ტანკები ვეღარ "მეფობენ" — ტანკსაწინააღმდეგო ტექნოლოგიის ისტორია და ჯაველინები
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. როგორც ანალისტები ამბობენ, რუსეთის მთავრობა და სამხედრო ინტელიგენცია კიევის მოკლე დროში აღებას გეგმავდა, თუმცა ომი გაიწელა რაც დიდწილად უკრაინელი ხალხის და ჯარის შეუპოვრობითაა განპირობებული, თუმცა, ცხადია საერთაშორისო (არაპირდაპირი) სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის შეფერხებაში დიდ როლს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ჯარები კონფლიქტში არ მონაწილეობენ, დასავლური ტექნოლოგია ომში აქტიურად გამოიყენება უკრაინელი ჯარისკაცების მიერ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდა თანამედროვე ანტისატანკო დანადგარები (anti-tank guided missile ATGM), რომლებსაც ხშირად მედიაში და საზოგადოებაში უბრალოდ ჯაველინებს ეძახიან. რეალურად ჯაველინი ამერიკული წარმოების ერთ-ერთი ანტისატანკო დანადგარია.
თანამედროვე ანტისატანკო სისტემებს საინტერესო ისტორია აქვთ, მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგია კი საკმაოდ შთამბეჭდავია.
ტანკები ვეღარ მეფობენ: მცირე ისტორია
ჯავშანტექნიკის გამოჩენასთან ერთად, მსოფლიომ ანტი-სატანკო სისტემებზე მუშაობა დაიწყო. დიდი ხნის მანძილზე, ტანკებით ბრძოლაში მარტივი უპირატესობის მოპოვება შეიძლებოდა და მათი განადგურების ბევრი ეფექტური საშუალება არ მოიპოვებოდა. მაგალითად, ანტისატანკო ნაღმები ხშირად არაეფექტურია. ბრძოლის და ომის დასრულების შემდეგ, დანაღმული სივრცეები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი რჩება, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობასაც.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ სპეციალური, მაღალკალიბრიანი იარაღებიც კი გამოიყენებოდა, მაგალითად გერმანული "მაუზერი", თუმცა დროთა განმავლობაში, ჯავშანტექნიკის დახვეწასთან ერთად, მსგავსი პორტაბელური იარაღები დიდად გამოსადეგი ვეღარ იყო.
ცივი ომის პერიოდში, პორტაბელური ანტი სატანკო სისტემები, ძირითადად HEAT სისტემის (High-explosive anti-tank) რაკეტებს იყენებდნენ, რომელიც "მონროს ეფექტით" მუშაობდა. რეალურად ეს ის ეფექტია, რაც რაკეტას აფეთქების საშუალებას აძლევს.
ჭურვი ტრადიციულად აღჭურვილია ხოლმე პიეცო-ელექტრული სენსორით, რომელიც თავშია მოთავსებული. მას შემდეგ, რაც ჭურვი ზედაპირს შეეჯახება, წარმოიქმნება მუხტი რომელიც სენსორის მიერ არის აღქმული, აქტიურდება დეტონატორი, რაც შემდეგ ასაფეთქებლის გამოთავისუფლებას იწვევს.
პოპულარულ კულტურაში, ბაზუკა ყველაზე ცნობილი ასეთი ანტისატანკო იარაღია, რომელიც ტანკების წინააღმდეგ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა. საბჭოთა კავშირში მსგავსი, RPG იარაღი არსებობდა (შედარებით თანამედროვე RPG-7 ყველაზე ხშირად გამოყენებადია მსგავსი იარაღებიდან). თუმცა, თანამედროვე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, ეს იარაღი ისე ეფექტიანი ვეღარ არის.
მნიშვნელოვანი პროგრესი ანტი-სატანკო აღჭურვილობის მხრივ, ცივი ომის მიწურულს და მისი დასრულების შემდეგ ვიხილეთ, როცა "მართული ანტისატანკო" დანადგარების მასობრივ წარმოებაზე დაიწყო მუშაობა.
მართვადი რაკეტების მოკლე ისტორია
Ruhrstahl Ru 344 X-4 მართვადი რაკეტის (guided missle) ერთ-ერთი პირველი პროტოტიპი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში გერმანიაში შეიქმნა, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, გერმანულმა სისტემამ მართვადი რაკეტების განვითარებას დაუდო საფუძველი. ერთ-ერთი პირველი იყო "მალკარა", რომელიც 50-იანებში გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის თანამშრომლობით შეიქმნა.
მართვადი რაკეტა სამხედროს საშუალებას აძლევს, გასროლილ ჭურვს ფრენისას დისტანციურად მიმართულება შეუცვალოს და ისე მიიტანოს სამიზნემდე. ასეთი რაკეტების წარმოება 60-იანებში გაიზარდა, აშშ მსგავს სისტემებს იყენებდა ვიეტნამის ომში, თუმცა მათი ეფექტურობა დაბალი იყო.
თავდაპირველი მართვადი რაკეტები MCLOS-ს (Manual command to line of sight) იყენებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გასროლის მომენტიდან ჭურვის მოძრაობა სპეციალურად გაწვრთნილ ჯარისკაცზე იყო დამოკიდებული. მართვას კი სერიოზული ექსპერტიზა, ბრძოლის ველზე კი კონცენტრაცია სჭირდებოდა. ამიტომ, მეორე თაობის მართვადი რაკეტის სისტემები ნახევრად-ავტომატურად მუშაობდნენ.
ჭურვის გასროლის შემდეგ ხომალდიდან ან მიწიდან რაკეტას მიეწოდებოდა მუდმივი ინფორმაცია სამიზნის ადგილმდებარეობის შესახებ, მაგალითად ლაზერის მინათებით, რაკეტა კი ტრაექტორიას "ითვლიდა" და ასე პოულობდა სამიზნეს.
ანტისატანკო მართვადი სისტემების განვითარება 80-90-იანებში მოხდა, როცა აშშ-ში და შვედეთში შემდეგი თაობის მართვადი რაკეტების შემუშავება დაიწყო. ბრიტანეთში მსგავსი სისტემების ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია SAAB-ია, რომელმაც 2000-იანებში ანტისატანკო სისტემები მნიშვნელოვნად დახვეწა.
NLAW და ჯაველინი
ბრიტანული NLAW და ამერიკული ჯაველინი მსგავს ტექნოლოგიებს იყენებს, ძირითადი განსხვავება მათი მოქმდების დიაპაზონია: ჯაველინიდან გასროლილ ჭურვს დაახლოებით 4 კილომეტრის გავლა შეუძლია, NLAW-დან 1-ის.
ჯაველინიდან ან NLAW-დან ჯარისკაცს შეუძლია პირდაპირ ისროლოს ჭურვი, მას შემდეგ რაც სამიზნეს აირჩევს და რაკეტა ტრაექტორიას თავისით დაიანგარიშებს. ამისთვის ის მომრგვალებულ თავში დამონტაჟებულ ვიდეოთვალს, სითბურ კამერას და სხვადასხვა სენსორს იყენებს. ასეთ "ჭკვიან" რაკეტებს ტანკზე ზემოდან დაცემა შეუძლიათ, იქ სადაც ტანკის ჯავშანი ძალიან თხელია.
ჯაველინიდან რაკეტის გასროლა პრაქტიკულად ნებისმიერ გარემოში შეიძლება, მაგალითად დახურული სივრცეებიდანაც. გასროლილი რაკეტა ლულას შედარებით ნელა ტოვებს და რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ ჩქარდება. თუ ჭურვი ტანკს ზემოდან ეცემა, მაშინ რაკეტა ცოტა ხანი სიმაღლეს ინარჩუნებს და მხოლოდ შემდეგ ეშვება სამიზნისკენ. ამ "სტაგნაციის" პერიოდში ხომალდი კამერების და სენსორების გამოყენებით, ადარებს თავდაპირველ ლოკაციას (რომელიც ჯარისკაცმა მიუთითა) იმას რასაც "ხედავს", შემდგომ კი ირჩევს ოპტიმალურ ტრაექტორიას.
უნდა აღნიშნოს, რომ ჯაველინები არც ისე დიდი ხნის წინ საქართველომაც შეიძინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო შენაძენია საქართველოს ისტორიაში. უკრაინაში ჯაველინები და NLAW-ები რუსულ ტანკებს უპრობლემოდ ანადგურებენ და ომის მსვლელობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მეცნიერება და თავდაცვა
თანამედროვე ტექნოლოგიური გარღვევები როგორიცაა კოსმოსური მოგზაურობა, მასობრივი კომუნიკაცია, მიკროჩიპები და ა.შ, ძირითადად სამხედრო კვლევების შედეგად მოხდა. ერთობ დამთრგუნველია, რომ ომის შიში ან სურვილი მასობრივი ტექნოლოგიების განვითარებას უდევს საფუძვლად.
ეს შეუქცევადი პროცესია, რომელმაც კაცობრიობას საკუთარი მოდგმის განადგურების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, კაცობრიობას შეუძლია განსაზღვროს ვის ხელში აღმოჩნდება მომაკვდინებელი იარაღები. 2022 წელს დასავლური მართვადი ტექნოლოგიებს დამპყრობელი ძალის წინააღმდეგ იყენებენ, რაც სრულიად გამართლებულია, თუმცა სამწუხაროდ მსგავსი იარაღები ზოგადად "ისტორიის სწორ მხარეს" იშვიათად არიან.
კომენტარები