაცემის შანსს ამცირებენ, ფიზიკურად ცხვირისა და ხელის შეხების პრევენციით ამ ჩვევის მოშორებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასე რომ, ეს პერიოდი ცხვირის ქექვის შესაწყვეტად, შესაძლოა, საკმაოდ ეფექტიანად გამოვიყენოთ.
კომენტარები