როგორ იქმნა ნათელი? — ახალი სიმულაცია ამ კითხვაზე პასუხს გვცემს
ჩვენი სამყარო ყოველთვის ასეთი ნათელი არ ყოფილა. პირველი სხივები აქ მხოლოდ დიდი აფეთქებიდან 1 მილიარდ წელში გამოჩნდა, რამაც კოსმოსი რადიკალურად შეცვალა.
იმის გასაგებად, თუ როგორ განათდა ეს უზარმაზარი სივრცე, მეცნიერებმა ახალი სიმულაცია, სახელად თესანი შექმნეს. სწორედ ასე მოიხსენიებენ ეტრუსკულ მითოლოგიაში განთიადის ქალღმერთს. ის გვიჩვენებს, თუ როგორი იყო ადრეული სამყაროს "აისი".
დიდი აფეთქებიდან 50 მილიონიდან 1 მილიარდ წლამდე დროის შუალედში კოსმოსი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, პირველადი პლაზმისგან ფორმირდებოდა, ვარსკვლავების გაჩენამდე, მას იონიზებული აირის ბნელი ნისლის სახე ჰქონდა, რომელშიც სხივები ვერ აღწევდა. ის თავისუფალ ელექტრონებს უბრალოდ ფანტავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მატერია საკმარისად გაცივდა, პროტონები და ელექტრონები შეერთდა, შედეგად კი წყალბადის ნეიტრალური ატომები წარმოიქმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლეს სივრცეში თავისუფლად გადაადგილება უკვე შეეძლო.
150 მილიონი წლის ასაკის სამყაროში ახლად ჩამოყალიბებული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ულტრაიისფერმა გამოსხივებამ გარემომცველი წყალბადის რეიონიზაცია გამოიწვია, რამაც მთლიანი სპექტრის ელექტრომაგნიტური რადიაციის ნაკადს მოძრაობის საშუალება მისცა. 1 მილიარდი წლის ასაკში რეიონიზაცია უკვე დასრულებული იყო.
ამ მომენტამდე არსებული სიტუაციის დანახვა თანამედროვე ხელსაწყოებით შეუძლებელია. ეს დრო-სივრცე იმდენად მასშტაბურია, რომ მეტის გასაგებად ექსპერიმენტების ჩატარება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი. თესანი გალაქტიკების ფორმირებას, აირთან სინათლის ურთიერთქმედებასა და კოსმოსურ მტვერს ასახავს.
დიდი აფეთქებიდან 400 000-დან 1 მილიარდ წლამდე პერიოდისა და 300 მილიონი სინათლის წლის მანძილის ციფრული მოდელის შესაქმნელად მეცნიერებმა სუპერკომპიუტერი SuperMUC-NG გამოიყენეს და რეიონიზაციის ეპოქის ყველაზე დეტალური სიმულაცია მიიღეს. ის ცხადყოფს, რომ თავდაპირველად სინათლე შორ დისტანციაზე ვერ ვრცელდებოდა და რომ გალაქტიკების მასას რეიონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.
იმის დადგენაში, თუ რამდენად ზუსტია თესანი, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაგვეხმარება, რომელიც სამეცნიერო საქმიანობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები