6-დღიანი ტყვეობა საკუთარ ქალაქში და ოკუპანტების მოთხოვნები, რომელიც მელიტოპოლის მერმა არ შეასრულა
ტყვეობიდან გათავისუფლებულმა მელიტოპოლის მერმა უკვე მოასწრო ხალხისთვის ვიდეომიმართვის ჩაწერა, კიევში ჩასვლა, პრეზიდენტის ჯილდოს მიღება და მედიებთან კომუნიკაცია. არადა, ახალგათავისუფლებულმა პრეზიდენტს სთხოვა 2 დღით დავისვენებ, ძალებს აღვიდგენ და გავაგრძელებ მსახურებასო. როგორც ჩანს, ზელენსკის რჩევისამებრ დასვენება გადაიფიქრა და აქტიურად დაიწყო რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა — ისაუბრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ტყვეობაში და როგორ ვერ მოერევა კრემლის ნარატივები მელიტოპოლის მოსახლეობასა და მთელ უკრაინას.
6-დღიანი ტყვეობა
ნასტაიაშაია ვრემიასთან ინტერვიუში ივან ფედეროვმა ისაუბრა იმაზე, თუ სად იყო დატყვევებული და რა ხდებოდა ამ 6 დღის განმავლობაში. მისი თქმით, ქალაქიდან არ გაუყვანიათ და არა ლუგანსკის ტერიტორიაზე, არამედ საკუთარ ქალაქში, დროებითი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ.
"ტყვეობაში ყველაფერი საკმაოდ რთული იყო, რთული ემოციურად. მე მელიტოპოლში ვიყავი, წინასწარი დაკავების იზოლატორში. როცა ჩემგან რაღაცის მიღება სურდათ და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თავზე 6-7 შეიარაღებული ჯარისკაცი მადგა. ხელით არ შემხებიან, მაგრამ ამდენი შეიარაღებული ადამიანის დგომა საკმარისია იმისთვის, რომ გასაგებად მიიტანო შენი პოზიცია.
გვერდით კამერაში ვიღაცას აწამებდნენ და ისმოდა ყვირილის ხმები, რომელიც ფსიქოლოგიურად იმდენად რთულია, რომ ეს ნამდვილად შეიძლება შევადაროთ ზეწოლას", — განაცხადა მან.
კითხვაზე, რატომ არ სცემდნენ მას და არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ამბავი ფართოდ გავრცელდა, ფედოროვი ასე პასუხობს:
"დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამის შედეგია. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თავისუფალ პრესას, რომელიც ობიექტურად აშუქებდა ამ ინფორმაციას, პოლიტიკოსებს, რომლებმაც ეს უმაღლეს საერთაშორისო დონეზე მიიტანეს".
თუმცა, აღმოჩნდა, რომ სხვა დაკავებულებს ოკუპანტები გაცილებით ცუდად ექცევიან. მერის თქმით, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ხშირად აბრალებდნენ დივერსანტობას და დაკითხვისას აწამებდნენ.
"პოლიციის განყოფილებაში კამერებში არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოდიან აქციებზე და აპროტესტებენ. [ოკუპანტები] ცდილობენ სათითაოდ "გააგებინონ", რატომ არ უნდა გამოვიდნენ აქციებზე.
მიჰყავთ ისინიც, ვინც დივერსანტები ჰგონიათ — ხალხი, რომელიც საღამოს საათებში დააკავეს ქალაქში და ვისაც დივერსიებს აბრალებენ. კარებში აყოლებენ თითებს, რომ თქვან რომელ დანაყოფში მსახურობენ, არადა ეს მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლები არიან. იქ სულ სხვადასხვა ხალხია და ასე ცდილობენ რუსები დაამყარონ თავიანთი პოლიციური სახელმწიფოს წესრიგი ჩვენს, დემოკრატიულ, უკრაინულ მელიტოპილში", — აცხადებს ის.
რას ითხოვდნენ რუსები და როგორ "ასრულებდა" ფედოროვი
მერი ამბობს, რომ ოკუპანტები ითხოვდნენ მათთან თანამშრომლობას, სასურველი მერის მოადგილეების დანიშვნას და საჭირო ბრძანებების გაცემას. მისი თქმით, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ რუსებს წარმოდგენა არ აქვთ უკრაინულ კანონებზე და ხელი მოუწერა დოკუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
"უნდოდათ დამეწერა განცხადება გადადგომაზე, უნდოდათ მიეღოთ დოკუმენტები მოადგილეების დანიშვნაზე, მაგრამ ეს ხალხი აბსოლუტურად გაუნათლებელია და არ ესმით უკრაინის კანონმდებლობა. მათ არ იციან, რომ მერს საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლა არ შეუძლია და გადადგომა ქალაქის საბჭოს დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ. არ ესმით, რომ მერს არ შეუძლია შემცვლელის დანიშვნა და ამას ხმა უნდა მისცენ დეპუტატებმა. ამიტომ თავდაპირველად ეს უნდოდათ.
შემდეგ მოისურვეს, რომ მიმეცა ბრძანება გუნდისთვის, გაეგრძელებინათ მუშაობა რუსეთის დროშის ქვეშ და გაურკვეველ მოვალეობის შემსრულებელთან ერთად. უნდოდათ, მიმეცა ბრძანება კომუნალური დაწესებულებებისთვის გაეგრძელებინათ მუშაობა. აი, ასეთი დავალებები ჰქონდათ, რომ მე დაკავებული ვყოფილიყავი და ქალაქს ჩვეულებრივად ეცხოვრა, მაგრამ ასე არ იქნება", — განაცხადა მან.
ჩაშლილი გაცვლა: "მითხრეს, რომ ჩემ ქვეყანას ჩემი წაყვანა არ სურს"
ფედოროვი ამბობს, რომ მისი გაცვლა რუს ტყვეებში 2-ჯერ სცადეს, თუმცა პირველი უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, 7 საათი ტომარაჩამოცმული ატარეს, რის შემდეგაც უთხრეს, თითქოს უკრაინის ხელისუფლებას მისი დაბრუნება არ სურდა.
"გაცვლისას საკმაოდ ვინერვიულე, რადგან მეორე მცდელობა იყო. პირველი უშედეგო გამოდგა — ორშაბათს გაიმართა, 7 საათზე მეტი მატარეს მანქანით, რის შემდეგაც თქვეს, რომ გაცვლა არ შედგება და კამერაში დამაბრუნეს. მიზეზად რუსმა სამხედროებმა ის მითხრეს, რომ ჩემ ქვეყანას ჩემი წაყვანა არ სურს. დამიჯერეთ, ეს საკმაოდ რთული გამოცდაა, როცა შვიდი საათის განმავლობაში დაჰყავხარ თავზე ჩანთით, ვერ ხვდები სად და იმ ადამიანებს, ვისაც მიყავხარ, საერთოდ არ ენდობი.
ამის შემდეგ დღე-ნახევარზე მეტი ვიყავი კამერაში და იყო გაცვლის მეორე მცდელობა, რომელიც ასევე რთული იყო, რადგან სიბნელეში მიმდინარეობდა. თავდაპირველად დანიშნული იყო 17:30-ზე, მაგრამ იყო შეფერხებები, დროის გაწელვის მცდელობები და რეალურად შედგა 18:40-ზე, როცა უკვე ბნელოდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერადაც არ გამოვიდოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, შედგა და მე 9 რუს ჯარისკაცში გამცვალეს. ასაკის გამო მათ ვერ ვუწოდებ ბავშვებს, უფრო ახალგაზრდებს, რომლებიც 18-19 წლის არიან — ეს ის ხალხია, რომელიც ჩემი ხალხის მოსაკლავად მოვიდა ჩემს ქვეყანაში. აი, ასე შედგა მეორე გაცვლა", — აცხადებს ის.
"შემცვლელი" და რუსული პროპაგანდა
ჟურნალისტმა მერს ჰკითხა მის ე.წ. შემცვლელზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დანიშნეს, რაზეც ფედოროვმა თქვა, რომ გალინა დალინჩენკომ ამ გადაწყვეტილებით ხელი მოაწერა სასიკვდილო განაჩენს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ მელიტოპოლში უკრაინული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი აღდგება და ის ვერ აარიდებს თავს სისხლის სამართლის დევნას და ამას თავი რომ აარიდოს, რუსი სპეცსამსახურები მოკლავენ. ის ამას ხვდება, მაგრამ ეშინია დღეს აღიარება. ამიტომ ასე ვაფასებ მის გადაწყვეტილებას, ეს თვითმკვლელობაა".
ჟურნალისტმა ჰკითხა ფედოროვს რა განწყობებია ქალაქში და ვის უფრო უჭერენ მხარს, რუსეთს თუ უკრაინას. მანვე აღნიშნა, რომ ახლა ადგილობრივ დონეზე სატელევიზიო ანძებს რუსეთი აკონტროლებს და შესაძლოა ამან განწყობაზე გავლენა მოახდინოს.
"რა თქმა უნდა, ტელევიზორი, პროპაგანდა მოქმედებს განწყობებზე. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელმა საზოგადოება 8 წელში, 2014 წლიდან შეიცვალა, შეიცვალა რადიკალურად, რისთვისაც რუსეთის ფედერაცია მზად იყო. ისინი ელოდნენ, რომ ახლა ისეთივე განწყობებია და პრიმორსკში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში შეხვდებიან ისე, როგორც დონეცკში 2014. მაგრამ ხალხი ძალიან შეიცვალა და ხედავენ, წინააღმდეგობას, რომელიც მაშინ არ იყო. ხალხი გამოდის მიტინგებზე. ამიტომ ვერც კვირაში, ვერც თვეში ხალხს ტვინს ვერ გამოურეცხავენ, მათ შორის, ვერც მელიტოპოლის მაცხოვრებლებს", — განაცხადა მან.
ფედოროვი კიევიდან ზაპოროჟიეს ოლქში მიდის, სადაც პრეზიდენტის მითითებები უნდა შეასრულოს. მისი თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედება, რომ ქალაქში უკრაინული დროშა აფრიალდეს.
კომენტარები