2022 წელს ბაირაქტარის გაუმჯობესებულ მოდელს, TB3-ს გამოუშვებენ — რა ვიცით მასზე
ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეგობარმა ქვეყანამ თავდაცვისთვის თურქული კომპანია BAYKAR Technologies-ის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. ბაირაქტარ TB2 ყირიმის კრიზისისა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროსაც დაუპირისპირეს რუსულ აღჭურვილობას. ყარაბაღის კონფლიქტში იგი აზერბაიჯანის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნეოდა. ახლა კი, უკრაინის ომში, მისი ეფექტიანობა რუსული საბრძოლო ტექნიკის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა.
2022 წელს სელჩუკ ბაირაქტარის კომპანია კიდევ ერთ უპილოტო საფრენ აპარატს, ბაირაქტარ TB3-ს გამოუშვებს. ბაირაქტარის ეს ახალი მოდელი საშუალო სიმაღლის მაღალი გამძლეობის უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც მცირე მანძილიდან აფრენა და დაშვება შეუძლია. TB3 მის წინამორბედ ბაირაქტარ TB2-ზეა დაფუძნებული, რომელიც თურქეთს 16 ქვეყანაში გააქვს. პროექტის შესახებ პირველად 2021 წლის თებერვალში თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელობის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა განაცხადა. მისი თქმით, TB2-ის გაუმჯობესებული დრონის გაშვება ახლო მომავალში თურქეთის პირველი უნივერსალური სადესანტო გემით — TCG Anadolu-თი იგეგმება.
TB3 ბაირაქტარ TB2-ის სამხედრო-საზღვაო ვერსიაა, რომელიც თურქული კომპანია Tusaş Engine Industries-ის ძრავით — PD170-ით იქნება აღჭურვილი. უპილოტო საფრენ აპარატს სხვადასხვა სახის შეიარაღების, მათ მაღალი სიზუსტის MAM ოჯახის ლაზერით მართვადი ჭკვიანი სამხედრო აღჭურვილობისა და მართვადი ბომბების გადატანა შეეძლება.
დრონის ზოგადი მახასიათებლები — შედარება TB2-თან
- სიგრძე: TB2 — 6.5 მ; TB3 — 8.35 მ;
- ფრთების სიგრძე: TB2 — 12 მ, TB3 — 14 მ;
- მაქსიმალური ასაფრენი მასა: TB2 — 700 კგ; TB3 — 1450 კგ;
- ტვირთამწეობა: TB2 — 150 კგ; TB3 — 280 კგ;
- მაქსიმალური სიჩქარე: TB2 — 222 კმ/სთ; TB3 — 300 კმ/სთ.
კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორის, სელჩუკ ბაირაქტარის თქმით, ახალი ბაირაქტარის პირველი ფრენა 2022 წელს შედგება, დრონს კი საბოლოოდ 2023 წელს წარადგენენ.
კომენტარები